18:49:57     03-05-2014
დავით კოდუას მდგომარეობის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა
დავით კოდუას მდგომარეობის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. აღნიშნული ფოტოები ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუა კლინიკაში, დაახლოებით 15.00 საათზე მოათავსეს.
ბიზნესმენ დავით კოდუას ძმის, გიორგი კოდუას განცხადებით, მას თვითმხილველებმა უთხრეს, რომ თავდამსხმელები გამშველებლებს სროლით დაემუქრნენ.
"დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობიდან გამოსვლის შემდეგ ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც შუა დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ თავს დესხნენ. 3-4 კაცი იყო, შავებში ჩაცმულები, სპეცრაზმელებს გავდნენ, ქუდი-ნიღაბი ეხურათ. ეს მოხდა დღისით, ქუჩაში. არ იყვნენ დამალული სადარბაზოში. დავითი მარტო იმყოფებოდა. გამვლელები გასაშველებლად მივიდნენ, მაგრამ თავდამსხმელებმა უთხრეს, არ ჩაერიოთ, თორემ გესვრითო. შემდეგ მიიმალნენ", - აღნიშნა გიორგი კოდუამ.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. ამასთან, გიორგი კოდუას ცნობით, შსს-მ ივარაუდა, რომ შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერა არ არის.
"ყოველდღე რაღაც ხდება. განუკითხაობაა, ისეთი მესიჯებია, რომ პოლიცია არ გვიცავს, ჩვენ თვითონ ჩვენ თავს უნდა მოვუაროთ. ასეთი რაღაც თუ წავიდა, ვესტერნი, 20-იანი წლები, მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავიღოთ, მოვიმარაგოთ და ერთმანეთს გავუსწორდეთ, სამოქალაქო ომი დავიწყოთ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ", - განაცხადა კოდუამ.
დავით კოდუა ამჟამად საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
0