თეონა დალნიკოვას საერთაშორისო პრიზები და აღიარება სელინ დიონის პროდიუსერისგან თეონა დალნიკოვას საერთაშორისო პრიზები და აღიარება სელინ დიონის პროდიუსერისგან />


  22:59:52     11-05-2014

თეონა დალნიკოვას საერთაშორისო პრიზები და აღიარება სელინ დიონის პროდიუსერისგან

a29668.jpg

თეონა დალნიკოვას შესახებ ქართველმა მაყურებელმა ბოლო პერიოდში გაიგო, ისიც, ინტერნეტის მეშვეობით - რუსულ 'ერთი ერთში' თეონამ თამარ გვერდწითელი შესანიშნავად განასახიერა. თეონას ქართული სახელი ალბათ ბევრს მიანიშნებს მის წარმომავლობაზე - დედა ქართველი ჰყავს, რომელმაც მას და მის დას ქართული სახელები დაარქვა - თეონა და ქეთი. რუსულ ესტრადაზე ამ მსახიობსა და მომღერალს კარგად იცნობენ, წარმატებული არტისტია, დროა, ალბათ, ჩვენთანაც სათანადოდ გაიცნონ.

'ერთი ერთში' თეონას ასევე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ბიონსეს როლში. ბოლო მონაცემებით რვა მონაწილეს შორის მეოთხე ადგილზეა. შეგახსენებთ, მასთან ერთად პროექტში კიდევ ერთი ჩვენებური, ირაკლი ფირცხალავა მონაწილეობს.

1984 წლის 24 აგვისტოს მოსკოვში დაბადებულ თეონას სცენაზე დგომის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გნესინების მუსიკალურ სკოლაში 12 წლისამ ჩააბარა და დაამთავრა კიდეც - სამსახიობო განყოფილება. სამსახიობო ოსტატობა ლოს-ანჯელესში, ცნობილი ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტშიც ისწავლა. ამბობს, რომ სიმღერა მისთვის უფრო გატაცებაა, რადგან მისი მთავარი პროფესია მსახიობობაა.

2002-2003 წლებში ჯგუფ 'სლოტის' ვოკალისტი იყო და ამ ჯგუფთან ერთად საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა. ასევე წლებია მოღვაწეობს რუსულ მიუზიკლებში: 'მეტრო', 'პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი', 'მატა ჰარი'. ასევე თამაშობდა ტელესერიალში 'საბრალო ნასტია', რამდენიმე ფილმის საუნდტრეკი ეკუთვნის, ასევე მისი გახმოვანებულია 'პოკაჰონტასის' რუსული ვერსიის მთავარი გმირი.

'მეტროში' როლისთვის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიაზე იყო წარდგენილი. პირველი რუსი შემსრულებელი გახდა, რომელმაც გრან-პრი მიიღო საერთაშორისო ფესტივალზე 'სლავიანსკი ბაზარი'. 2003 წელს მიიღო თეატრალური პრემია 'ოქროს ნიღაბი' ნომინაციაში 'ქალის საუკეთესო როლი' ესმერალდას როლის შესრულებისთვის მიუზიკლში 'პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი'. სხვათა შორის, როდესაც სელინ დიონის პროდიუსერს მოუსმენია მისი ესმერალდა, უთქვამს, რომ ეს საუკეთესო შესრულებაა, რაც კი მოუსმენია მსოფლიო მასშტაბით.

2010 წელს კვლავ 'გრან-პრი' დაიმსახურა ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალზე 'ოქროს ხმები'. მიუზიკლში 'გრაფი ორლოვი' ელიზავეტას როლისთვის 'მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის' პრემია დაიმსახურა რუსეთში.
31 წლის თეონასთვის 'ერთი ერთში' ახალი გამოწვევაა. მომღერალს ბოლო დროს პირად ცხოვრებაშიც სიახლეები აქვს - მის გვერდითაა ასევე მსახიობი, რომელ თან ერთადაც, მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს, თუმცა ქორწინებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

- თეონა, როგორ მოხდა, რომ 12 წლიდან აღმოჩნდით გნესინებში? ასეთ ასაკში პროფესიონალურად როგორ მეცადინეობდით ვოკალში? როგორც წესი, ამ დროს მოზარდებს ხმის პრობლემები აქვთ ხოლმე...
- ხმის პრობლემა არასდროს მქონია. ეს უფრო ბიჭებს ემართებათ. ასაკიც არ არის გასაკვირი. ხალხი სამი წლიდან ბალეტს ცეკვავს. გნესინებში სკოლის პარალელურად ვსწავლობდი და ამ სასწავლებელმა შესანიშნავი ემოციები დამიტოვა.
- მიუზიკლში 'მეტრო' მართლა 'ქუჩიდან' მოხვდით. უნიკალური მონაცემები უნდა გქონდეს, რომ არავინ გიცნობდეს და მაინც ყველას აჯობო. ეს ნიჭი მემკვიდრეობით გაქვთ?
- არა, ჩემი წინაპრები სიმღერასთან არანაირად არ იყვნენ დაკავშირებულნი. ხელოვნებასთან კი, მაგრამ არა ვოკალთან. საიდან მოდის ნიჭი? ეგ არავინ იცის.
- როდის მიხვდით, რომ სიმღერა შეგეძლოთ და ძლიერი ხმა გქონდათ?
- 6 წლისა მივხვდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი. სცენაზე მქონდა წარმოდგენილი ყველაფერი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს მუსიკალური კარიერა იქნებოდა თუ დრამატული. ასეც მოხდა.
- მერე იყო 'სლავიანსკი ბაზარი'. მაშინ 17 წლის იყავით... პუგაჩოვასთან ურთიერთობის ბედნიერებაც გხვდათ წილად.
- პუგაჩოვა მიუზიკლ 'მეტროს' დაესწრო. მაშინ მას ყველა ვარსკვლავი ესწრებოდა, მით უმეტეს, რომ კირკოროვი ერთ-ერთ პროდიუსერს თამაშობდა. სპექტაკლის მერე ალა ჩემთან საგრიმიოროში შემოვიდა და მითხრა, რომ ახალგაზრდობაში მიუზიკლში სიმღერაზე ოცნებობდა. მერე იყო 'საშობაო შეხვედრები', სადაც მთელი დასი მიგვიწვია, მაგრამ მხოლოდ მე მანდო სოლოსიმღერის შესრულება. 'სლავიანსკი ბაზარზეც' ალა პუგაჩოვა ჟიურიში იყო და ალბათ, ჩემი ნიჭის დაფასება მისი დამსახურებაც არის.
- ბოლო დროს უფრო თეატრში ხართ დაკავებული. მუსიკალური კარიერა ნაკლებად საინტერესო გახდა?
- არა, რატომ! მაქვს პროექტი, რომელსაც ჩემს შემოქმედებით საღამოზე ვახორციელებ, იქ სულ მუსიკალური ნომრებია. თუმცა ვაღიარებ, ახლა თეატრი და კინო პირველ ადგილზეა.

ჟურნალი 'რეიტინგი'
0

ავტორი: