11:39:43     28-05-2014
დონეცკის აეროპორტზე კონტროლი უკრაინის ხელისუფლებამ დაამყარა
„უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს“ - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ. მისივე თქმით, ტერმინალის შენობაში მყოფი ყველა პრორუსი ბოევიკი ლიკვიდირებულია. სამხედრო უწყების განცხადებას „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო ავრცელებს.
სამხედრო უწყების წარმომადგენლისავე განცხადებით, ჯერ არ არსებობს მსხვერპლის ოდენობის შესახებ დაზუსტებული ოფიციალური ცნობები.
ადგილზე მომუშავე „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიუროს ჟურნალისტის უილ ვერნონის ინფორმაციით, აეროპორტის მიმდებარედ ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა.
მსხვერპლის ოდენობის შესახებ, ოფიციალური სამხედრო უწყებისაგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ პრორუსი სეპარატისტების ე.წ. შტაბის წარმომადგენლები. მათი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ლიკვიდირებულია მათი 30-მდე მებრძოლი.
სხვა ციფრებს ავრცელებს კიდევ ერთი მხარე: დონეცკის საოლქო ადმინისტრაცია, ჯანდაცვის საოლქო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჭრილია 15 პრორუსი მებრძოლი ხოლო გარდაცვლილთა ოდენობა არ ზუსტდება.
0