15:22:26     30-04-2014
ჩხუბი თელავში - ერთი ნაცემი, ორი დაჭერილი
![a29442.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a29442.jpg)
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, 22 წლის ა. ს-ს სასტიკად გაუსწორდნენ. ინცინდენტი გუშინ, თელავის ცენტრში, გამგეობის შენობის წინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს, ფიზიკურად მე–4 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაუსწორდნენ.
სტუდენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული და თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულის ახლობლების განცხადებით, მას ცხვირის და ყბის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.
დაზარალებული მედიასთან არ კონტაქტობს. როგორც ცნობილია, მას არც სამართალდამცავებისთვის მიუმართავს.
„პრესა.ჯი“ თელავის საავადმყოფოს დაუკავშირდა თუმცა, მიმღებში პაციენტზე ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
„აღნიშნულმა პიროვნებამ პოლიციას ჩვენება არ მისცა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის“ - უთხრეს „პრესა.ჯი“-ს უწყებაში.
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ინცინდენტისას პოლიციამ ორი პირი დააკავა.
„ორივე მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის, და 173-ე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებულნი“, -განაცხადეს შს სამინისტროში.
0