07:57:05     16-06-2014
საზამთრო თუ ნესვი?!
საზამთრო - ერთწლიანი სითბოსმოყვარული, ხვიარა მცენარეა, რომელიც სიგრძით 5
მეტრამდე იზრდება. საზამთროს სამშობლოდ სამხრეთ აფრიკა მიიჩნევა, სადაც
კალახარის უდაბნოს მიდამოებში იზრდება, როგორც ველური მცენარე. საზამთრომ
მიაღწია ეგვიპტის საზღვრებსაც. ფარაონებს, მათივე ანდერძის თანახმად,
სიკვდილის მერე განსასვენებელში საზამთროს ატანდნენ "იმ ქვეყნად პირის
ჩასაკოკლოზინებლად".
ეგვიპტიდან კი ესტაფეტა ებრაელებმა მიიღეს და საზამთროს კულტურა მეტად
პოპულარული გახდა. ისრაელში დღემდე შემორჩა საზამთროსა და მარილიანი ყველის
ერთად დაგემოვნების ტრადიცია. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში
რომაელებმა დაიწყეს ამ ბაღჩეული კულტურის ფართოდ გამოყენება როგორც ახალი,
ასევე დამარილებული სახით. მისგან მზადდებოდა ცუკატები, წვენის გადადუღების
შედეგად კი ხარშავდნენ საზამთროს თაფლსა და ბადაგს.
VIII
საუკუნეში ამ "ზოლიანმა, გიგანტურმა კენკრამ” აზიაც დაიპყრო, XIII
საუკუნიდან კი ევროპაშიც შეაღწია. სავარაუდოა, რომ საზამთრო საქართველოში
სწორედ აზიიდან შემოვიდა. ამაზე მიანიშნებს მისი კუთხური, კერძოდ კი კახური
სახელწოდება “ყარფუზი” რომელიც სპარსული წარმოშობისაა. რაც შეეხება
უშუალოდ სახელწოდებას “საზამთრო”, ერთ-ერთი ვერსიით მას უწოდებენ იმის
გამო, რომ საზამთროს შენახვა ზამთრამდეც შეიძლებოდა. როგორც ცნობილია,
საზამთროს რბილობი 80-95% სითხისგან შედგება და აქედან გამომდინარე ძლიერ
შარდმდენ საშუალებას წარმოადგენს. იგი უნიკალური საშუალებაა ინტოქსიკაციის
დროს, ამასთანავე, მდიდარია A, C, B, PP ვიტამინებით, შეიცავს ფრუქტოზას,
ეთეროვან ზეთებს, ვაშლმჟავასა და ტუტოვან ნივთიერებებს. საზამთროს თესლში
35% ცხიმია. ყოველივე ამის გამო საზამთრო რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის,
გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების დაავადებების დროს. საზამთრო ერთადერთი
პროდუქტია, რომელიც რკინის რაოდენობით სალათის ფოთლებსა და ისპანახს არ
ჩამორჩება.
საზამთროს სიმწიფის დასადგენად უამრავი ხალხური მეთოდი არსებობს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ამისი ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია, ვინაიდან არ არსებობს სიმწიფის დადგენის კრიტერიუმი.
ნესვი
- მეორე ბაღჩეული კულტურა, რომელიც საზამთროს პოპულარობით ტოლს არ უდებს,
ნესვი გახლავთ. მისი სამშობლოა შუა და მცირე აზია. ნესვის ცნობილი
სახეობებია გველისმაგვარი, ჩინური და დეკორატიული, რომელიც ჩვენში
დასტამბოს სახელითაა ცნობილი.
ნესვს ერთი უცნაური ლეგენდა
უკავშირდება: საფრანგეთის მეფე ჰენრიხ მეექვსემ ნესვი მიირთვა და შეუძლოდ
შეიქნა. შეშინებულმა კარის ექიმმა ყველაფერი ნესვს მიაწერა და საბოლოოდ
უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს – მეფის შეურაცხყოფის ბრალდებით
დაადანაშაულეს არც მეტი, არც ნაკლები, ნესვი.
დღეს ამ მცენარის
შესახებ მსოფლიოს ყველა კუთხეში იციან. საზამთროს მსგავსად, იგიც 90%
წყალსა და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ფართოდაა გავრცელებული
საქართველოში. შუააზიური კულტურის გავლენით მისგან ჩვენში ჩირსაც
ამზადებენ. ხარშავენ მურაბასა და ხილფაფასაც, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც
ნედლად გამოიყენებენ.
ცნობილია ნესვის თესლის სასარგებლო თვისებების
შესახებაც, იგი შეიცავს თუთიას და თმისა და კანის მოვლის საუკეთესო
საშუალებად მიიჩნევა. ევროპის მრავალ ქვეყანაში პოპულარულია ორგანიზმის
გაწმენდის ბლიცთერაპია ნატურალური წვენების საშუალებით. აქ განსაკუთრებული
ადგილი უკავია ნესვს, ვინაიდან, უფრო მალე შეეთვისება ორგანიზმს, ვიდრე
კენკრისა და სხვა ხილის წვენი. შაქრის მაღალი შემცველობის გამო ნესვის ჭამა
ეკრძალებათ დიაბეტით დაავადებულთ. მრავალფეროვანია ნესვის გამოყენების
არეალიც: იტალიელები ნესვით ამზადებენ ცნობილ მელონე პროსკუტოს. იგი
მზადდება ნესვითა და პარმული ლორით. აზიის ქვეყნებში გავრცელებულია
მოხალული ნესვის თესლი. საქართველოში გოგრის მსგავსად ნესვსაც მარილით ან
აჯიკით მიირთმევენ. ბარბარე ჯორჯაძეს თავის წიგნში აღწერილი აქვს ნესვის
ჟელეს რეცეპტი, რომლის შემადგენლობაშიც სხვა ინგრედიენტებთან ერთად
კვერცხის ცილა და თეთრი ღვინოც შედის.
gemrielia.ge
0