01:25:38     26-03-2014
ძალიან ხანმოკლე მოგზაურობა მარკ ტვენის საგრაფოში და მისი "საფლავის პრივილეგია"
როგორ უნდა გიყვარდეს და გენატრებოდეს ტომი და ჰეკლბერი ან ჯერ ჰეკლბერი და მერე ტომი, რომ გიჟ, წვიმიან შაბათს, დილაუთენია ღამის ნიუ-იორკის "პენ-სთეიშენის" მიმართულებით, მატარებლების მიწისზედა სადგურამდე ნახევრადმძინარემ ცარიელ ვაგონში იმგზავრო, მერე კვლავ მატარებლით - პენსილვანიისკენ და ბოლოს "სოფლის ავტობუსებით" ელმაირაში ჩაჩაქჩაქდე. ელმაირა საგრაფოში მდებარეობს. საგრაფოს "ჩემანგ" ჰქვია. ელმაირა დიდი ხნის წინ მე და ჩემს ფილადელფიელ მეგობარს გვქონდა დაგეგმილი. მეგობარს ფილადელფიაში უნდა შევხვდე, მერე ელმაირამდე ერთად უნდა გავწიოთ.
ელმაირაში მარკ ტვენი ცხოვრობდა. იქაა დასაფლავებული. ჩემანგის საგრაფოს "მარკ ტვენის საგრაფოსაც" უწოდებენ. ამ ამინდში შტატიდან შტატში სამოგზაუროდ მხოლოდ ტომ სოიერი და მისი მეგობარი თუ გამომადგებოდა. მათი ხათრით მივდივარ, უფრო - ჩემი ბავშვობის ხათრით, კაპიტალური გამომშვიდებობისთვის. დამგზავრებული, წყნარი და ყურებში ყურსასმენგაყრილი ადამიანები რომ არა, უშველებელ ინგლისურენოვან გაზეთებს თხა და გიგოსავით რომ ჩაჰკირკიტებენ, მერე მალევე კეცავენ და მერე ისევ კეცავენ ლამის აიფონის ზომამდე, მეგონებოდა, რომ პირდაპირ ჩემს ქუთაისში მივემგზავრები. ეყაყანათ მაინც, ანდა მობილურზე ხმამაღლა ესაუბრათ - თბილისიდან ქუთაისში ანდა ქუთაისიდან თბილისში მიმავალ "მარშრუტკას" გავიხსენებდი. ოღონდ მძღოლის მაგნიტოფონზე "ქართულების" გარეშე. თუმცა ახლა ცოტა ხანს მოვუსმენდი, არასნობურად, სამი წუთით. ჰეკლბერიფინურად. არა, ჯიბრზე, ყველას თავი ჩაუქინდრ-აუქინდრია და სძინავთ. ბავშვებსაც კი. ტომისა და ჰეკლბერის არაფერი აცხიათ. თუმცა ვინ იცის, იქნებ ფხიზლობისას მათზე უარესებიც კი არიან. უბრალოდ მატარებელი მყუდროდ მიქანქარებს, გარეთ წვიმს, სიჩუმეა, ოდნავ ცივა. ასეთ მატარებელში და თანაც დილის 6 საათზე ამათ კი არა, ტომს და ჰეკლებერსაც ერთმანეთზე მიეძინებოდათ. იმ გემზე რომ მსხდარიყვნენ, რომლითაც მათი მამილო ტვენი ოკეანის ნისლში ევროპაში გაემგზავრა, ნაძლევს ვდებ, მაინც ჩათვლემდნენ. გემს "კვაკერ სითი" ერქვა. ვერც კი წარმომიდგენია, მაშინდელი გემების სახელწოდებაში "კვაკვაკვა" როგორ არ უნდა ყოფილიყო?
*სრული ვერსია იხილეთ ცხელი შოკოლადის 63-ე ნომერში. 0