18:03:13     05-05-2014
უკრაინელმა ძალოვნებმა ტელეანძა აიღეს - სლავიანსკში 20 სეპარატისტი დაიღუპა
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ოფიციალური კიევის ძალოვანმა სტრუქტურებმა ადგილობრივი ტელეანძა აიღეს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსრუ“ „ტე-ეს-ენ“-სა და „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მედია-საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავიდან, ფედერალიზაციის მომხრე პრორუს აჯანყებულებსა და ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ბრძოლები ტელეანძასთან, მის დასაკავებლად მიმდინარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ, „თავდაცვის შტაბი“ ავრცელებდა. საბოლოოდ, უკრაინელმა ძალოვნებმა ანძის დაკავება მოახრეხეს.
„სლავიანსკის მიმდებარედ, ანდრეევკის დასახლებაში განლაგებული ტელეანძა მოწინააღმდეგემ ჩაიგდო. ბრძოლები მიმდინარეობს როგორც ანდრეევკაში ასევე, სემიონოვკაში. ამ ეტაპზე, იძულებულნი ვართ ქალაქის სიღრმეში გადავინაცვლოთ. მოწინააღმდეგის ძალებმა უკვე სლავიანსკში შემოაღწიეს“, -ციტირებს „ნიუსრუ“ სეპარატისტების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ღამეული ბრძოლების შედეგად მსხვერპლია. მათ შორის, გარდაცვლილია ერთი გოგონაც.
მოგვიანებით, ტელეანძის აღების შესახებ განცხადება ოფიციალური კიევის მიერაც გაკეთდა.
„სლავიანსკში განთავსებულ ანძას ჩვენ ვაკონტროლებთ; ჩართულია უკრაინული არხები“, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაქოვმა სლავიანსკი შესასვლელთან განთავსებულ ბლოკ-პოსტზე.
ავაქოვმა მსხვერპლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინელი ძალოვნების მხრიდან 8 ადამიანია დაჭრილი ხოლო „გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერ ზუსტდება“.
უკრაინის შს მინისტრის თქმით: „დილით ანტიტერორისტული ჯგუფის ძალოვნებმა სლავიანსკთან გამაგრებული პრორუსი აჯანყებულების ჩასაფრებული ჯგუფი - ტერორისტების საომარი დაჯგუფება აღმოაჩინეს. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ანტიტერორისტული ჯგუფის მეომრებს და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი“.
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურების მეომრებს საგანგებოდ აქვთ ნაბრძანები, რომ არ მიიტანონ იერიში ქალაქის დასახლებულ კვარტლებზე „რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“.
პარალელურად, მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებენ ე.წ. თავდაცვის შტაბის ანუ, პრორუს აჯანყებულ მეომართა წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ბოლო ბრძოლების განმავლობაში 20-მდე მეომარი დაიღუპა. თუმცა, ზუსტი ციფრი ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის და ახლა დგინდება.
0