21:19:26     22-05-2014
ლუგანსკში, პრორუსმა სეპარატისტებმა საქალაქო ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს
ამ წუთებში „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო, სხვადასხვა უკრაინულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლუგანსკში, პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა საქალაქო ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს. ადგილობრივ მილიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათ შენობა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ოვაციების ფონზე დატოვეს.
ლითონის ჯოხებით შეიარაღებული ოცამდე ახალგაზრდა შენობაში მას შემდეგ შეიჭრა რაც, ჯერ წინასწარ, პირველი სართულის ყველა ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს - წერს „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო. შეჭრის მომენტისთვის მილიცია შენობას უკვე აღარ იცავდა.
შენობასთან თავმოყრილი მომიტინგეები სკანდირებენ: „რუსეთი“ და „რეფერენდუმი“!
სხავასხვა მონაცემებით, საქალაქო ადმინისტრაციის შენობის წინ, მოედანზე 2-3 ათასამდე ადამიანია თავმოყრილი.
აღნიშნული მოვლენები მას შემდეგ განვითარდა რაც დღეს, 14 სთ-ზე, ადგილობრივი კანონიერი ხელისუფლებისადმი პრორუსულად განწყობილი აქტივისტების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეფერენდუმის ჩატარებას, ფასების დაწევას და რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ.
0