11:25:43     12-02-2011
ვუნდერკინდი, რომლის “მძიმე ლექსებმა” ჯერ საბჭოთა კავშირი და შემდეგ მსოფლიო გააოგნა
მისი წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: “ეს პოეტური კრებული თანამედროვეთა შორის ერთერთ ყველაზე არაჩვეულებრივ პოეტს ეკუთვნის, რომელმაც ქვეყანა ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკში გააოცა.”
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, ნიკა ტურბინას ცნობილი გამოცემის კორესპონდენტმა დაურეკა.
“ნიკა, შეიძლება შენობით მოგმართო?” – შეეკითხა ჟურნალისტი. “ღმერთო ჩემო, რატომაც არა? მე ხომ არც ისე ბებერი ვარ,” - გაიკვირვა ნიკამ.
შემდგომ კი მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
“_ მე შენ გაგაღვიძე, რა გესიზმრებოდა?
_ ბოლო დროს უსიზმრო ღამეები მაქვს, არც არაფერი!
- ადრე ხედავდი სიზმრებს?
_ ადრე ცხოვრება იყო, როგორც სიზმარი, საყვარელი, ტკბილი სიზმარი. ახლა კი “ტკბილი” რეალობის წინაშე ვარ, თითქოს კოშმარს ვხედავ.
_ რა არის შენთვის ღამე? დასვენების დრო, თუ კიდევ სხვა რამ?
_ მე ღამის ადამიანი ვარ, მხოლოდ ღამით ვგრძნობ თავს სამყაროსგან დაცულად, ხმაურისგან, ბრბოსაგან, პრობლემებისგან შორს. საკუთარ თავს ვპოულობ და ჩემთვის ვცხოვრობ.”
ამ საუბრიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 28 წლის ნიკა დაიღუპა. მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა სენსაციების მოყვარულ საზოგადოებას ვუნდერკინდი გოგონა და მისი საოცარი, ტრაგიზმით სავსე ლექსები. 2002 წლის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ნიკა მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. გაჩნდა სხვადასხვა ვერსიებიც, მათ შორის ისიც, რომ ნიკა მოიშორეს.
ვინ იყო ნიკა ტურბინა, პატარა გენიოსი, რომლის “მძიმე ლექსებმა” ჯერ საბჭოთა კავშირი და შემდეგ მსოფლიო გააოცა და რომლის უკიდეგანო ნიჭის “მიზეზებსაც” მისტიკაში ეძებდნენ? თავად ნიკა მოგვიანებით ამბობდა: “მე ვიქეცი ცირკის სპილოდ, რომელსაც ქუჩებში დაატარებდნენ, ხალხის სასეიროდ, ხოლო შემდეგ, უბრალოდ, მოისროლეს და მიივიწყეს.”
ნიკას მთელი საბჭოთა კავშირი იცნობდა. წერა-კითხვის სწავლამდე ახლობლებს სტროფებს ზეპირად კარნახობდა (გოგონას დედა და ბებია ზრდიდნენ), რომლებსაც ყველაფერი აკურატულად გადაჰქონდათ რვეულში. დედა – მაია ტურბინა მხატვარი იყო, პაპა – ანატოლი ნიკანორკინი – ცნობილი მწერალი. ბრონქიალური ასთმის მძიმე ფორმით დაავადებულ გოგონას ძილი არ შეეძლო, სიზმრების ეშინოდა, ღამეებს თეთრად ათენებდა. გრძელი ღამეების სიცარიელის შესავსებად კი ლექსებს თხზავდა. ეს იყო საოცარი ლექსები, არაამქვეყნიური...
ვუნდერკინდი იალტელი პოეტის შესახებ ხმა მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ევგენი ევტუშენკოს ყურამდეც მიაღწია. საბჭოთა გაზეთები გადაჭრელდა ნიკას ლექსებით და მის შესახებ სტატიებით. გოგონას ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, მას საღამოებს უწყობდნენ, 9 წლის ასაკში წიგნიც გამოსცა, რომელიც 12 ენაზე ითარგმნა. 1985 წელს ლიტერატურის ისტორიაში გაუგონარი მოვლენა მოხდა: 10 წლის პოეტს ვენეციაში ყველაზე პრესტიჟული პოეტური პრემია – “ოქროს ლომი” გადაეცა. ეს ჯილდო რუსი პოეტებიდან ანა ახმატოვას ჰქონდა მიღებული, 60 წლის ასაკში.
მალე ნიკას დედა დაოჯახდა და მეორე ქალიშვილი შეეძინა. მოგვიანებით ნიკა გულდაწყვეტილი იხსენებდა ერთ შემთხვევას: ერთხელ დედას ჰკითხა: დედა, მაშაც (პატარა დაიკო) გენიოსი გამოვა? დედამ კი დაუფიქრებლად და როყიოდ უპასუხა: ღმერთმა დამიფაროს, ერთი გენიოსიც მეყოფა. ეს ინცინდენტი ნიკას მწარედ დაამახსოვრდა.
ნიკას გარს ეხვეოდნენ პოეტები, ფსიქოლოგები, ექიმები.. ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ მის ფენომენს, მისი გაუგონარი, ბრწყინვალე ტალანტის მიზეზები გამოეკვლიათ. მთელი სასკოლო ასაკის განმავლობაში გამუდმებით მოგზაურობდა, ევგენი ევტუშენკოსთან ან ბებიასთან ერთად.
მოგვიანებით ნიკა ტურბინა ფილმში გადაიღეს, მცირე ხნით ცხოვრობდა შვეიცარიაში, შემდეგ ჩააბარა მოსკოვის კულტურის ინსტიტუტში, სადაც მისი მასწავლებელი და მეგობარი ალიონა გალიჩი გახდა. მუშაობდა მოსკოვში, ერთერთ თეატრ-სტუდიაში. თუმცა... პოეზიამ მიატოვა ნიკა, ამ დროს მას უკვე დაწყებული ჰქონდა სმა.
მალე სწავლამაც აღარ დააინტერესა. მცირე ხანი ფსიქიატრულ კლინიკაში გაატარა, რამდენიმე თვეში გამოვიდა და “ჩვეულ” ცხოვრებას დაუბრუნდა. ერთხელ ფანჯრიდანაც გადმოვარდა, მაგრამ გადარჩა. როგორც მისი ნაცნობები წერენ: ნიკას პათოლოგიურად ეშინოდა მარტოობის, თავისთან იწვევდა მეგობრებს. მიაჩნდა, რომ “მარტოობა სიკვდილის მეგობარია.”
ნიკას გარდაცვალების ეპიზოდს ხშირად ასე აღწერენ (თუმცა, ზუსტად მაინც ვერავინ გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში): “2002 წლის 11 მაისს, ნიკა და მისი მეგობარი საშა სტუმრად იყვნენ, დალიეს, საშა და ერთი გოგონა მაღაზიაში ჩავიდნენ, ნიკა მათ ელოდა, მეხუთე სართულზე იჯდა, ფეხები ძირს ჰქონდა გადმოშვებული. ეს მისი საყვარელი პოზა იყო, სიმაღლის არ ეშინოდა. ქუჩაში ძაღლთან ერთად მოსეირნე მამაკაცმა ყვირილი გაიგონა: “საშა მიშველე, თორემ გადავვარდები!” ნიკა ღმერთმა ვეღარ გადაარჩინა.
პოეტესა, რომელმაც თავისი საუკეთესო ნამუშევრები 4-დან 10 წლამდე ასაკში შექმნა, ვაგანსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე უამრავი წიგნიც დაიწერა, ფილმებიც გადაიღეს და მედიაშიც უამრავი მასალა ეძღვნება, ვერავინ შეძლო ჩაწვდომოდა მოვლენას, პატარა გოგონა როგორ თხზავდა ასეთ ლექსებს: ტრაგიკულს, სევდიანს, არაბავშვურს. ნიკას ფენომენი ამოუხსნელი და იდუმალებით მოცულია და ეს ლოგიკურია, სწორედ ასეც უნდა იყოს. “მე დავეცემი, მაგრამ მაინც აღვსდგები” – ნიკას ლექსის ეს ერთი ფრაზა, მისი ცხოვრების და შემოქმედების დედააზრია.
0