10:52:09     15-05-2014
მამაკაცმა თბილისში ყოფილი მეუღლე მოკლა

წუხელ, ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე და–ძმა ზურაბიანებზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ქალს, რომელიც ძმასთან ერთად იმყოფებოდა , ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილმა ქმარმა რამდენჯერმე ესროლა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძიმედაა დაჭრილი მისი ძმაც, რომელსაც პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1982 წელს დაბადებული ალექსანდრე ც. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მაისს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილ მეუღლეს და მის ძმას ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მეუღლე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალექსანდრე ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც
გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის 2-ე და 7-ე
ნაწილებით).
0