რუსული დუუმვირატის ბრძოლა დასავლეთის სიმპათიებისთვის (ნაწილი მეორე) რუსული დუუმვირატის ბრძოლა დასავლეთის სიმპათიებისთვის (ნაწილი მეორე) />


  10:14:33     09-06-2010

რუსული დუუმვირატის ბრძოლა დასავლეთის სიმპათიებისთვის (ნაწილი მეორე)

a708.jpg

ხოდორკოვსკი, ”პუმე”, მედვედევის ”აიპოდოკრატია”

[მანანა აბაშიძე]
ჩვენი სტატიის პირველ ნაწილში ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ მედვედევის მიმართ, რუსულ - და არამარტო - ლიბერალურ საზოგადოებაში მის მიმართ ტოტალური იმედგაცრუებაა. ამ ფონზე პუტინმა ”პოლიტიკური ფერისცვალება” დაიწყო. ეს, თანაბრად შენიშნა და აღნიშნა როგორც დამოუკიდებელმა რუსულმა, ასევე, დასავლურმა მედიამაც.

ამ რამდენიმე ხნის წინ, ”ნიუსუიკში” გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო სტატია ”პუტინის ახალი პროფილი”. მასში საუბარი იყო იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ცდილობს პუტინი თავისი იმიჯის შეცვლას; რატომ უგზავნის დასავლეთს ”მორცხვ სიგნალებს” იმის შესახებ, რომ ის აღარც ისეთი მრისხანეა როგორადაც აქამდე წარმოუდგებოდა ცივილიზებულ სამყაროს. საინტერესოა, რომ ამისთვის პრემიერი... ხოდორკოვსკის თემას ძალიან კარგად იყენებს.

ივნისში რუსული და დასავლური მედია რომ იტყვიან, წალეკა სტატიებმა იმის შესახებ, რომ ”პუტინის კადრებმა ხოდორკოვსკის უდანაშაულობა დაადასტურეს”. საუბარია ფაქტზე, როდესაც შერისხული ოლიგარქის ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლოზე გამოცხადდნენ გერმან გრეფი და ვიქტორ ხრისტენკო. სწორედ იმ დროს, რომლის განმავლობაშიც გენერალური პროკურატურა ხოდორკოვსკის 350 მილიონი ტონა ნავთობის დატაცებაში ადანაშაულებს, გერმან გრეფი - ”პუტინის კაცი” - ეკონომიკის განვითარების მინისტრი გახლდათ. ხრისტენკო კი მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრია.

ორივემ ხმამაღლა და ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ ”იუკოსის” მიერ ნავთობის დატაცების შესახებ არაფერი იციან. მეტიც, გრეფის თქმით, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო, დაკავებული თანამდებობის გამო, მას ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდა. დასავლური მედიის რეაქციამ არ დააყოვნა.

”როდესაც პუტინის ხალხი სასამართლოში ცხადდება” - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია ”თაიმსში”. შესაძლოა ცინიკურადაც ჟღერდეს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ პუტინის მიზანიც სწორედ ეს ან სხვა, ანალოგიური შინაარსის შეფასება გახლდათ. საკანში გამოკეტილი ხოდორკოვსკი უკვე დღესაა ძალიან სახიფათო, პოპულარული ანუ გავლენიანი - მორალური თავლსაზრისით - მოწინააღმდეგე პუტინისთვის.

თუ ხოდორკოვსკის სოციალურ აქტივობას გავითვალისწინებთ, ადვილი მისახვედრია, რომ უახლოეს მომავალში მის გათავისუფლებას ალბათ არ უნდა ველოდოთ. თუმცა ნათელია ისიც, რომ ამ თემით თამაშს პუტინი აშკარად გააგრძელებს. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში სასამართლოში მისი მარჯვენა ხელი, რუხი კარდინალი, იგორ სეჩინიც კი გამოცხადდეს. სხვათა შორის, ხოდორკოვსკის ადვოკატმა მის სასამართლოში მოწვევაზე შუამდგომლობა დიდი ხნის წინ დააყენა.

სწორედ იგივე, იმიჯის გაკეთილშობილების კონტექსტში უნდა განვიხილოთ პუტინის მიერ პატარა ლოსის ბოთლითა და სატყუარით გამოკვება. ისევე როგორც, რუსეთის პრემიერის უდავოდ ცინიკური, მაგრამ მაინც, შედარებით აშკარად ნაკლებად აგრესიული რეაქცია ამერიკული მხარის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ტერმინ ”ოკუპაციის” გაჩენის გამო. ძველი პუტინი მინიმუმ საქართველოს პრეზიდენტს მაინც დაემუქრებოდა... თავადაც იცით, რით!

მაინც, რატომ გადაწყვიტა მრისხანე ექს-პრეზიდენტმა, უარი თქვას იმიჯზე, რომელმაც მას ”ნაციონალური ლიდერის” არაოფიციალური სტატუსი მოუტანა? მიზეზი რამდენიმეა. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ რუსეთს ეკონომიკურად ძალიან უჭირს. ხოლო მისი დღევანდელი თანამდებობიდან გამომდინარე, ხალხის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე და შესაბამისად, ამ პრობლემის მოგვარებაზე, პასუხისმგებელი სწორედ პუტინია - როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების თავკაცი.

ამ ურთულესი პრობლემის მოგვარებისთვის პუტინს სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთის დახმარება. დასავლეთი კი ფსონს მედვედვზე დებს - სწორედ, მისი ”მოდერნიზაციისა” და ფართოდ რეკლამირებული ლიბერალიზმის გამო. ჰოდა, პუტინმაც ჭკუა ისწავლა. ეს, ერთი მიზეზი. არის სხვაც.

სტატიის პირველ ნაწილში ვახსენეთ ცნობილი რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის მიერ ”გრანი.რუს”-ს ბლოგზე დატოვებული ჩანაწერი სახელწოდებით, ”პუმე-ს შუადღე” (http://www.grani.ru/opinion/piontkovsky/m.177802.html).

”2009 წელი პოლიტიკური კლასისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ქვეყანაში არსებული რეალური ვითარების შესახებ კარგად ინფორმირებული პოლიტიკური კლასის ცნობიერებაში გაჩნდა და სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს პუტინისეული ეკონომიკურ-პოლიტიკური მოდელის ამოწურულობის, უპერსპექტივობის, ჩიხურობის, სამომავლო განწირულობისა და ტრაგიკომიკურობისა”- წერს პიონტკოვსკი.

როგორც ჩანს, მის მიერ შექმნილი სისტემისა და მმართველობის სტილის ჩიხურობა კარგად გაიაზრა თავად პუტინმაც. სავარაუდოდ, ამაში დიდი როლი უნდა შეესრულებინა იმ ფართომასშტაბიან - გეოგრაფიული თვალსაზრისით - გამოსვლებს, რომლებიც მთელი გაზაფხულის განმავლობაში იმართებოდა რუსეთში. ვგულისხმობთ, ე.წ. ”რისხვის დღეებს”, რომლებზეც სულ უფრო და უფრო ხშირად ისმოდა ”დიაგნოზი”: ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! და რაც პუტინისთვის ყველაზე უფრო სახიფათოა, ეს განწყობა საზოგადოების იმ ფენებიდან მოდის რომელიც ტრადიციულად, თავის უმთავრეს საყრდენად ეგულებოდა.

”პრესა.გე” უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ამა წლის განვლილი ექვსი თვის განმავლობაში აღინიშნა და ჯერაც ნარჩუნდება დუუმვირატის პოპულარობის კლების ტენდენცია. ამ დღეებში რუსულმა მედიამ კიდევ ერთი სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

10 ივლისს, ”გაზეტა.რუ” წერდა: ”ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 27% ფიქრობს, რომ ქვეყანაში პუტინის პიროვნების კულტია; კიდევ 28% მიიჩნევს, რომ პიროვნების კულტი ჯერ არ არის, მაგრამ ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს. გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ის აზრით, ქვეყანაში პიროვნების კულტი არ არსებობს”.

ამას ისიც ემატება, რომ გამოცემის ინფორმაციით, გამოკითხულთა 67%-ს აუცილებლად მიაჩნია ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა. ამ ყველაფერს ერთად თუ შევაჯამებთ, გასაგები გახდება, რატომ შეაწუხა პუტინი ძველმა იმიჯმა.

დაპირისპირება დუუმვირატში
ამ ფონზე სულ უფრო და უფრო მძაფრდება დუუმვირატში დაწყებული ბრძოლა რეალური ძალაუფლებისათვის ანუ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მედვედევს საჭიროდ აღარ მიაჩნია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ”პუტინთან მოთათბირება და შეთანხმება” ახსენოს. არადა, ამა წლის 25 თებერვალს, ”პარი მატჩისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ჯერ კიდევ საუბრობდა ამაზე. როგორია ვითარება დუუმვირატში, ვინ იგებს და ვინ აგებს? ამ კითხვაზე პასუხი თითქმის არავის აქვს.

”ოი, ეს ძალიან რთული სათქმელია. როგორც ჩანს, რუსეთი მართლაც არის ბიზანტიის მემკვიდრე და დუუმვირატის მაგალითი ამას კარგად აჩვენებს. სწორედ იქ იყო კარის იმდენად რთული ინტრიგები, რომ მთელი ევროპა ტვინს იჭყლიტავდა და მაინც ვერავინ ხვდებოდა, იქ რა ხდებოდა. მოკლედ, ძალიან რთული სათქმელია. ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად ეს მხოლოდ არჩევნების წელს გადაწყდება”- აღნიშნა ექსპერტმა კახა კაციტაძემ ”პრესა.გე”-სთან საუბრისას.

იგივეს ვარაუდობენ რუსეთშიც. დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების აზრით, ”დუუმვირატის წევრები არ იჩქარებენ და ინტრიგას 2012 წლამდე შეინარჩუნებენ”. თუმცა, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც.

ამასობაში კი, რუსული მედია წერს იმაზეც, რომ უკვე მედვედევის გარშემოც გაჩნდა ახალი პოლიტ-ბიუროკრატიული და ეკონომიკური ელიტა. ამ ეტაპზე მათსა და პუტინის ელიტას შორის როგორც იტყვიან, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან საინტერსო სტატია იყო განთავსებული ინტერნეტგამოცემა ”სლონ.რუ”-ს ბლოგზე. მისი ავტორია დიმიტრი რომანოვი და მასში საუბარია იმის შესახებ, რომ ”ტანდემს დიდი დრო აღარ დარჩა” (სტატია იხილეთ http://slon.ru/blogs/romanov/post/412185/)

პრეზიდენტობის მესამე კანდიდატი 2012 წლის არჩევნებისთვის?
დუუმვირატში გამძაფრებული ბრძოლის ფონზე, ივნისში, ობამა-მედვედევის შეხვედრამდე და ”ჯაშუშურ სკანდალამდე” ცოტა ხნით ადრე, ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა. დასავლურმა მედიამ როგორღაც, უცბად, არაფრიდან გამომდინარე, ყურადღება მიაქცია პუტინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას, მის დასაყრდენსა და მარჯვენა ხელს, რუხ კარდინალს (როგორც თავადვე უწოდეს), იგორ სეჩინს.

სეჩინთან ინტერვიუები ზედიზედ რამდენიმე ძალიან სერიოზულ დასავლურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. თუმცა, აქცენტებისა და გამოთქმული ვარაუდების მიხედვით, ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც, ”როიტერის” მიერ ჩაწერილი ინტერვიუ - ”პუტინის მარჯვენა ხელი კრემლის ჩრდილიდან გამოდის” - გახლდათ (http://inosmi.ru/politic/20100621/160739829.html და ორიგინალიც http://af.reuters.com/article/energyOilNews/idAFLDE65I08320100620?sp=true).

რატომ იქცა ტიპური რუხი კარდინალი დასავლური მედიის ინტერესის ობიექტად ასე უეცრად?

”ვფიქრობ, მაგ ადამიანს არც არასოდეს ჰქონია გამოჩენის სურვილი და არც ახლა ექნებოდა. უბრალოდ მედიამ (თუ, იმან, ვინც მედიას ინფორმაცია მიაწოდა) გარკვეულ მომენტს ”ჩაავლო” - ვარაუდობს კახა კაციტაძე.

ექსპერტი ეთანხმება რუსულ და დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ახალი ამბებისა თუ მედიაში გასული სტატიების ანალიზით, მისი აზრით, სეჩინი პუტინის კლანის ”ერთ-ერთი საკვანძო, ”ხერხემლური” ფიგურაა”.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურად იგორ სეჩინი ერთ-ერთი ვიცე-პრემიერია.

კაციტაძის თქმით, ”რუსულ და ქართულ რეჟიმებს ერთი რამ აქვთ საერთო - არ აქვს მნიშვნელობა, რა რანგის არის ადამიანი იურიდიულ-კონსტიტუციურად. რეალური იერარქია სულ სხვა პრინციპებით იგება. სეჩინს არ უკავია რაიმე განსაკუთრებული პოსტი, მაგრამ, ვიმეორებ, ისევ რუსული პრესის ანალიზით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის აშკარად ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ისევე, როგორც რკინიგზის შეფი -იაკუნინი. ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ძალიან საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება: მსხვილი სტრუქტურები რომელთა ხელშიც ძალიან მსხვილი ფინანსები ბრუნავს - ”გაზპრომი”, ”რჟდ”, ”როსნეფტი”... - მათი ხელმძღვანელები ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენენ რუსულ პოლიტიკაზე” - აღნიშნავს ექსპერტი.

სხვათა შორის, იაკუნინი პუტინის ერთ-ერთ შესაძლო მემკვიდრედაც სახელდებოდა. თუმცა, საბოლოოდ მან არჩევანი მედვედევზე შეაჩერა.

”ურთიერთობის რბილი სტილი და ზედმიწევნით დახვეწილი მანერები იგორ სეჩინის მრისხანე რეპუტაციას ეწინააღმდეგება. ოფიციალური პირები და ელჩები მიიჩნევენ, რომ ყოფილი საბჭოთა სამხედრო თარჯიმანი, იგორ სეჩინი კრემლის ნაციონალისტურად განწყობილი ”ძალოვანთა” კლანის არაოფიციალური ლიდერია. ამ ჯგუფში შედიან ყოფილი სამხედროები და სპეცსამსახურების ჩინოვნიკები, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი რუსეთის ეკნომიკაში” - ვკითხულობთ ”როიტერის” ზემოთხსენებულ სტატიაში. ავტორთა თქმით, ”ოლიგარქები მის დანახვაზე ფეხზე დგებიან, ხოლო ჟურნალი ”ფორბსი” მას მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის ასახელებს”.

”როიტერის” სტატია - ”პუტინის მარჯვენა ხელი კრემლის ჩრდილიდან გამოდის” - ყველაზე უფრო საინტერესო იმ კითხვის გამოა რომელსაც ავტორები სვამენ: ”შეიძლება თუ არა, რომ სეჩინი იყოს მესამე კანდიდატი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?”

ჟურნალისტების კითხვაზე სეჩინის რეაქცია ასეთი იყო: ”არასოდეს მომისმენია ესოდენ საინტერესო კითხვა” - გესლიანად შენიშნა პუტინის მარჯვენა ხელმა.

თუმცა, მიუხედავად სარკაზმისა, როგორც ჩანს, მისთვის კითხვა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ სტატიის თანახმად, რამდენიმე საათში მათ სეჩინის პრეს-მდივანმა დაურეკა და სთხოვა, თავიანთ კითხვაზე ახალი პასუხი მიეღოთ: ”ეს შეუძლებელია ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო”.

2012 წელს სეჩენის მესამე კანდიდატად მოვლინების შესაძლებლობის არც ქართველ ექსპერტს, კახა კაციტაძეს სჯერა. მისი თქმით, სeჩინს სხვა ფუნქცია აქვს.

”ახლა ჩემს სრულიად სუბიექტურ აზრს გეტყვით და თუ შეიძლება, ამას ხაზი გაუსვით, რადგან ამის დამამტკიცებელი რუსულ მედიაში არაფერი წამიკითხავს... ჩემი სუბიექტური აზრით, სეჩინს კონკრეტული ფუნქცია აქვს. ის კურირებს და ლობირებს ისეთ მსხვილ სახელმწიფო სტრუქტურებს, სადაც სახელმწიფოს აქვს მონოპოლია და სადაც დიდი ფული კეთდება. ამ წარმონაქმნებს და მათ ხელმძღვანელებს რამდენიმე ამბიცია აქვთ: სურთ, რუსული პოლიტიკის განსაზღვრელები იყვნენ და თავის მხრივ, რუსული პოლიტიკა მათი ფინანსური ინეტერესების დაცველი პოლიტიკა იყოს.

ამისათვის მათ მხოლოდ ის სჭირდებათ, რომ დასავლეთმა ისინი მსოფლიო პოლიტიკური ელიტის ნაწილად აღიაროს და მიიღოს. რაც შეეხება იდეოლოგიას... ბელორუსის მაგალითმა ნათლად აჩვენა, რომ იმპერიის აღდგენის არავითარი იდეები მათ არ აწუხებთ და იდეოლოგია მათთვის მხოლოდ შირმაა. აი, სწორედ ასეთი სტრუქტურების ინტერესებს ლობირებს და იცავს კრემლში, ჩემი სუბიექტური აზრით, იგორ სეჩინი” - ამბობს კახა კაციტაძე.

ექსპერტის თქმით, არის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზიც. როგორც ვთქვით, დამოუკიდებელი რუსული და დასავლური მედიის აზრით, სეჩინი ტიპური რუხი კარდინალია. კაციტაძის თქმით, სწორედ ამის გამო ვერ იქნება იგი მესამე კანდიდატი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. და მართლაც, არც პუტინი ყოფილა რუხი კარდინალი და არც მედვედევი.

”ძალიან იშვიათად ხდება, რუხი კარდინალის პირველ პოსტზე წამოწევა. თუ ვიტყვით, რომ პუტინი თავის დროზე ასე წამოიწია ან მედვედევი... არც ერთი არ იყო რუხი კარდინალი. პუტინზე კიდევ რაღაც შეიძლება მეტ-ნაკლებად ითქვას - ელცინის პრეზიდენტობის ბოლო ეპრიოდში. თუმცა, მასაც საჯარო პოსტი ეკავა - პერმიერ-მინისტრი იყო. ასე რომ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია რუხი კარდინალის ტიპის პოლიტიკოსი როგორ შეიძლება დუუმვირატის მემკვიდრე გახდეს. თან, იმის გათვალისწინებით, რომ დუუმვირატის ორივე წევრს აქვს პრეზიდენტობის სურვილი. არა, ვფიქრობ, ეს შეუძლებელი სცენარია” - ამბობს კახა კაციტაძე.

პრეზიდენტობის მესამე კანდიდატად იგორ სეჩენი ალბათ მართლაც არ უნდა ვივარაუდოთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, მის ღია არენაზე გამოყვანას სხვა, უფრო რეალური მიზეზი ჰქონდეს.

ჩვენი სტატიის პირველ ნაწილში ვახსენეთ იგორ იურგენსი - როგორც, მედვედევის იდეოლოგი. ყოველ შემთხვევაში, ასე უწოდებს მას დამოუკიდებელი რუსული მედია. მისი არსებობით მედვედევმა ერთგვარად აჩვენა, რომ ის განსხვავდება პუტინისგან, რადგან შეუძლია მოისმინოს, მიიღოს და გაითვალისწინოს სხვისი რჩევა. ანუ, წინამორბედისგან განსხვავებით, ის არ არის ავტოკრატი. ეს დასავლეთისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

ახლა თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ პუტინი იმიჯის შეცვლას ცდილობს, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მრჩეველი - დემოკრატიულ ატრიბუტად - მასაც საჭიროდ ჩაეთვალა. თუ ეს მართლაც ასეა, შესაძლოა, სეჩინის ღია პოლიტიკურ ასპარეზზე წამოწევა სწორედ ამ მცდელობას უკავშირდებოდეს. თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად წაადგება პუტინს იმიჯის გაკეთილშობილების მცდელობაში იდეოლოგად და მრჩევლად იმ ფიგურის წარმოჩენა, ვინც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ერთმნიშვნელოვნად ძალოვანთა კლანის ინტერესებისა და შეხედულებების დამცველ-გამტარებლად აღიქმება.

ასეა თუ ისე, რუსეთში მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ უახლოეს მომავალში ალბათ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვაზე გამოჩნდება პასუხები. იქამდე კი შეიძლება ითქვას, რომ დასაკვირვებლად, დუუმვირატის ჭიდილი ძალიან საინტერესო სანახაობაა.

0

ავტორი: