14:20:18     27-03-2014
"ყველაზე სისხლიან, ვერაგ, საზიზღარ მტერს - რუსეთს ისევ ვემონებით? ეს ღალატია" - ორი აქცია პუშკინის სკვერში
ამ წუთებში პუშკინის სკვერში რუსეთის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პრორუსების აზრით, "რუსეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსთვის უამრავი კარგი რამ გააკეთა". პარალელურად, სკვერის სიახლოვეს იკრიბებიან ოკუპანტი ქვეყნის მოწინააღმდეგეებიც. ისინი, საბედნიეროდ, საქართველოს მასშტაბით, უდიდესი უმრავლესობაა.
აღსანიშნავია რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მომხრეები, კინო სახლში გამართული ღონისძიებისას, ფეხზე წამოუდგნენ 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ რუს "გმირებს".
ალბათ ძნელია მოძებნო ანალოგი მსოფლიოში, როცა შენი ქვეყნის თუნდაც კატასტროფულად მცირერიცხოვანი ნაწილი, პატივისცემის ნიშნად, ფეხზე წამოუდგება მოწინააღმდეგე, მოძალადე და ოკუპანტი ქვეყნის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ძმა, მშობელი, მეზობელი, მეგობარი და უბრალოდ, თანამემამულე მოგიკლა, სამშობლოს ოკუპაციის დროს.
რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია" მართავს, პირველი ინციდენტი უკვე მოხდა.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როცა მასთან კონტრაქციის წარმომადგენელი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რუსეთის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ცოტნე მამულაშვილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს.
პუშკინის სკვერში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველები სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ამ მიზნით მათ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
"რუსებმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს. უამრავი ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე მოგვიკლეს. ასეულობით ათასი ქართველი დევნილად გვიქციეს ჩვენივე სამშობლოში. ეს ყველაფერი 2008 წელს მოხდა.
მანამდე კი, აფხაზეთი, სამაჩაბლო წაგვართვეს და იქაც უამრავი ქართველი მოკლეს, ეთნიკური ნიშნით. უფრო ადრე კი, საქართველო ორგზის დაიპყვრეს. შემდეგ კი, "გააწითლეს", ეკლესიები კირით შეგვითეთრეს. საქართველოს გონი და გული - მწერლები, პოეტები, მეცნიერები დაგვიხვრიტეს. მოგვიწყვეს "9 მარტი", "9 აპრილი"...
და ახლა რას ვაკეთებთ? საქართველოს ყველაზე სისხლიან, ვერაგ, დაუნდობელ, საზიზღარ და საშინელ მტერს - რუსეთს ისევ ვემონებით? ეს დანაშაულია. ეს ღალატია", - აცხადებენ ოკუპანტი ქვეყნის საწინააღმდეგო აქციაზე.
0