ალიკაპი –  თბილისელი, პატრონიანი ძაღლებისთვის… ალიკაპი – თბილისელი, პატრონიანი ძაღლებისთვის… />


  12:23:34     11-02-2011

ალიკაპი – თბილისელი, პატრონიანი ძაღლებისთვის…

a3539.jpg

გასული წლის მიწურულს, საკრებულომ ახალი კანონის დამტკიცებაზე დაიწყო საუბარი. საქმე, პასპორტიანი ძაღლების ქუჩაში გაყვანის წესებს ეხებოდა. ამ ამბავმა ძაღლების მფლობელების განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.

თუმცა, გულისწუხილს მხოლოდ კერძო საუბრებში გამოთქვამდნენ.  განსაკუთრებით იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ მათი ოჯახის პირუტყვი წევრი არ გამოირჩევა აგრესიულობით, რომ საერთოდ არ გაუწევია არავისკენ, რომ უცხოეთში ძაღლების მიმართ მოქმედებს შემწყნარებლური კანონები, ალიკაპებისა და საყელურების ტარების შესახებ და ა.შ.

თითქოს, კანონი გასული წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა  და მითქმა-მოთქმაც მინელდა. ალიკაპების გამოყენებაზე უკვე მაშინ განახლდა საუბარი, როცა ერთერთი ტელევიზიით ცნობილი ფილმი გავიდა ჰასკებისა და მალამუტების ჯიშის ერთგულებისა და გონიერების შესახებ. სოციალურ ქსელზე მომხმრებლებმა ხელახლა დაიწყეს საუბარი ძაღლების ქუჩაში გაყვანის ახალი კანონის შემოღების შესახებ. მათ შორის ყველაზე მეტად  ჰასკისა და მალამუტების პატრონები აქტიურობდნენ.

 

ირა ჭელიძე, რომელსაც უკვე ერთი წელია სახლში ჰასკის ჯიშის ძაღლი ჰყავს, ახალი კანონის შემოღებას ძალიან განიცდის. მისი მტკიცებით, ჰასკები ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალიკაპს ვერ ეგუებიან – მათი ორგანიზში გადახურება ხდება და შესაძლოა გული გაუსკდეთ. თუმცა ის ძაღლების საბმელით გასეირნების მომხრეა.

 

“რაგინდ მშვიდი იყოს ძაღლი, ადამიანებს მაინც ეშინიათ და ქუჩაში მათი აღვირით გაყვანა ნამდვილად საჭიროა. თუმცა ალიკაპის საკითხმა ნამდვილად იმოქმედა. მსოფლიოში არსებობს რეგულაციები და ქვერეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რა ტიპის და ჯიშის ძაღლების ტარებაა სავალდებულო ალიკაპით.  თუმცა, ყველაფერს განსაზღვრავს კინოლოგი ძაღლის ფსიქიკური ქცევის სტატუსით. არსებობს ჯიშები, რომლებისთვისაც ალიკაპის ტარება კატეგორიულად არ შეიძლება, ვინაიდან შესაძლოა მათ სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.

 

ამ ჯიშებს ჰასკები და მალამუტები განეკუთვნებიან. მთელს მსოფლიოში არ არის არამც თუ წესი, ზეპირი მოთხოვნაც არა იმაზე, რომ ამ ჯიშს ალიკაპი ეკეთოს. ესაა სულ სხვა დანიშნულების ჯიშის ძაღლი, მას აგრესია საერთოდ არ ახასიათებს.  ჰასკი და მალამუტი არ იკბინება. თავისი ფსიქოლოგიით ის მზრუნველია და ჩრდილოეთში მას პატარა ბავშვებსაც ანდობენ და უტოვებენ. მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა,  - მაგალითად ავსტრალიაში შემოიღეს გალია, რომელი დრუნჩზე არ ეხება და თავზე ჩაფხუტივით უმაგრდება. თუმცა ჰასკს არც ეს სჭირდება” –  აცხადებს ირა ჭელიძე.

 

1998 წელს კინოლოგიის მსოფლიო ფედერაციამ  ძაღლების 9-10 დასახელების ჯიშზე სავალდებულო რეგულაცია შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, მათი საზოგადოებრივ ადგილებში გაყვანისას ალიკაპის დამაგრება აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

 

როგორც კანონშია აღნიშნული, ეს ძაღლები მოკლე საბმელით უნდა ატარონ და ისინი 16 წელზე უმცროს ადამიანს არ უნდა გამოყავდეს ქუჩაში. ჯიშები კი შემდეგია - ამერიკული პიტ-ბულ ტერიერი, ინგლისური ბულ ტერიერი, სტაფორდშირის ბულ ტერიერი, ბულ მასტიფი, დობერმან პინჩერი, გერმანული ნაგაზი, როდეზიული რიჯბეკი, როტვეილერი, იაპონური აკიტა, იაპონური ტოსა და ბანდოგი.

 

კინოლოგი კარენ ნანუმიანი კინოლოგიური კლუბის ხელმძღვანელია. ის, როგორც სპეციალისტი,  მომხრეა ალიკაპების აკვრის შესახებ კანონის შემოღებისა.  თუმცა მიიჩნევს რომ ჯიშების დიფერენცირება საჭიროა.  რა თქმა ამ წესს მოქმედი კანონი უნდა აწესრიგებდეს. თუმცა, კინოლოგი მიიჩნევს, რომ ამისათვის ჯიშები და ძაღლების თვისებები უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

“ალიკაპები აუცილებელია სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლებისთვის, მებრძოლი ძაღლებისთვის, როგორიცა პიტ ბულ ტერიერი, კავკასიური ნაგაზი და ა.შ თუმცა,  ჩემი პრაქტიკიდან ვასკვნი, რომ ძაღლს ყოველთვის არ სჭირდება ალიკაპის აკვრა. მთავარი კი ისაა, რომ ყველა ძაღლი, რომელიც კერძო მფლობელობაშია პატრონმა ელემენტარულ ქცევებზე უნდა გაწვრთნას და ის სოციალიზირებული უნდა იყოს. ანუ, პატრონს მისი ქუჩაში გაყვანის არ უნდა ეშინოდეს. მის გვერდით უცხო გამვლელმა მობილურის ზარზე პასუხის გაცემა, სხვისი დაძახება, ქოლგის გაშლა და სხვადასხვა აქტიური მოქმედება თავისუფლად უნდა განახორციელოს.

 

ამ მოქმედებებზე ძაღლს თავდაცვის ინსტინქტი არ უნდა გაუჩნდეს და აგრესია არ უნდა გამოავლინოს. ამისათვის კი სპეციალური ჩვევების სწავლებაა საჭირო. მივიჩნევ, რომ ყველა ძაღლი, რომელიც კერძო მფლობელობაშია და პასპორტი აქვს, ელემენტარულ ჩვევებს უნდა ფლობდეს და  დაწყებითი წვრთნა მაინც უნდა ჰქონდეს გავლილი, იმისათვის, რომ სოციალიზირება შეძლოს. ძაღლი მუდმივ კონტაქტში უნდა იყოს პატრონთან და მისი ყოველი ბრძანება უნდა შესასრულოს.” – ამბობს  კინოლოგი.  

 

სპეციალისტი დღევანდელ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ზოგიერთს  ძაღლი სამწუხაროდ მხოლოდ გასართობად უნდა,  რაც თავად ცხოველის უფლებების დარღვევაა. ყველა ჯიშს წვრთნის თავისი სპეციფიკა აქვს. წვრთნა ასევე ესაჭიროებათ არააგრესიულ ჯიშებსაც. კინოლოგი კანონის დახვეწის და მისი სპეციალისტებთან შეთანხმების მომხრეა. ასევე დასძენს, რომ ალიკაპის ტარების აუცილებლობა ყველა ჯიშის ძაღლზე არ უნდა ვრცელდებოდეს.

 

“არის ძაღლების გარკვეული ჯიშები, რომლებსაც ალიკაპის ტარება ჯანმთელობის საფრთხეა უქმნის – ისინი პირით გაგრილებას ვეღარ ახერხებენ, ამ დროს ორგანიზმი ხურდება და ინფარქტი ვითარდება.  იგივე ეხებათ სპორტულ ძაღლებს – ციმბირულ ჰასკებს და მალამუტებს.

 

ამ ჯიშის ძაღლებს ძალიან უყვართ სირბილი. ეს მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და ამ დროს ალიკაპის აკვრა დიდი საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. თუმცა მისი ტარების ჩვევა ყველა ძაღლს უნდა ჰქონდეს – აგრესიული იქნება ის თუ არა – ალიკაპი რა არის, ეს ყველა ძაღლმა უნდა იცოდეს და მის მიმართ შეჩვევაც უნდა ჰქონდეთ – ამისათვის სპეციალურად უნდა გაიწვრთნან.  საერთოდ ალიკაპი არცერთი პატრონიანი ძაღლისთვის უცხო არ უნდა იყოს” – მიაცნია კინოლოგს.

 

ამავდროულად ჩნდება კითხვა – რომელი უწყება გააკონტროლებს კანონის შესრულებას? თუ კანონი გაითვალისწინებს ძაღლების სხვადასხვა ჯიშებს და კარკვეულ შეღავათებსაც დააწესებს ალიკაპის ტარების ვალდებულებაზე, ნაკლებსარწმუნოა, რომ საპატრულო პოლიციას მისი გაკონტროლების კომპეტენცია გააჩნდეს.

 

ალიკაპის შებმის კანონის შესახებ ძაღლების სხვა მფლობელებიც საუბრობენ.  ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ქუჩაში სხვა ადამიანებისთვის ალიკაპის გარეშე ძაღლის დანახვა შიშს იწვევს. ლევან ბუთხუზი - სახეობათა კონსერვაციის ცენტრი “ნაკრესი”: 

 

“საკითხი საკმარისად კომპლექსურია. მიუხედავად იმისა, რომ მე თითონ ძაღლი მყავს და, რაც თავი მახსოვს, სულ მყავდა სხვადასხვა ჯიშის ძაღლები, მაინც ვთვლი, რომ ალიკაპი (ან მოკლე თასმით დიდი ძაღლით სერინობა) მნიშვნელოვანია მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის. თუმცა, აქ მეორე მომენტია - ქუჩაში უამრავი მაწანწალა ძაღლია და თუ კანონპროექტის მიზანია მოქალაქეთა უსაფრთხოება, მაშინ პარალელურად, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ჰუმანური მეთოდებით. სხვა მხრივ, მხოლოდ ალიკაპის გაკეთება პატრონიანი ძაღლებისათვის ცოტა კარიკატურულია, რადგან მათი მხრიდან ადამიანზე თავდასხმის ალბათობა გაცილებით ნაკლებია (ცხადია არაა გამორიცხული), ვიდრე მაწანწალა ძაღლებისგან.”

 

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად, პატრონიანი ძაღლი თავად ხდება ხოლმე მაწანწალა ძაღლების თავდასხმის ობიექტი  - „მე მაგალითად ქრონიკულ "ომში" ვარ მრგვალი ბაღის მოთარეშე ძაღლებთან“ - ამბობს ბუთხუზი. მისივე მტკიცებით, ამ დროს ალიკაპი პატრონიანი ძაღლის და თავად პატრონის დასახიჩრების გარანტია ან ცოფის მაღალი საშიშროების მატარებელია.

 

„ამ შემთხვევაში კანონი მოქალაქეს კი არ დაიცავს, არამედ პირიქით, მას ძალიან მოწყვლადს გახდის.  ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კანონები, შეზღუდვები თუ წესები ძაღლებით სეირნობისას. უმრავლეს შემთხვევაში ეს მოკლე თასმის ან ალიკაპის აუცილებლობაში გამოიხატება. მაგრამ იქ ყველა პატრონიანი ძაღლი აღრიცხვაზეა, ხოლო მაწანწალა ძაღლები იშვიათობას წარმოადგნენ ან სულ არ არიან.

 

შესაბამისად, ექსცესების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენთან პატრონიანი ძაღლების ასეთი ეფექტური მონაცემთა ბაზა და კონტროლი არ არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულ ჯიშებს, რომელთაც ალიკაპი არ შეიძლება გაუკეთდეს - ეს საკითხი ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. თუ არსებობს ასეთი ჯიშები, ამის შესახებ კვალიფიციური ინფორმაციაც უნდა არსებობდეს და კარგი იქნება თუ კანონპროექტის ავტორები ამას გაითვალისწინებენ. ვუშვებ, რომ ეს ბუნებრივად არააგრესიული ჯიშები უნდა იყვნენ.“

 

ამ მასალაზე მუშაობისას, კანონის შემოღების შესახებ  „პრესა.ჯი“   თბილისის საკრებულოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც ჩვენმა კოლეგებმა განგვიმარტეს, ამჟამად, სპეციალური კომისიაა შექმნილი და  კანონპროექტის გარშემო სპეციალისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. კანონის შემოღების ზუსტ თარიღს კი ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

0

ავტორი: