მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება - შეიცვლება თუ არა, განათლების მინისტრი? მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება - შეიცვლება თუ არა, განათლების მინისტრი? />


  12:32:45     10-04-2014

მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება - შეიცვლება თუ არა, განათლების მინისტრი?

a29016.jpg

თბილისის 53-ე სკოლაში სწავლის პროცესი ამ დრომდე ჩაშლილია. მოსწავლეთა უმრავლესობა განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. სანიკიძემ 53-ე სკოლის დირექტორი, ე.წ. აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლა და მის ნაცვლად ახალი დანიშნა, რასაც მოსწავლეთა მწვავე პროტესტი მოჰყვა. 

სანიკიძის ფავორიტი დირექტორი დღეს მოსწავლეებმა სკოლაშიც კი არ შეუშვეს. ხოლო მასწავლებელთა ის ნაწილი, რომელიც ახალ დირექტორს ემხრობა, "სირცხვილის დერეფანში" გაატარეს რამდენიმე დღის წინ. 

ამ წუთებში 53-ე სკოლასთან მობილიზებულია პატრულის ეკიპაჟები. მოსწავლეები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. ჯიუტობს მარგველაშვილის ფავორიტი განათლების მინისტრიც. ადგილზე იმყოფებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები. 

პარალელურად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 53-ე სკოლის დარღვევების თაობაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას ავრცელებს.
 

"1. ინსპექტირების ჯგუფის მიერ ადგილზე შემოწმებისას გამოვლინდა, რომ სკოლის ფართებით (6 საკლასო ოთახი) სარგებლობს კერძო პირი, ისე, რომ არ იხდის სარგებლობის თანხას, არ არსებობს ხელშეკრულებები, არ არის განათლების სამინისტროს და ეკონომიკური სამინისტროს თანხმობა, არ ჩატარებულა აუქციონი (სარგებლობა ხდებოდა 2013 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2014 წლის თებერვალში);

2. 2013 წლის განმავლობაში მოქმედი იჯარის 12 ხელშეკრულება დადებულია კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის საფუძველზე (ჯამში იჯარით გაცემული ფართი 1600 კვ.მ–ზე მეტია);

3. მოიჯარეების მიერ თანხების გადახდა ხდებოდა დარღვევით, არ არის გადახდილი საურავები. ერთ-ერთ შპს-ს არ აქვს გადახდილი იჯარის თანხა 3600 ლარის ოდენობით, საურავი – 433 ლარი, კომუნალური გადასახადი – 108 ლარი (საურავის ნაწილი და კომუნალური გადახდილ იქნა ინსპექტირების დასრულების შემდეგ (საურავი 160 ლარი, კომუნალური გადასახადი 108 ლარი);

4. მოიჯარე ც. თ. – გარკვეული პერიოდი სარგებლობდა ფართით (79.80 კვ.მ) ხელშეკრულების გარეშე და საფასურის გადახდის გარეშე;
5. მოიჯარე ე. დ.-ს მიერ დაკავებული იყო დამატებით სხვა ფართი;

6. მოიჯარე თ. მ. – იჯარით აღებული ფართის ნაცვლად იყენებდა სხვა ფართს;

7. მოიჯარე ნ. ს. – იჯარით გაცემული ფართი ნაკლებია, რეალურად იყენებს მეტ ფართს (31 კვ.მ–ის ნაცვლად 41 კვ.მ–ს);

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში დარღვეულია ბუღალტრული აღრიცხვის წესი (ხელმოუწერელი მემორიალური ორდერები);

დარღვეულია ინვენტარიზაციის ჩატარების წესი (ხელმოუწერელი საინვენტარიზაციო აღწერები);

დარღვეულია შესყიდვების განხორციელების წესი (არ არის დამტკიცებული შესყიდვების გეგმა, შესყიდვები განხორციელებულია ხელშეკრულების გარეშე);

სამი წელია არ არჩეულა ახალი დისციპლინური კომიტეტი (უნდა აირჩეს ყოველ წელს ახალი);
სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცებულია არასრულად;

წრეები შექმნილია ერთპიროვნულად დირექტორის ბრძანებით, როცა უნდა იყოს განსაზღვრული სასკოლო სასწავლო გეგმით, დამტკიცებული და შეთანხმებული სამეურვეო საბჭოს მიერ;

გადასწორებულია ჟურნალები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლას არაერთი მითითება აქვს მიცემული;
არც ერთი პირველკლასელის პირადი საქმე არ იყო შევსებული (უნდა შევსებულიყო წლის დასაწყისში);

მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელებულია ამისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე (კანონიერი წარმომადგენლის განცხადებისა და სანოტარო წესით დამოწმებული დაბ. მოწმობის წარდგენის გარეშე)".

მოხსნილი დირექტორი აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და თავს ინტრიგების მსხვერპლად მიიჩნევს. მისი განცხადებით, აუდიტმა მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები აღმოაჩინა. რაც შეეხება ახალ დირექტორს, მას სკოლაში არ უშვებენ და მოსწავლეები ტრანსფარანტებით მოუწოდებენ რომ "წავიდეს". 

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის მეთაური უკმაყოფილოა ხისტი სანიკიძის მუშაობით. არსებობს მოსაზრება რომ სანიკიძე, ხშირ შემთხვევაში უხეშ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც განათლების სფეროს წარმომადგენელთა უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, ერთ-ერთი ვერსიით, მთავრობაში განათლების მინისტრის მოხსნის ალბათობა იზრდება. 
0

ავტორი: