14:55:33     20-05-2014
მოკლა თუ არა მეუღლემ 8 თვის ორსული გოგონა? – შსს ინფორმაციას არ ფლობს, ექიმი კითხვებს არ პასუხობს
ინფორმაციას, რომ გურჯაანში, 19 წლის ორსული, ნინო ზირაქაშვილის მეუღლის მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ. როგორც „პრესა.ჯი“-ს უწყებაში უთხრეს, გოგონას გარდაცვალების შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა.
„არ შემოსულა არანაირი განცხადება, რომ 19 წლის ორსული გოგონა მეუღლის ცემის შედეგად გარდაიცვალა“,- უთხრეს „პრესა.ჯი“-ს ჭიკაიძის უწყებაში. საპირისპიროს ამტკიცებს ადგილობრივი მედიასაშუალება „სპექტრი“ რომლის მტკიცებით, 19 წლის ორსული გოგონა ნინო ზ. მეუღლის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად გარდაიცვალა.„პრესა.ჯი“-ს ადგილობრივ გამოცემაში უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია რედაქტორს წყარომ მიაწოდა, შესაბამისად, წყაროს გამხელას გამოცემა არ აპირებს. „შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, წყაროს კომფიდენციალურობიდან გამომდინარე მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ, შემიძლია მოგცეთ თელავის რეფერალური საავადმყოფს კოორდინატები, სადაც ორსული გადაიყვანეს“,- უთხრეს „პრესა.ჯი“-ს „სპექტრში“.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი აღნიშნულ
თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
„პრესა.ჯი“ გურჯაანის გამგებელს ემზარ ჯიქურაშვილს ესაუბრა. მისი თქმით,
გოგონა თელავში გარდაიცვალა. გამგებლისთვის უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
გამგებელი: „დადასტურებულად იმის თქმა შემიძლია, რომ ფაქტი თელავში მოხდა, გოგო გურჯაანელი ყოფილა. ნამდვილად არ ვიცი მკვლელობა იყო თუ სხვა რამ, ეს გამოძიების დასადგენია“.
„პრესა.ჯი“-ს ფეხმძიმე გოგონას გარდაცვალების ფაქტი ჯანდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. „თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილ პაციენტ ნინო ზირაქაშვილის და მისი ნაყოფის ანტენატალური გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოს მიერ, მომზადდა შესაბამისი დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც გადაეგზავნება თელავში მყოფ სააგენტოს კომისიას, რომელსაც დაევალა ადგილზე საკითხის შესწავლა“,- აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.
0