15:43:50     25-04-2014
იაცენიუკი: რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურს... აგრესორს კბილებში მაინც მოხვდება
უკრაინის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა არსენი იაცენიუკმა რუსეთის მისამართით არაერთი მკვეთრი განცხადება გააკეთა.
მან კრემლი მესამე მსოფლიო ომის დაწყების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მოსკოვს კბილებში მოხვდება“. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება.
იაცენიუკმა მოსკოვს შეახსენა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა. ამ დროის განმავლობაში, „უკრაინის ხელისუფლებამ სტაბილიზაციისაკენ მიმართული მკვეთრი ნაბიჯები გადადგა.
ერთადერთი რუსეთია, რომელსაც ჯარების საომარ მზადყოფნაში მოყვანის გარდა არაფერი გაუკეთებია“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
მან ჩურკინისა და ლავროვის განცხადებებიც შეაფასა. საუბარია მათ მიერ გახმოვანებულ მოსკოვის პოზიციაზე. მათი თქმით, „რუსეთს აქვს უფლება უკრაინაში ჯარები შეიყვანოს, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები“.
იაცენიუკის განცხადებით კი, ჩურკინისა და ლავროვის მიერ აგერ უკვე მერამდენედ გახმოვანებული კრემლის ეს პოზიცია ამტკიცებს იმას, რომ „აღმოსავლეთში მყოფი ტერორისტები რუსი სპეცდანიშნულების რაზმის მეომრების ხელმძღვანელობით მოქმედებენ“.
იაცენიუკის თქმით, ამ მომენტისთვის რუსეთს სამი მიზანი აქვს: ჩაშალოს არჩევნები, გადააგდოს მოქმედი ხელისუფლება და უკრაინა დაიპყროს როგორც სამხედრო ძალებით ასევე, პოლიტიკურად.
„რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის მცდელობები აუცილებლად მიგვიყვანს ევროპის ტერიტორიაზე საომარი კონფლიქტის გაღვივებამდე.
მსოფლიოს ჯერ კიდევ ვერ დაუვიწყებია მეორე მსოფლიო ომი და ახლა, რუსეთი ცდილობს მესამე მსოფლიო ომი გააჩაღოს“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და იქვე დასძინა - „აგრესიის და საერთაშორისო უსაფრთხოების დარღვევისათვის მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.
ისინი, კბილებამდე შეიარაღებული განგსტერივით იქცევიან, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, დადგება დრო, როდესაც აგრესორს კბილებში მაინც მოხვდება“, - განაცხადა იაცენიუკმა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას რუსეთის აგრესიის წინააღმდგე გაერთიანებისაკენ მოუწოდა.
0