პარიზული უჩვეულო გამოფენა პარიზული უჩვეულო გამოფენა />


  11:36:56     19-02-2011

პარიზული უჩვეულო გამოფენა

a3688.jpg

პარიზში არაორდინალური გამოფენა, სახელწოდებით “ყველანი კანიბალები ვართ” მიმდინარეობს, რომელიც პარიზელებს და ქალაქის სტუმრებს 15 მაისამდე “გაახარებს.” გამოფენა კაციჭამიობას ეძღვნება, თემას, რომელიც ყოველ ჯანსაღ ადამიანში მხოლოდ უარყოფით განწყობებს გამოიწვევს, თუმცა, როგორც პერფომანსის მონაწილეები ირწმუნებიან, საქმე ასე სავალალოდაც არ არის.

გამოფენის ორგანიზატორმა, ჟანეტ ცვინგერბერგერმა ჩვენებისთვის, უმთავრესად, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები შეარჩია, რომლებმაც აქ წარმოდგენილი ტილოები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნეს. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ორიგინალურ თემატიკაზე შექმნილი თანამედროვე ნამუშევრები: ფოტოები, ვიდეო, სკულპტურა, ნახატები, ფერწერა.

დამთვალიერებლები აქ ასევე იხილავენ ილუსტრაციებს, გრავიურებს, რიტუალურ საგნებს.
მიუხედავად იმისა, რომ მრავლისმთქმელ გამოფენას არტ-კრიტიკოსებმა და ხელოვნების თეორეტიკოსებმა სრული იგნორი გაუკეთეს, როგორც მონაწილე თანამედროვე ხელოვანები ირწმუნებიან, საზოგადოებაში ღონისძიების მიმართ დიდი ინტერესია, რასაც დამთვალიერებელთა სიმრავლე მოწმობს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილე ავტორების ნახევარზე მეტი ქალბატონია. მიუხედავად ბუნებრივი სულიერი სიფაქიზისა, ქალბატონებმა კანიბალიზმის თემაზე დელიკატური, მაგრამ ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

კლონირების და ორგანოთა ტრანსპლანტაციის ეპოქაში, გამოფენის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ეჩვენებინათ როგორც იცვლება ადამიანის სხეული და სული. ერთ-ერთმა მონაწილემ კი გაიხუმრა: “ჩვენ ყველა კაციჭამიები ვართ. მოყვასის შეცნობის ყველაზე მარტივი გზაა, შეჭამო ის.”
გამოფენის დათვალიერების იმ მსურველებს, რომლებიც ღონისძიებას პარიზში ვერ მიუსწრებენ, მისი ნახვის შესაძლებლობა ბერლინში ექნებათ. 28 მაისიდან 18 სექტემბრამდე მას “Me Collectors Room” უმასპინძლებს. 

0

ავტორი: