საბჭოთა მოზაიკები საბჭოთა მოზაიკები />


  01:41:55     10-06-2014

საბჭოთა მოზაიკები

a30339.jpg

ინტერნეტში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი მოზაიკების ვებ-გვერდი გამოჩნდა, სადაც მოზაიკები სისტემურად არის განლაგებული ადგილმდებარეობისა და შენობის ტიპის მიხედვით, რომლის ფასადზეც გვხვდება იგი. მათი უმეტესობა ქარხნებისა და საწყობების კუთვნილ შენობებზეა განთავსებული.

პროექტის ავტორი ნინო სირაძე ვებ–გვერდზევე http://soviet-mosaics.ge/ ხსნის მოზაიკებით მისი დაინტერესების ამბავს:  “ერთ მშვენიერ დღეს თბილისში სეირნობისას წავაწყდი ერთერთ ასეთ მოზაიკას და გამახსენდა, როგორ მიყვარდა ბავშვობაში მათი “აღმოჩენა” ქალაქის ქუჩებში, ძველ საწყობებზე, მიტოვებულ ქარხნებზე, ზოგჯერ ცენტრალურ ქუჩებზეც. მაშინ მოზაიკები ჩემს ყურადღებას ალბათ ფერების გამო უფრო იქცევდა. ამჯერად საერთოდ სხვა ემოციები გამიჩნდა მათი დანახვისას – ვერ უარვყოფ, საბჭოთა ეპოქა ჩვენი ცხოვრების, ისტორიის ნაწილი იყო და, მოგვწონს თუ არა ის, ადრეული მოგონებები გარკვეულ ემოციურ გავლენას მუდმივად ახდენს ჩვენზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამჟამად მთელი ძალით ცდილობენ საბჭოთა წარსულის დავიწყებას, ჩემთვის ამ პერიოდის სიმბოლიკა და განსაკუთრებით მოზაიკები (არც თუ ისე ნათელ, მაგრამ კარგად მოსაგონებელ) ბავშვობასთან ასოცირდება.

მოკლედ, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, საბჭოთა მოზაიკები საზოგადოებისთვის არანაირ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს და ეჭვი მაქვს, ნელ-ნელა ნახევრად ჩამონგრეული მოზაიკებიც სრულებით გაქრება საქართველოს ქალაქებიდან და ახალი მინა-ბეტონ-მეტალის კონსტრუქციები ჩაანაცვლებს ამ ფერად ნახატებს. ამიტომ გადავწყვიტე, სანამ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ადგილ-ადგილ, გადავიღო და შემოვინახო ისინი, სხვა თუ არაფერი, ჩემი ბავშვობის მოგონებების ხათრით მაინც.

როგორც აღმოჩნდა, მოზაიკებზე საკმაოდ საინტერესო და მხიარული დეტალების პოვნაც შეიძლება. უმეტესწილად არის თემები საბჭოთა პროპაგანდიდან, უფრო იშვიათად საქართველოს ისტორიიდან და რელიგიიდან.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებულ ამ ეპოქის მოზაიკებზე ინფორმაციის მოძიება იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, თითქმის არ არსებობს არანიარი ინფორმაცია მათ შესახებ”

ინფორმაციის გრაფა მოზაიკების შესახებ ამ ეტაპზე ცარიელია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს პროექტის ავტორს საერთო ინტერესების აღმოჩენის შემთხვევაში.

წყარო
0

ავტორი: