02:57:38     12-06-2014
"ხშირად ვიხსენებ ერთ კადრს: პაპა ოთახში მარტო იჯდა, მღეროდა და თან ცრემლები ჩამოსდიოდა"
ქართული ხალხური
სიმღერების ლეგენდარული შემსრულებელი, ილია ზაქაიძე, სცენაზე რომ გადიოდა
და მღერას იწყებდა, მთელი დარბაზი ტიროდა. ყველამ იცოდა მისი ტრაგედიის
შესახებ – სამი შვილი ერთმანეთის მიყოლებით მიაბარა მიწას. ფეხზე დგომის
ძალას სიმღერა აძლევდა, რომელსაც შეუდარებელი ოსტატობით ასრულებდა, როგორც
თავად ამბობდა, აჩუქურთმებდა. მისი შესრულებული "ჩაკრულო" ამერიკის
კოსმოსური კვლევების ნაციონალურმა სამმართველომ ნასა–მ იმდენად უნიკალურ
მოვლენად მიიჩნია, რომ სხვა მსოფლიო შედევრებთან ერთად კოსმოსში გაუშვა.
"ტაშის გრიალში სცენაზე ერთმანეთს ცვლიან სოლისტები, მხატვრული კითხვის
ოსტატები... აუდიტორია სულგანაბული უსმენდა სასიამოვნო ტემბრის ხმით
ფანდურზე დამღერებულ "გაფრინდი, შავო მერცხალო"–ს. იმ საღამოს კონცერტის
მონაწილეთაგან ორ სოლისტს ხვდა განსაკუთრებით დიდი წარმატება – ტაშის
გრიალში გაამეორებინეს სიმღერები. მათ შორის ერთი ილია ზაქაიძე იყო. ჟიურიმ
მის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა. ეს იყო 1946 წლის გაზაფხულზე.
მაშინ ილია ზაქაიძე საბჭოთა არმიის მეომარი იყო", – წერდა საბჭოთა პრესა.
სწორედ აქედან დაიწყო სახალხო მომღერლის ილია ზაქაიძის მუსიკალური
აღმასვლა. იმავე წელს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო
ანსამბლის წევრი გახდა და მას მერე 50 წელი სცენაზე გაატარა. სახალხო
არტისტმა თავისი ფანდურით მსოფლიო შემოიარა.
ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების დრამატულ ისტორიას "სარკესთან" მისი შვილიშვილი ეკა გარადინსკი იხსენებს.
სიმღერების მეჩუქურთმე
ეკა გარადინსკი, ილია ზაქაიძის შვილიშვილი:
– პაპაჩემი, ილია ზაქაიძე, დუშეთის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. ერთი და
ჰყავდა. მამამისი თეთრგვარდიელი იყო. პაპა კომუნისტებს ვერ იტანდა. როგორც
იხსენებდა, მეოთხე კლასში რომ იყო, მის სკოლაში ბავშვთა ანსამბლი
ჩამოყალიბდა და იქ შეიყვანეს. მათთან ერთად ყველა ღონისძიებაზე გამოდიოდა.
შემდეგ ჯარში წავიდა. იქიდან რომ დაბრუნდა, დუშეთში ფოლკლორული ანსამბლი
შეიქმნა და მისი წევრი გახდა. ოლიმპიადებსა და კონცერტებზე ხშირად
გამოდიოდა.
1951 წელს თბილისში მე–7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდა.
შეასრულა სიმღერა "ბალადა ვეფხისა და მოყმისა". სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა
საყოველთაო აღიარება. ამის შემდეგ სოლო კარიერა დაიწყო. რამდენიმე წლის
მერე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო
ხელმძღვანელმა ვალერიან ცაგარეიშვილმა სოლისტად მიიწვია. ანსამბლში 50 წელი
მღეროდა. ილია განთქმული იყო, როგორც ქართლ–კახური სიმღერების გამორჩეული
შემსრულებელი. გურული სიმღერები არ ეხერხებოდა და ამაზე ჯემალ ჭკუასელი ბევრს ხუმრობდა ხოლმე.
პაპას მუსიკალური განათლება არ ჰქონდა მიღებული, ნოტებიც კი არ იცოდა.
მისი კოლეგები იხსენებდნენ, სიმღერის შესრულებას ვერ ვასწავლიდითო.
შესრულების თავისებური ტექნიკა ჰქონდა და ისე მღეროდა, როგორც მისი ხმა
მოითხოვდა. ილია ამბობდა, სიმღერა შენით უნდა შექმნა, მოაჩუქურთმო და შენი
რაღაც უნდა შეჰმატოო.
1977 წელს ნასა–მ კოსმოსში გაუშვა სიმღერა "ჩაკრულო", რომელიც პაპამ და
როსტომ საგინაშვილმა შეასრულეს. მაშინ სახელმწიფო ანსამბლი ამერიკის
შეერთებულ შტატებში გასტროლებზე იყო წასული. ამ დროს ამერიკაში ადგენდნენ
სიას, რომელი მუსიკალური შედევრები გაეშვათ კოსმოსში. ქართველების კონცერტს
ნასა–ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ჩაკრულო" ძალიან მოეწონათ და
გადაწყვიტეს, სხვა მსოფლიო შედევრებთან ერთად ისიც გაეშვათ კოსმოსში.
პაპა ფილმშიც გადაიღეს. "ხევისბერ გოჩაში" ქორწილის სცენაში რომ მღერიან,
სწორედ ის მღერის სიმღერას "კარკუჩით ჩამაიყვანეს ქალი ლამაზი...". როგორც ანზორ ერქომაიშვილი ამბობს, რეზო ლაღიძემ ეს სიმღერა სწორედ ილიასთვის დაწერა.
ოჯახური ტრაგედია
– ილიას მეუღლე, რუიზან ჭიკაიძე, ასევე დუშეთში ცხოვრობდა. ისინი
კლასელები იყვნენ და ერთმანეთთან დიდი მეგობრობა და სიყვარული
აკავშირებდათ. მისაბაძი და შეხმატკბილებული ცოლ–ქმარი იყვნენ. მიუხედავად
იმისა, რომ ყოველ წუთს რაღაცაზე კამათობდნენ, ესეც ძალიან ლამაზად
გამოსდიოდათ. სამი შვილი ჰყავდათ – რუდილია, გია და ნანი. სამწუხაროდ,
სამივეს გარდაცვალებას მოესწრნენ. ბიძაჩემი 26 წლის ასაკში ავტოავარიაში
დაიღუპა. რამდენიმე კვირის შერთული ჰყავდა ცოლი. 2 ნოემბერს ჰქონდა
დაბადების დღე, 11 ნოემბერს ჯვარი დაიწერა და 28 ნოემბერს დაიღუპა.
ჯვრისწერაზე მორთმეული ყვავილები მის გასვენებაში ეწყო. მაშინ 10 წლის
ვიყავი. მახსოვს, დაბეჭდილი ფოტოები ქორწინების სახლიდან ზუსტად გასვენების
დღეს მოვიდა... ერთი სიტყვით, პაპაჩემისთვის და ბებიაჩემისთვის ეს იყო
საშინელი ტრაგედია.
ამ უბედურებიდან 10 წლის მერე დედაჩემი, რუდილია, გარდაიცვალა
ავადმყოფობით, მერე დეიდაჩემს დაემართა ინსულტი და ისიც წავიდა
ამქვეყნიდან. დეიდა გათხოვილი არ იყო. სამი შვილი დაკარგეს, ოჯახისთვის
ამაზე დიდი ტრაგედია რაღა უნდა ყოფილიყო!
სიმღერით გადარჩენილი
– ვაჟის გარდაცვალების შემდეგ პაპა რამდენიმე ხანი არ მღეროდა, დეპრესიაში
იყო. მახსოვს, ანსამბლის წევრები სახლში აკითხავდნენ, ამხნევებდნენ და
მერე გაიყვანეს კიდეც. ასე ნელ–ნელა ამოძრავდა და სიმღერაც განაგრძო. რომ
არა საყვარელი საქმე, ალბათ ცხოვრების გაგრძელება ძალიან გაუჭირდებოდა.
ძნელი იყო იმ ფაქტთან შეგუება, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავდა გვერდით.
გადატანილი ტრაგედიების შემდეგ პაპა და ბებია ერთმანეთს გვერდით ედგნენ და
ამხნევებდნენ. ბებია საშინელ მდგომარეობაში იყო. ქმარს სიმღერას უშლიდა,
მაგრამ პაპას ამის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. როცა ბებო მიხვდა, რომ მისი
მეუღლე ამით დარდს იქარვებდა, სიმღერა აღარ დაუშლია. ერთი პერიოდი პაპა
ჩუმად მღეროდა. სიმღერას ისე დაიწყებდა, რომ არავის გაეგო, მაგრამ მერე
ბუნებრივად ამოსდიოდა ხმა და ხმამაღლა იწყებდა მღერას.
ფესვები
– მას მერე, რაც სახელმწიფო ანსამბლში დაიწყო სიმღერა, თბილისში გადმოვიდა
საცხოვრებლად. დიდუბეში ცხოვრობდა, მაგრამ დუშეთშიც ხშირად დადიოდა.
იქაურობას უპატრონოდ არასდროს ტოვებდა. დეიდაჩემიც რომ გარდაიცვალა, ბებია
და პაპა მარტო დარჩნენ. ძალიან გამწარებულები იყვნენ და თბილისში სახლი
გაყიდეს. ბოლო წლები დუშეთში გაატარა, უკვე პენსიაში იყო გასული.
ადგილობრივ სკოლაში ასწავლიდა. ცალკე მოსწავლეებიც ჰყავდა და ბევრ
ახალგაზრდას შეასწავლა ქართული ფოლკლორი. მის აღზრდილ მომღერლებს შორის იყო
ალუდა ქეთელაური,
რომელიც 2013 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. დუშეთში ილია ყოველთვის დაფასებული
კაცი იყო. იქაურებს ძალიან უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ.
წელს ილია ზაქაიძის დაბადებიდან 90 წლისთავი სრულდება. ზაფხულში,
ბაზალეთის ტბაზე, დავით ქაფიაშვილი დოღს ატარებს და გვითხრეს, რომ პაპას
სახელობის იქნება. დუშეთში ჩვენს სახლთან მემორიალური დაფა გახსნეს,
კულტურის სახლს კი ილია ზაქაიძის სახელი უწოდეს.
პატარა ბოსტანი ჰქონდა და მთელი სულით და გულით უვლიდა. მებაღეობა მისი
ჰობი იყო. ოღონდაც თავისი პომიდვრებისთვის მიეხედა და მეტი არაფერი
აინტერესებდა. "ერისიონში" პაპამ მიმიყვანა და 18 წელი ვიცეკვე. იქ მასზე
სახალისო ისტორიებს ხშირად ყვებოდნენ.
ერთხელ ანსამბლი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლებზე მიდიოდა. დიდი
სამზადისი ჰქონდათ. პაპა მივიდოდა რეპეტიციაზე, იმღერებდა და მერე დუშეთში,
თავის ბოსტანში გარბოდა. კოლეგები რომ ეტყოდნენ, კაცო, სად გარბიხარო,
პაპა პასუხობდა, რა დროს ამერიკაა, პომიდვრები მაქვს მოსავლელიო.
ერთხელ დუშეთში ამერიკელი სტუმრები ჰყავდა. რომ დაათვალიერეს იქაურობა,
ბოსტნით განსაკუთრებით მოიხიბლნენ. ლამაზი ვაშლის ხეები ედგა. გაოცებულმა
ამერიკელებმა იკითხეს, ეს ვაშლები ნამდვილია თუ არაო. პაპას გულიანად
გაეცინა და თქვა, აბა, ამათ რა უნდა ელაპარაკოო.
ერთხელ დუშეთში პაპას 60 წლის იუბილე აღინიშნა. ჯემალ ჭკუასელიც უნდა
ჩასულიყო და ამის გამო ილიამ მას სახლში დაურეკა. ყურმილი ქალმა აიღო.
ჰკითხა, შენ ვინ ხარო. ქალმა უთხრა, ლუიზა ვარ, ჯემალის რძალიო. პაპამ
ჰკითხა, უფრო შინაური სახლში ვინ არისო. თან ეს დუშურ კილოზე უთხრა და ხომ
წარმოგიდგენიათ, ქალბატონ ლუიზას როგორ გაეცინებოდა. ამ ამბავს ჯემალ ჭკუასელი ხშირად იგონებს.
კოლეგები იმასაც ხშირად იხსენებენ, რომ ძალიან მოწესრიგებული კაცი იყო.
რეპეტიციაზე არასდროს აგვიანებდა. დუშეთიდანაც კი დროულად მოდიოდა.
კონცერტის წინ განსაკუთრებით ემზადებოდა, საჭმელსაც კი არ ჭამდა.
იკო პაპა
– არაჩვეულებრივი პაპა იყო და დღემდე მის მადლს ვგრძნობ. ძალიან თბილი
კაცი იყო. მოფერებით იკოს ვეძახდით. იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა.
ბებიასთან და პაპასთან ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა მქონდა. დედის
გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ხანში მამაც გარდამეცვალა. მე და ჩემს ძმას
პაპა–ბებია გვპატრონობდნენ. პაპა სადაც უნდა ყოფილიყო, გვერდით თავისი
საყვარელი ფანდური ედო. მისი სიმღერა ჩვენთვის უკვე ძალიან ჩვეულებრივი
ამბავი იყო. ამიტომ მე და ჩემი ძმა პატარები რომ ვიყავით, ვეუბნებოდით,
გეხვეწები, აღარ დაუკარ–თქო. ახლა ჩვენს საქციელზე ძალიან მეცინება. მაშინ
ვერ ვხვდებოდით, როგორი ნიჭიერი ადამიანი იყო, მისი სიმღერა მობეზრებული
გვქონდა. როცა წამოვიზარდეთ, მივხვდით და დავაფასეთ მისი ნიჭიც და
შესაძლებლობაც.
ისე მოხდა, რომ პაპას გვარის გამგრძელებელი არ დარჩა და ამაზე ძალიან
წუხდა. მართალია, ჩემი ძმა მისი მოსახელეა, მაგრამ უნდოდა, რომ გვარიც მისი
ჰქონოდა. თავიდან ამის გამო მამაჩემმა და პაპამ იკამათეს კიდეც. ბოლოს
მამა როგორღაც დაითანხმა და ასე გადაიყვანა ჩემი ძმა ზაქაიძის გვარზე. ჩემი
ძმა, ილია, 5 წლით უმცროსია ჩემზე. ამჟამად ის ცოლთან და ორ ბიჭთან ერთად
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
მე მეუღლე და ერთი ქალიშვილი, რუსუდანი, მყავს. სიმღერის ნიჭი არ
გამომყოლია, მაგრამ ჩემი შვილი პატარაობაში მღეროდა. პაპაჩემმა 3 წლის
რუსუდანს სიმღერა ასწავლა და დუეტში მღეროდნენ ხოლმე. გული მწყდება, რომ ამ
ყველაფერს ვიდეოფირზე არ ვიღებდი. რატომღაც ამას დიდ ყურადღებას არ
ვაქცევდით. ახლა ვხვდები მის მნიშვნელობას და ვნანობ, რომ არ გადავიღე.
თურმე ადამიანმა ყოველი წუთი უნდა დააფასოს.
ობლების პატრონი
– მთელი ბავშვობა პაპას ან სადმე ვაცილებდით, ან ვხვდებოდით. ის სულ
გასტროლებზე დადიოდა, ჩვენ კი მის ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდით. მე და
ჩემმა ძმამ ვიცოდით, რომ უსაჩუქროდ არ დაგვტოვებდა. ყველაზე მეტად საღეჭი
რეზინები გვიყვარდა და რომ მოგვიტანდა, ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო. წლების
შემდეგ, როცა მეც "ერისიონში" ვცეკვავდი, მე და პაპას გასტროლებზე ერთადაც
გვიწევდა წასვლა. პირველი საერთო გასტროლი მოსკოვში გვქონდა. ისე
მპატრონობდა, რომ გასაქანს არ მაძლევდა. სად წავიდოდი და ვისთან ერთად,
მკაცრად აკონტროლებდა. თბილისში რომ ვიყავით, მაშინაც ასე იყო. მართალია,
შვილიშვილებთან ძალიან მოსიყვარულე იყო, მაგრამ, რადგან მე და ჩემი ძმა
ობლები ვიყავით, ჩვენ მიმართ გაასმაგებულ მზრუნველობას იჩენდა. დედა რომ
დამეღუპა, 20 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი – 16–ის. ეს ის პერიოდია, როცა
ახალგაზრდას ყველაზე მეტად სჭირდება მშობლის სითბო.
პლეხანოვზე ვცხოვრობდით. როცა მამა მივლინებაში იყო, მე და ჩემი ძმა მარტო
ვრჩებოდით. პაპა ყოველ დილას დუშეთიდან რომ ჩამოვიდოდა, რეპეტიციაზე
წასვლამდე ჩვენთან შემოივლიდა ხოლმე. საჭმელს მოგვიტანდა, დაგვხედავდა. ამ
დროს ჩვენ გვეძინა და კარზე ბრახუნს ვერ ვიგებდით. მერე როგორღაც
გაგვეღვიძებოდა და გავხედავდით. გვეტყოდა: "უი, შვილო, გეძინათ? კარგი,
აღარ შეგაწუხებთ" და წავიდოდა. ჩვენ ძალიან ვბრაზდებოდით, რატომ
გაგვაღვიძა–თქო. მახსოვს, ერთხელ ჩემმა ძმამ კარზე დაწერა: "პაპა, სახლში
ვართ, გვძინავს და კარგად ვართ!". შაბათ–კვირას უკვე ჩვენ ვაკითხავდით
დუშეთში.
სიცოცხლის ბოლო წლებში, როცა პაპას სიარული უჭირდა, მის სანახავად ხშირად
ჩავდიოდით. ხუთი–ექვსი წელია, აღარც პაპაა ცოცხალი და აღარც ბებო, მაგრამ
შაბათ–კვირას დუშეთში მათ სახლში მაინც მივდივარ. იქ ჩასვლა ჩემი ცხოვრების
განუყოფელ ნაწილად იქცა.
ცრემლიანი სიმღერები
– პაპა ბოლო წუთამდე საყვარელ საქმეში იყო ჩაფლული. თავის მოსწავლეებთან
ერთად უკრავდა და მღეროდა. ავად რომ გახდა, ანზორ ერქომაიშვილმა მოაგვარა
ყველაფერი. საავადმყოფოში რომ იწვა, ოჯახის წევრები საერთოდ არაფერზე
შევწუხებულვართ. ამის მერე დაახლოებით ერთი წელი იცოცხლა. კიდევ ერთ წელში
ბებოც წავიდა ამქვეყნიდან. საოცარი ის იყო, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ
შვილები აღარ ახსოვდა. მანამდე ხომ შვილებს მისტიროდა, ბოლო ერთი წელი კი
სულ პაპას ახსენებდა და წავიდა კიდეც მასთან...
პაპას გარდაცვალებამდე, ბოლო წლებში, დუშეთში რომ ჩავიდოდი, ერთ კადრს
ხშირად ვხედავდი: ოთახში მარტო იჯდა, ფანდურზე უკრავდა, მღეროდა და თან
ცრემლები ჩამოსდიოდა.
მაინც ძლიერი ადამიანი იყო, ამდენი უბედურების შემდეგ საყვარელ საქმეზე
უარი არ თქვა. კონცერტზე რომ გამოდიოდა, ხალხს მოსდიოდა ცრემლი, რადგან
იცოდნენ მისი უბედურების შესახებ. პაპა მთელი გულით მღეროდა, მთელ თავის
ტკივილს საყვარელ საქმეში დებდა.
თეონა კენჭიაშვილი
0
ავტორი: