11:42:32     19-02-2011
კალიფორნიელი მხატვრის “მშვიდი” შემოქმედება
კალიფორნიელმა თვითნასწავლმა მხატვარმა, ჯეფ ფაუსტმა ხატვა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. სკოლაში სწავლისას მშობლების კოლექციაში მხატვართა ალბომები აღმოაჩინა. ჯეფი განსაკუთრებით ხუან მიროს, რენე მაგრიტის და სალვადორ დალის შემოქმედებამ გაიტაცა.
სამხატვრო სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. როგორც თავად მოგვიანებით აღნიშნა, სურდა ხატვა მთლიანად თავად ესწავლა, ყოველგვარი ჩარევების და მასწავლებელთა დირექტივების გარეშე. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მომავალ მხატვარს მხარი მამამაც დაუჭირა. უფროსი ფაუსტი განათლების სისტემაში მუშაობდა, შიგნიდან იცნობდა სიტუაციას და შიშობდა, რომ ეს სისტემა მისი ვაჟიშვილის ტალანტს ჩაკლავდა.
დროთა განმავლობაში ჯეფ ფაუსტმა საკუთარი სტილი გამოიმუშავა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ “მსუბუქი სიურეალიზმი,” ან “ვიზუალური ფორმით დაწერილი სიტყვები.” მისი კომპოზიციები უცნაურ ობიექტებს აერთიანებს: კვერცხებს, ღრუბლებს... საბოლოო ჯამში კი, ერთიანობაში, ეს ყველაფერი გარკვეულ, იდუმალებით მოცულ ისტორიებს ქმნის.
თავად ფაუსტი ირწმუნება, რომ ამ სიურეალისტურ, სხვადასხვაგვარ სიუჟეტებში, ყოველმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი პიროვნება იპოვოს. შემოქმედს გეგმის მიხედვით ხატვა არ უყვარს, მისი სტიქია თავისუფლების შეგძნებაა.
მხატვარი ისეთი საგნებით გადმოსცემს სათქმელს, რომელშიც განსაკუთრებული და კაშკაშა არაფერია. ხმამაღალ მუსიკას, მბრწყინავ სურათებს, ხმაურიან ადამიანებს შორის ის სიმშვიდის პატარა სარკმელს გვიღებს, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, შევიხედოთ იქ, დავისვენოთ და მოვიკრიბოთ ძალა გზის განსაგრძობად.