16:35:47     01-04-2014
სესიაშვილი როჯერსის განცხადებასა და რუსეთის შემოჭრაზე: ვითარება არაპროგნოზირებადია
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ როჯერსის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი შესაძლოა, საქართველოში მორიგი აგრესიის განხორციელებას გეგმავდეს.
„ფოქს ნიუსთან“, როჯერსმა განაცხადა რომ, ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ რუსეთმა სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო. კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინი, საქართველოსა და სომხეთში ერთდროულად შეჭრაზე ფიქრობდეს, რათა ევროპულ-ამერიკული სანქციების პარალელურად, ირანთან პირდაპირი გასასვლელი მოიპოვოს.
„პრესა.ჯი“ შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის ამ ანცხადებაზე და ოკუპანტი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: აშშ-ის კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ როჯერსის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ რუსეთმა სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო. კონგრესმენმა არ გამორიცხა, რომ პუტინი შესაძლოა საქართველოსა და სომხეთში შეჭრაზე ფიქრობდეს...
ირაკლი სესიაშვილი: პირველ რიგში, ზოგადად ასეთი ინფორმაციები არ ნიშნავს პირდაპირი საფრთხის არსებობას. ეს მანევრირება შეიძლება გარკვეულწილად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდეს.
ასეთი გადაადგილებები არსებობს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, კალენინგრადში და სხვა რეგიონებში. ეს ინფორმაცია, „პირდაპირი საფრთხედ“ აღქმის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, რისკებს ზრდის. ჩვენი ყურადღება იქნება ამ მიმართულებით გადატანილი და რეაგირებას მოვახდენთ იმ დოზით და იმ ფორმით, რა რეალობაც იქნება იმ მომენტში.
- ინფორმაციას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ რუსეთმა სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო, ადასტურებთ?
- მე ამ ოპერატიულ ინფორმაციაზე საუბარი არ შემიძლია. ამის უფლება არ მაქვს. შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით.
- ასოცირების ხელმოწერამდე თუ ელოდებით და თუ ხართ მზად რუსეთის მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციებისთვის. გამორიცხავთ თუ არა, რომ პუტინი საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიჭრას, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა?
- ამის პირდაპირი ნიშნები, მოცემულ მომენტში არ არსებობს. თუმცა, ზოგადად, არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია. ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველა სავარაუდო გამწვავებაზე მზად ვიყოთ.
0