13:56:46     28-04-2014
გაცვლიან თუ არა, გორის ტერაქტისთვის გასამართლებულებს ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველებში?
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ოსური მხარე, ცხინვალის იზოლატორში მყოფი 5 ქართველის გათავისუფლების სანაცვლოდ, გორის ტერაქტისთვის მსჯავრდებულ პირთა გადაცემას ითხოვს.
"ცხინვალის ციხეში ე.წ. საზღვრის დამრღვევების გარდა, კიდევ ხუთი ქართველი იმყოფება. რამდენიმე დღის წინ, ორმა მათგანმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში დარეკა, რამაც ოსური მხარე გაანაწყენა – მათ რატომღაც მიიჩნიეს, რომ ეს ჩემი ინიციატივით მოხდა, არადა, არაფერი ვიცოდი.
ეს ბატონები არიან მიდელაშვილი და ხუროშვილი. დანარჩენების გვარებს ვერ გეტყვით, რადგან მათი ოჯახის წევრების ნებართვა არ მაქვს.
ოსური მხარე, მიდელაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს საქართველოს ციხეში მყოფი ოსი პატიმრების გათავისუფლებას, რაც ადვილი არ არის – ისინი გორის ტერაქტში არიან მხილებული და უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ჩვენ მოვახერხეთ ცხინვალის ციხიდან პატიმარ ჯერაპოვის გამოყვანა. მას ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი – 13 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ქართული მედია ამ ფაქტს არ გამოხმაურებია", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
პრესა.ჯი შეეცადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან მიეღო პასუხი, განიხილავენ თუ არა, მთვარობაში სეპარატისტული ცხინვალის აღნიშნულ მოხოვნას და გაიცვლება თუ არა, გორის ტექარტისთვის მსჯავრდებული ტერორისტები საქართველოს მოქალაქეებში. თუმცა, ჩენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მინისტრმა ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„მინისტრი ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას ამ ეტაპზე არ გეგმავს“, - გვითხრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურმა.
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 1 თებერვალს, გორის სამხარეო პოლიციასთან მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე მოქალაქე კი, დაიჭრა.
წინა ხელისუფლებაში თვლიდნენ, რომ ტერაქტის კვალი რუსეთისკენ მიდიოდა. გორის ტერაქტის შემსრულებლებმა აღიარეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, შიდა ქართლში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების ინსტრუქტაჟით მოქმედებდა.
შს სამინისტროს, დანაშაულის გახსნისთვის 5 თვე დასჭირდა. ტერაქტის მოწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან გია ვალიევი და გია ზასიევი, მათთან ერთად - გორში სამხარეო პოლიციის შენობასთან აფეთქებული ავტომანქანის შემძენი, იოსებ კოჩიევი.
შიდა ქართლში მოქმედი დივერსიული ჯგუფის სხვა წევრებზე კი გამოცხადებულია ძებნა. ისინი არიან: ანდრეი ზასიევი, ვალერი კოზაევი, არტურ კოზაევი, ალექსანდრე ცხოვრებოვი, ალექსანდრე ბეჟანოვი და ვლადიმერ ფუხაევი.
ცნობილია დივერსიული ჯგუფის იმ სხვა წარმომადგენლების ვინაობაც, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შიდა ქართლის ტერიტორიაზე განხორციელებულ სხვადასხვა დივერსიულ ქმედებებში.
P.S: აბაშიძე-კარასინის მოლარარაკებების შედეგად, ვლადიკავკაზიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული. ამ ფაქტიდან მალევე, ზაქარეიშვილმა გაახმოვანა ოსი სეპარატისტების მოთხოვნა - გორის ტერაქტისთვის მსჯავრდებულთა გაცვლა ცხინვალის იზოლატორში მყოფ 5 ქართველში.
შესაბამისად, გაიჟღერა ექსპერტთა მოსაზრებამ, რომ შესაძლოა, გორის ტერაქტისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლება აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე იქნა განხილული.
თუმცა, ჯერჯერობით არ გახმოვანებულა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია - გაიცვლება თუ არა, ტერორისტები, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებში.
"მსგავსი საკითხები განიხილება ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში და არა, იმ ფორმატში, რაშიც მე კარასინს შევხვდი. შესაბამისად, ეს თემა ჩვენს შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა" - განუცხადა "პრესა.ჯი"-ს ზურაბ აბაშიძემ.
კითხვაზე, გაცვლის თუ არა, საქართველოს ხელისუფლება გორის ტერაქტისთვის მსჯავრდებულებს ცხინვალის იზოლატორში მყოფ საქართველოს მოქალაქეებში, აბაშიძე ამბობს: "ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ამის შესახებ განცხადება უნდა გააკეთოს ბატონმა ზაქარეიშვილმა".
0