14:31:24     04-04-2014
გაბრიელ გარსია მარკესი საავადმყოფოში - ემუქრება თუ არა მწერლის სიცოცხლეს საფრთხე?
თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, სიცოცხლეშივე კლასიკოსად აღიარებული, ნობელიანტი გაბრიელ გარსია მარკესი საავადმყოფოში დააწვინეს. იტარ-ტასის და სხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს ჯერ კიდევ 31 მარტს, ორშაბათს მოხდა. თუმცა, ფართო საზგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. მარკესი მექსიკის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
ჯერჯერობით, ზუსტი დიაგნოზის, მარკესის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჰოსპიტლიდან მისი გამოწერის ვადების შესახებ, მსოფლიო მედიით ურთიერთ საწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება.
მათი ნაწილი ამბობს, რომ მწერალს ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო სხვები იუწყებიან, რომ მარკესი უბრალოდ გაცივდა. მსგავს განცხადებას მისი ვაჟი, გონსალო გარსია ბარჩი აკეთებს.
თუმცა, ცოტა უფრო ადრე, მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მარკესს პნევმონია (ფილტვების ანთება) აქვს.
გონსალო გარსია ბარჩის თქმით, მამამისი ამჟამად ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს გადის და სავარაუდოდ, საავადმყოფოდან მომავალ კვირას გამოწერენ.
საგანგებო განცხადება გააკეთა კოლუმბიის ელჩმა მექსიკაშიც. მისი თქმით, დიდი მწერლის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება - სერიოზული საფრთხე არ არსებობს.როგორც ხოსე გაბრიელ ორტისმა განაცხადა:
„გაბო (ასე უწოდებენ მწერალს კოლუმბიაში დიდი სიყვარულის ნიშნად) და მისი მეუღლე, მერსედეს ბარჩა, უფროს ვაჟთან, ლოს-ანჟელესში იმყოფებოდნენ, როდესაც მარკესი გრიპით გახდა ავად.
იმდენად მძიმედ, რომ ამერიკელები შეშფოთდნენ და მარკესი ჰოსპიტალში მოათავსეს იმისათვის, რომ გრიპი პნევმონიით არ გაუარესებულიყო. თუმცა მოგვიანებით, იმის გამო, რომ მარკესი ბოლო 30 წელია მექსიკაში ცხოვრობს, სამკურნალოდ სწორედ იქ გადაიყვანეს“.
0