14:40:22     01-04-2014
პუტინმა თეატრების კონტროლი დაიწყო
კვირის ბოლომდე, ცნობილი და რუსული საზოგადოებითვის ძალიან საყვარელი თეატრი „ტაგანკაზე“ რუს დეპუტატს, ოლეგ პანტელეევს უჩივის. ამ მომენტისთვის, თეატრის ხელმძღვანელობა იურისტებთან კონსულტაციებს გადის. დირექტორის, ვლადიმერ ფლეიშერის განცხადებით, კვირის ბოლომდე კონსულტაციები დასრულდება და თეატრი პანტელეევს „პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის“ სასამართლოში სარჩელსაც შეიტანს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები „ინტერფაქსი“ და „ნიუსრუ“ იტყობინებიან.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირას, ფედერაციათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, რუსმა დეპუტატმა, ოლეგ პანტელეევმა თეატრი „ტაგანკაზე“ ამორალობასა და პატრიოტული გრძნობების არარსებობაში დაადანაშაულა. პანტელეევის თქმით, „თეატრის ახალი სპექტაკლები ძალადობას, ჰომოსექსუალიზმს, პედოფილიასა და სუიციდს უწევენ პროპაგანდას“.
დეპუტატმა კოლეგებს მოუწოდა, სიტუაციაზე გავლენა მოახდინონ: „ვფიქრობ, დროა გავლენა მოვახდინოთ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ყველასათვის საყვარელ თეატრში, სადაც დიდი მსახიობები გამოდიოდნენ სცენაზე და შევაჩეროთ მორალური ნგრევის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია. ეს საჩქაროა, რათა შევინარჩუნოთ რუსული თეატრის მაღალი ტრადიციები და სეირი ვუჩვენოთ ამორალურობას“, - განაცხადა პანტელეევმა.
მთელი ამ გაუგებრობის მიზეზად კი, იქცა წერილი, რომელიც თეატრი „ტაგანკაზე“ პროფკავშირის მიერ იქნა დაწერილი და ვალენტინა მატვიენკოს სახელზე დაიწერა.
მისი ავტორების აზრით, „ბოლო წლებში, მოსკოვში, კულტურის კოლონიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ეს, თეატრებში დასავლური იდეოლოგიური მოდელების დანერგვით ხდება“.
ამ უცნაური წერილის ავტორებმა ადრესატად მატვიენკო არ იკმარეს და მისი ასლი პუტინსაც გაუგზავნეს. თეატრის დირექტორის თქმით, „ის მზადაა ყველაფერი აუხსნას დეპუტატებს“. რაც შეეხება სარჩელს, ის შეტანილი იქნება თეატრის ერთი კონკრეტული მსახიობის, ივანე რიჟიკოვის წინააღმდეგ.
„წერილი დაწერილია თეატრის პროფკავშირების სახელით, მაგრამ ხელმოწერილია ერთი ადამიანის, მსახიობ ივანე რიჟიკოვის მიერ და სწორედ მის წინააღმდეგ შევიტანთ სარჩელს“ - ამბობს თეატრის დირექტორი, ვლადიმერ ფლეიშერი რუსული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას და იქვე დასძენს -„პერსონალურად რიჟიკოვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის კარგი მსახიობია, სრულიად მაკმაყოფილებს, ახლაც არაერთ როლზეა დაკავებული და ყოველთვის იქნება მასზე მოთხოვნა“, - აღნიშნა ფლეიშერმა.
0