14:32:01     14-04-2014
„ვაშინგტონ პოსტი“ და „უოლ სთრით ჯორნალი“ უკრაინის კრიზისსა და მოსალოდნელ ომზე
დასავლური მედიის წამყვან თემად ისევ უკრაინაში განვითარებული მოვლენები რჩება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 12 აპრილს უკრაინის აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი და კიდევ უფრო თავხედური გამოსვლები დაიწყეს პრორუსულმა ძალებმა.
„დამოუკიდებელი დამკვირვებლების ინფორმაციით, სახედრო კომუფლიაჟში ჩაცმული მამაკაცებით სავსე ავტობუსებმა იერიში მიიტანეს სამთავრობო დაწესებულებებზე უკრაინის კიდევ ოთხ ქალაქში“, - იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“.
„უკრაინაში განვითარებული მოვლენებით გასაგები ხდება, რომ პუტინს სურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ჩამოყალიბებული და საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული საზღვრები თავის ნებაზე და რუსეთის სასარგებლოდ შეცვალოს.
იქ, სადაც შესძლებს და გაუვა - მშვიდობიანად, დიპლომატიის გზით, ხოლო სადაც არ გამოუვა, ძალით“- ასეთია წამყავნი დასავლური პრესის წარმომადგენლების საერთო აზრი, ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით.
„შესაძლოა, უკვე ძალიან გვიანია და უკრაინის აღმოსავლეთში ომის დაწყების შეჩერება ვეღარ მოხერხდება, მაგრამ მაინც აუცილებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები სასწრაფოდ დაწესდეს“, - მოუწოდებს „ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკის ხელისუფლებას.
კონკრეტულად კი, საუბარია სანქციებზე, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის ეკონომიკური, ენერგო და სამთო-მომპოვებელი სფეროების საქმიანობის შეფერხებისაკენ.
„რუსეთის უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრა უკვე დაიწყო“,- წერს „უოლ სთრით ჯორნალი“. გაზეთის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს იმას, რაც ცოტა ადრე ყირიმში ხდებოდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „ამჯერად, უკრაინის ხელისუფლება სუსტად, მაგრამ მაინც რეაგირებს მომხდარზე საკუთარი ძალებით“.
სლავიანსკსა და სხვა ქალაქებში უკვე არის პირველი მსხვერპლი. „სინამდვილეში, შესაძლოა, მოვლენათა განვითარების სწორედ ძალადობრივი სცენარი სჭირდებოდეს პუტინს, ყველაზე მეტად, რადგან ამ კვირაში, ევროკავშირის, ამერიკისა და რუსეთის დიპლომატთა ერთობლივი შეხვედრა იგეგმება, რათა მოხერხდეს უკრაინის კრიზისის დასრულების მშვიადობიანი გზების მოძებნა.
ამ შეხვედრის წინ, პუტინს, მოვლენათა ძალადობრივი ესკალაცია შესაძლოა, ყველაზე მეტად აწყობდეს, რადგან ეს მას მისცემს საბაბს, გაამართლოს სამხედრო ძალების გაგზავნა უკრაინაში რუსულენოვანი უმცირესობის დაცვის მომიზეზებით“, - ნათქვამია სტატიაში.
აქვე, გამოცემა იმასაც ახსენებს თავის მკითხველს თუ რა იქნება რუსეთისთვის „კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსვლის გზები“. მათი თქმით, „კრემლისთვის მისაღები მხოლოდ რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება, უკრაინის მიერ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა და ქვეყნის ფედერაციული მოწყობა იქნება“, - პროგნოზირებს „უოლ სთრით ჯორნალი“.
სანამ დასავლური მედია და პოლიტიკოსები შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის შესაძლო გზების ძიებაში არიან, უკრაინაში ვითარება უკიდურესად იძაბება. იმდენად, რომ საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ტურჩინოვის სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს.
ტურჩინოვი თანახმაა, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, უკრაინაში, ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ რეფერენდუმიც ჩატარდეს. ამის შესახებ განცხადება ტურჩინოვმა საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების შემათანხმებელ სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენ არ ვართ რეფერენდუმის წინააღმდეგი. მეტიც: დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელთა გადამწყვეტი უმრავლსობა ხმას ქვეყნის ერთიანობასა და ფედერაციული მოწყობის წინააღმდეგ მისცემს.
ასე რომ, თუ პარლამენტი შესაბამის
გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ საკითხზე რეფერენდუმი შეგვიძლია ვადამდელ
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩავატაროთ“, - განაცხადა ტურჩინოვმა.
0