11:34:14     19-02-2011
“ისლამური რევოლუციის გუშაგებში” განხეთქილებაა
“ისლამური რევოლუციის გუშაგების” რამდენიმე მაღალჩინოსანმა ოფიცერმა, თეირანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა. მათ უარი განაცხადეს, დამორჩილებოდნენ სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებას და უარი თქვეს ოპოზიციის მიტინგის იარაღის ძალით დარბევაზე.
ამის შესახებ “დეილი ტელეგრაფი” იტყობინება, რომელსაც ხელთ ოფიცრების წერილი ჩაუვარდა. წერილში ოფიცრები გენერალ მოჰამედ ალი ჯაფარის მიმართავენ და აცხადებენ, რომ “შემდეგში საკუთარ ხელკეტებს შინ დატოვებენ.” სამხედროები პირობას იძლევიან, რომ არ სცემენ და არ ესვრიან ძმებს, რომლებიც კანონიერ ფარგლებში აპროტესტებენ პოლიტიკური ლიდერების ქმედებებს.
როგორც ცნობილია, “ისლამური რევოლუციის გუშაგების” კორპუსი, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს შეიქმნა. კორპუსის მოვალეობას შეადგენს დაეხმაროს არმიას ირანის ტერიტორიული მთლინობის დაცვასა და ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნების საკითხებში. ორგანიზაცია ფართო პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური უფლებებითაა აღჭურვილი.
0