15:02:13     06-05-2014
პუტინმა მესიანიზმისთვის საჭირო იდეას მიაგნო
როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკის უცნაურობები ახლა რუსეთსა და პუტინს დაემართათ. საუბარია მესიანიზმის იდეაზე, რომლისგანაც ქართლი პოლიტიკა ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდა.
პუტინი მესიანიზმის იდეას ეძებს - ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნია „სანდეი თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორს, მარკ ფრანკეტის. მისი თქმით, ეს ძიება ყველაზე კარგად ამ კვირის ბოლოს გამოჩნდება, როდესაც რუსეთში პომპეზურად აღნიშნავენ ნაციზმის დამარცხების მორიგ წლისთავს.
როგორც ვარაუდობენ, რუსეთის პრეზიდენტი „წარმოთქვამს მგზნებარე სიტყვას, რომელიც ანტიდასავლური პათოსით იქნება გაჯერებული, ხოლო ამის შემდეგ, სევასტოპოლში გაემგზავრება“, - ვკითხულობთ სტატიაში.
9 მაისის აღნიშვნის გეგმებთან დაკავშირებით, „ერთმა დასავლელმა დიპლომატმა“ აღნიშნა: „აღლუმის მასშტაბმა და ამის შემდეგ, პუტინის ყირიმში გამგზავრებამ მსოფლიოს ერთი მარტივი მოსაზრება უნდა გაუჩინოს: რუსეთი ისევ ძლიერია; იმდენად ძლიერი, რომ შეუძლია დაიცვას თავისი ნაციონალური ინტერესები ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. ხოლო თუ დასავლეთს ეს არ მოსწონს, მათი პრობლემაა“.
სტატიის უმთავრესი იდეა სწორედ ესაა: ჟურნალისტის აზრით, მრავალწლიანი ძიების შემდეგ, პუტინმა იპოვა ის „გამაერთიანებელი ნაციონალური იდეა, რომელიც მას ელექტორატის მობილიზებაში დაეხმარება - ასეთად, მეორე მსოფლიო ომი იქცა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
თავისი მოსაზრების მტკიცებულებად მარკ ფრანკეტი თავად კრემლისა და მათი პოლიტტექნოლოგების მიერ წარმოებულ პიარ-კამპანიასა და პრო-სახელისუფლებო მედიის ლექსიკურ თავისებურებებს მიიჩნევს.
„ყოველ საღამოს, საინფორმაციო საშუალებებში ამტკიცებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთით პრორუსი აჯანყებულები კიევიდან ჩასულ ფაშისტებს ებრძვიან“.
ამავე მოსაზრებას იზიარებს „კრემლის ყოფილი მრჩეველი, რომლის ვინაობაც არ სახელდება“:
„ეს თემა ძლიერ ემოციებს იწვევს. ჰოდა, კრემლმაც, თავისი პიარ-მიზნებისთვის მიისაკუთრა. ამიტომაცაა, რომ ახლა ადამიანები ამბობენ: რუსეთი ალყაშია და გადასარჩენად ერთ მუშტად უნდა შევიკრათო. ამ ვითარებიდან კი, ერთადერთი გადამრჩენელი, ცხადია, პუტინია!“
0