15:38:15     30-06-2014
„ეს არის სისულელე“ - რატომ ჩაცხრილეს 24 წლის ნიკა ნატროშვილი? (დეტალები)
კიკეთში 22 ივნისს დაჭრილი 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. მძიმე ოპერაციის შემდეგ ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შს სამინისტრომ 24 წლის ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე ორი პირი - ნატროშვილის მეგობრები: პაატა გოშაძე და თეიმურაზ აფციაური დააკავა.
გამოძიების ვერსიით, პაატა გოშაძემ სოფელ კიკეთში, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, 1990 წელს დაბადებულ ნიკოლოზ ნატროშვილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
პაატა გოშაძე თანმხლებ თეიმურაზ აფციაურთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აფციაურს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თეიმურაზ აფციაური მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს, ხოლო პაატა გოშაძე მომხდარიდან რამდენიმე დღეში პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.
გამოძიება პაატა გოშაძის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით), ხოლო თეიმურაზ აფციაურის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).
ნიკუშა ნატროშვილი და თემურ აფციაური ბავშვობის მეგობრები არიან, ისინი კერძო სკოლა „ჯეჯილში“ ერთად სწავლობდნენ.
24 წლის ნიკუშა ნატროშვილს და მის მეუღლეს მარიამ ბეჟიაშვილს სამი წლის გოგონა ჰყავთ.
ეჭვმიტანილების დაკავების მიუხედავად, ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია რატომ გაიმეტეს 24 წლის ბიჭი. ნატროშვილს 25 ტყვია ესროლეს, რომელთაგანაც 11 ტყვია მოხვდა.
პაციენტის გადასარჩენად ექიმებმა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს. თუმცა, ჯერ კატეგორიულად ვერ ამბობენ - გადარჩება თუ არა, ნიკა ნატროშვილი. მან ბევრი სისხლი დაკარგა.
მედიაში მომხდარიდან მალევე გაჩნდა ვერსია, რომ დანაშაული სასიყვარულო რომანს უკავშირდებოდა. თუმცა, დაჭრილის ოჯახის წევრები ამ ფაქტს არ ადასტურებენ.
მეტიც, „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, დაჭრილის ცოლისდა კატეგორიულად გამორიცხავს იმას რომ ნიკუშა ნატროშვილი გოგოს გამო ჩაცხრილეს.
„პრესა.ჯი“: როგორია ნიკუშა ნატროშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ლალი ბეჟიაშვილი (ნატროშვილის ცოლისდა): მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
- როგორია ექიმების პროგნოზი?
- სტაბილურად მძიმედ არისო, მეტი რა უნდა თქვან? არაფერი...
- რა ინფორმაციას ფლობს ოჯახი, რას უკავშირდება მომხდარი ფაქტი?
- ჩადენილი დანაშაულისთვის 2 ადამიანია დაკავებული. მოხდა მათ შორის შელაპარაკება...
- გავრცელებული ინფორმაციით, ნატროშვილი გოგოს გამო დაჭრეს...
- ეს არის სრული სისულელე...
- რა შეიძლება გამხდარიყო მომხდარის მოტივი...
- ვერაფერს გეტყვით“...
0