14:31:27     15-05-2014
არასრულწლოვანის მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით, ორი მამაკაცი დააკავეს

პროკურატურამ ლაგოდეხის რაიონში არასრულწლოვანის მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით, 2 მამაკაცი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს საქმის პროკურორმა ილია ჯაგულაშვილმა დაუდასტურა.
ილია ჯაგულაშვილი: არასრულწლოვანის მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 მამაკაცს ბრალი წარედგინათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ ყოფილა. მათ წარედგინათ ბრალი და აღმკვეთის ღონისძიება შეეფარდათ. ამოძიება მათ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და არასრულწლობანის გაუპატიურებას ედავება. შეგახსენებთ, რომ გამოძიება 15 წლის სკოლის მოსწავლის ჩვენების საფუძველზე დაიწყო. ჩვენებაში არასრულწლოვანი ყვებოდა, რომ ის სკოლიდან სახლში მიმავალი გზის პირიდან მოიტაცეს. ყველაზე შემზარავი კი იყო ის რომ გოგონას მტკიცებით, მასზე 17 წლის საქმრო იმ მოტივით ძალადობდა, რომ მისი ქმარი იყო.
„უნდოდა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, თუმცა მე გათხოვება ჯერ არ მინდა. სკოლაში ვსწავლობდი. მომიტაცეს. სამნი იყვნენ, თვითონ და მისი ორი მეგობარი. ყოველდღე მიცვლიდნენ ადგილსამყოფელს, რომ ჩემიანებს არ გაეგოთ სად ვიყავი. ვერც გაქცევას ვახერხებდი. ყოველ ღამე ჯიპის მარკის ავტომანქანაში მაუპატიურებდა.
ამის ჩადენას მას მისი მეგობრებიც ურჩევდნენ, როგორც აუცილებელ პირობას, რომ მე მათთვის არ მეჩივლა. მანქანაში გარედან გვკეტავდნენ. გაუპატიურების დროს წინააღმდეგობას ვუწევდი, ფრჩხილებით და კბილებით, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციამ სამი დღის შემდეგ მოგვაგნო.
ბიჭი, რომელსაც ცოლად ვუნდოდი, დამემუქრა, თუ არ ვიტყოდი, რომ ნებით გავყევი და მას დაიჭერდნენ, მისი მეგობრები, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს, ჩემს ოჯახზე შურს იძიებდნენ, ჩემს ძმას მოკლავდნენ. პოლიციის განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, მამასთან შეხვედრა მოვითხოვე.
დედა აქ არ მყავდა, თავის ძმასთან იყო წასული სტუმრად. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ჩემს დაკითხვას ჩემი გამტაცებლის მამა დაესწრებოდა, რომელიც იქ იყო. კიდევ ვიღაც ქალი დაასწრეს. მითხრეს, რომ პედაგოგი იყო, მაგრამ ჩვენს სკოლაში მასწავლებლად არ უმუშავია.
მივეცი ჩვენება, რომ ბიჭს ჩემი ნებით გავყევი და გაუპატიურება არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც პოლიციაში ჩემი ახლობლები მოვიდნენ, სიმართლე ვთქვი. პოლიციას ვუთხარი, რომ გამიტაცეს და ყოველ ღამით მაუპატიურებდა. იმავე დღეს დაიკითხა ის ბიჭიც და თქვა, რომ გამიტაცა და ჩემთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ადვოკატის რჩევით, თქვა, რომ ნებაყოფლობით გავყევი, რაც ტყუილია“, – ჰყვება არასრულწლოვანი.
„პრესა.ჯი“ აღნიშნული საქმის შესახებ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ თემურ დოლიძესაც დაუკავშირდა.
თემურ დოლიძე: „საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. არასრულწლოვანმა, რომელიც მშობლისა და თარჯიმნის თანდასწრებით დაიკითხა, პირველი დაკითხვისას გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანა. მან მის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე არ მიუთითა და განაცხადა, რომ გაჰყვა შეყვარებულს დაქორწინების მიზნით. მან დაკითხვისას სქესობრივ კავშირზე საუბრისგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ აღნიშნული მათ პირად ცხოვრებას ეხებოდა.
ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ
არასრულწლოვანს გაუპატურებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები არ
აღენიშნება. დაზიანება აქვს მხოლოდ მხარზე. განმეორებით დაკითხვისას
გოგონამ შეცვალა ჩვენება, თქვა რომ თავისუფლება აღუკვეთეს და
გააუპატიურეს. შესაბამისად, გამოძიება ამჯერად სხვა ვერსიაზე მუშაობს.
აზუსტებს არასრულწლოვანის განმეორებითი დაკითხვისას მიღებული ჩვენების
ნამდვილობას, რის შემდეგაც იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. “
0