სიძულვილით წახალისებული ძალადობა - რა ხდება თბილისის ქუჩებში? სიძულვილით წახალისებული ძალადობა - რა ხდება თბილისის ქუჩებში? />


  17:18:12     16-05-2014

სიძულვილით წახალისებული ძალადობა - რა ხდება თბილისის ქუჩებში?

a29837.jpg

„სამართლიანობის აღდგენა თუ ნაბიჯი უკან? რა ხდება თბილისის ქუჩებში, რატომ გახდა ბოლო ორ თვეში სამი ცნობილი ფიგურა თავდასხმის ობიექტი. აქედან ორი - ოპოზიციონერი, ნუგზარ წიკლაური და „კუდი“-ს ყოფილი უფროსის, ირაკლი კოდუას, ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა სასტიკად სცემეს. მწერალი მამუკა ხერხეულიძე კი ცეცხლსასროლით იარაღით ფეხის არეში დაჭრეს. მას ოთხი ტყვია ესროლეს.

ბარნოვის ქუჩაზე, კაფე „ანტრეში“ მწერალი მამუკა ხერხეულიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია 2 დღის წინ,  დღის პირველ ნახევარში დაჭრეს. დაშავებულს რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ხერხეულიძეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ქვედა კიდურზე ჰქონდა მიყენებული. როგორც "პრესა.ჯი"-ს კლინიკაში უთხრეს, პაციენტს ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა ბარძაყისა და წვივის არეში. საერთო ჯამში მწერალს 4 ტყვიიდან ფეხში სამი მოხვდა.

პეტრიაშვილის ქუჩის ვენდეტამდე კი, საზოგადოების მთავარი განხილვის თემა ნოშრევან ნამორაძესა და დავით კოდუას დაპირისპირება გახდა, რომელიც მათ შორის დაწყებულ  სამართლებრივ დავას გასცდა და ქუჩაში გადაინაცვლა. 

ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს 4 წლის შვილის თანდასწრებით სცემეს. კოდუა რამდენიმე დღე ხელოვნურ აპარატზე კი იყო მიერთებული.

ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი კი ბოლო რამდენიმე კვირაა პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ოპოზიცია 8 ნიღბიანის მიერ დეპუტატზე თავდასხმას და მისი გატაცების მცდელობას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. ხელისუფლება კი აცხადებს რომ დეპუტატის ცემის ობიექტურად გამოძიება მის ინტერესებში შედის.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ირწმუნებიან, რომ მათი წევრებისა და აქტივისტების ფიზიკური ანგარიშსწორება დაშინებას და პარტიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ხელისუფლებას კი თავისი არგუნენტი აქვს. ისინი ოპონენტებს ურჩევენ, ყველა დანაშაულის უკან ხელისუფლების ინტერესებს ნუ ეძებენ და ამით პიარს ნუ იკეთებენ.

საპარლამენტო უმრავლესობას წინა ხელისუფლების პირობებში დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტიც ახსოვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენურ სიტუაციას საგანგაშოს უწოდებს, ხელისუფლებას კი უმოქმედობაში ადანაშაულებს.

სერგო რატიანი: „პრობლემაა, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს არ უჭირავთ სიტუაცია. პოლიცია არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. სხვა შემთხვევაში, ქალაქის ცენტრში, დღისით ყველას დასანახად ადამიანს ცეცხლასროლით არ დაჭრიდნენ.

გარდა ამისა, სიძულვილის ენის დისკუსი აქვს შექმნილი „ქართულ ოცნებას“, რაც არის გამომწვევი იმისა რომ ჩვენ მხარდამჭერებზე მიდის დევნა. ხშირად მათ ფიზიკურად უსწორდებიან.

რაც შეეხება ნუგზარ წიკლაურის შემთხვევას, არის უტყუარი მტკიცებულებები რომ ადამიანის გატაცების მცდელობა იყო. ჩვენ დღესაც ვითხოვთ, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რაზეც ხელისუფლება კატეგორიულ უარს ამბობს. დამნაშავეები კი გარეთ, თავისუფლად დადიან“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩია, ყველა საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ დაინახოს.

ეკა ბესელია: „ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, გამოძიება დაიწყო, ჩატარდება და დაველოდოთ შედეგებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი, რომ ყველაფერში, ყველგან, ყველა მოვლენაში, მათ შორის ადამიანების ტრაგიკულ ისტორიებში, ნუ დებენ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და ამბიციებს. სამარცხვინოა მათი განცხადებები, ყველაფერი დაინახონ პოლიტიკურ ჭრილში“.

ნებისმიერ სიტუაციაში დანაშაულის ნიშნები და საქმის დეტალები გამოძიების დასადგენია. თუმცა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ზოგჯერ ძალადობის გასამართლებლად საზოგადოების გარკვეული ნაწილი მსგავს ტერმინებს აქტიურად იყენებს: „აბა რა ეგონათ“, „ერთი დრო არავის შერჩება“, „უარესის ღირსები არიან“, „უფრო მაგრად უნდა ეცემათ“, მეტსაც იმსახურებენ“ და ასე შემდეგ.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს რომ ასეთმა პოლიტიკამ შესაძლოა, ერთმანეთს გადაგვკიდოს და უკან, 90-იანებში დაგვაბრუნოს. ამიტომ, ვიმედოვნებთ რომ სიძულვილის ენაზე უარს ვიტყვით. ის ხომ არც ქვეყანას და არც თითოეულ ჩვენგან კარგს არაფერს უქადის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ ერთ - ბნელ წრეზე წავიდეთ...

0

ავტორი: