14:24:44     29-04-2014
მადრიდში სერვანტესის საფლავს ეძებენ
ესპანეთში, მიგელ დე სერვანტესის საფლავის ძებნა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო ავრცელებს.
მეცნიერთა ვარაუდით, დიდი მწერალი მადრიდში, ატოხას ქუჩაზე მდებარე ტრინიტორიანულ მონასტერშია დაკრძალული. კვლევითი სამუშაოები გუშინ, 28 აპრილს დაიწყო.
განსასვენებლის ზუსტი ადგილ-მდებარეობა უცნობია. საქმე ისაა, რომ 1616 წლის 22 აპრილს სერვანტესის გარდაცვალების შემდეგ, ხსენებული მონასტერი არაერთხელ იქნა გარემონტებული და გადაკეთებული.
„ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო მცირე ისტორიულ-ლიტერატურულ ექსკურსსაც სთავაზობს მკითხველს და ახსენებს, რომ სერვანტესი მადრიდის ერთ-ერთ მონასტერში საცხოვრებლად, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა.
აქ ის ბერად აღიკვეცა და დარჩენილი რამდენიმე დღეც აქვე გაატარა. მალევე გარდაიცვალა და მონასტერშივე დაკრძალეს. მის თანამედროვეთა სხვადასხვა ჩანაწერების თანახმად, მწერლის სამუდამო განსასვენებელს წარწერაც კი არ ჰქონდა.
მკვლევართა აზრით, მონასტერში საფლავის ძებნას, მის ეგსჰუმაციას და იდენტიფიკაციას რამდენიმე თვე და 100 ათას ევრომდე დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ თუ მკვლევართა მცდელობები წარმატებით დასრულდა, შესაძლებელი გახდება სერვანტესის პორტრეტის შექმნაც და გავიგებთ, სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდა გენიალური ესპანელი მწერალი.
აქამდე, მისი მხოლოდ ერთადერთი პორტრეტი არსებობს. მისი ავტორია ხუან დე ხუარეგი, მაგრამ დამტკიცებულია, რომ პორტრეტი მწერლის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ დაიწერა და ამიტომ, ვერ მტკიცდება, მართლაც ასე გამოიყურებოდა სერვანტესი თუ არა. ასე რომ 28 აპრილს დაწყებული სამუშაოები ამ თვალსაზრისითაც მეტად მნიშვნელოვანია.
0