01:34:43     12-06-2014
ჩიზქეიქი და მისი საიდუმლოებები
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ჩიზქეიქის მომზადება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში ასე არ არის. უამრავი ადამიანის საყვარელი ნუგბარი აუცილებლად გამოვა თუ ზუსტად დაიცავთ იმ ტექნოლოგიას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. არსებობს მისი მომზადების წესები:
უნდა გამოვიყენოთ დაბალი ცხიმიანობის ყველი ან 5-9 %-იანი ე.წ. "ხაჭოს ყველი" იგივე კრემ-ყველი (cream cheese). იმისთვის, რომ ჩიზქეიქმა კარგად შეინარჩუნოს ფორმა, უნდა გამოვიყენოთ მშრალი ყველი, ხაჭო ან ნაღების ყველი. თუ ყველი ცხიმიანია და სველი, ერთი ღამით მოვათავსოთ საწურზე, რომ ზედმეტი სითხე გამოვიდეს.
ყველის მასა დანამატებით არ უნდა გადაიტვირთოს. უნდა იქნას დაცული რეცეპტით გათვალისწინებული პროპორციები. ჩიზქეიქის მომზადებისას საუკეთესოა შემდეგი ყველის სახეობები: 5-9%-იანი რბილი "ხაჭოს ყველი", 15-30%-იანი ნაღების ყველი, მასკარპონე, 5-9%-იანი რიკოტა (ქართულ რეალობაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნადუღი).
ავირჩიოთ გამოცხობის ტექნოლოგია. არსებობს ჩიზქეიქის გამოცხობის რამდენიმე ეტაპი. იგი უნდა გამოცხვეს 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. 10 წუთის შემდეგ ჩიზქეიქი გამოვიღოთ ღუმლი დან და ტემპერატურას დავუწიოთ 140 გრადუსამდე. 3-4 წუთის განმავლობაში ღუმელი იყოს ღია, რომ თანაბარ ტემპერატურაზე დადგეს, შემდეგ ჩიზქეიქი დავაბრუნოთ ღუმელში და 45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. ცხობის პროცესში ყველის მასა ჯერ აიწევს, შემდეგ კი დაუბრუნდება საწყის სიმაღლეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველის მასა არ ვთქვიფოთ დიდი ხნის განმავლობაში.
იმისთვის, რომ ნამცხვრის ზედაპირი არ დასკდეს, ღუმელში, ჩიზქეიქის ქვეშ შევდგათ წყლით სავსე ჭურჭელი. ასეთ შემთხვევაში ჩიზქეიქი გამოვაცხოთ 160 გრადუსზე.
გამომცხვარი ჩიზქეიქი დავასვენოთ _ მთელი ღამით მოვათავსოთ მაცივარში.
0