01:19:13     26-03-2014
მარლენ დიტრიხი – უცნობი ჰემინგუეი
ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის და გერმანელი მსახიობის, მარლენ დიტრიხის რომანტიული ურთიერთობების ისტორია ახლა უკვე ფართო აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი. ბოსტონში, პრეზიდენტ კენედის ბიბლიოთიეკაში, გამოფენა გაიხსნა, რომელიც სწორედ ამ გამორჩეულ წყვილს მიეძღვნა. მალე წიგნად გამოიცემა წერილებიც, რომლებიც 12 წლიანი მიმოწერის მანძილზე საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა. ერნესტი და მარლენი ერთმანეთს 1934 წელს ფრანგულ ლაინერზე, “ილ დე ფრანს”-ზე, შეხვდნენ. ჰემინგუეი პარიზის გავლით აფრიკაში ბრუნდებოდა, მარლენი კი ჰოლივუდს მიემგზავრებოდა – იგი ნათესავების მოსანახულებლად იყო ჩასული სამშობლოშო, რაც მისი უკანასკნელი ვიზიტიც აღმოჩნდა ფაშისტურ გერმანიაში. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, თუმცა, შეყვარებულებს შორის მიმოწერა მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაიწყო, როცა ერნესტი – 50-ის, ხოლო მარლენი 47 წლის გახდა, და მწერლის თვითმკვლელობამდე – 1961 წლამდე გაგრძელდა. როგორც ამბობენ, ჰემინგუეისა და დიტრიხს შორის ინტიმური კავშირი არ ყოფილა.
***
…საშინელებაა, როგორი მონოტონურია ბევრი
ადამიანის ცხოვრებაო, – წერდა მარლენ დიტრიხი. თვითონ სხვაგვარად იცხოვრა.
“ვერ წარმომიდგენია, სიცოცხლე მუსიკის, მხატვრობის, ცეკვის, ლიტერატურის
გარეშე. როცა მეკითხებიან, – რას აკეთებ, როცა სცენაზე არ დგახარ,
ვუპასუხებ: “ვკითხულობ, ვკითხულობ და ვკითხულობ”…
მილიონობით მაყურებლისთვის იგი ინტელექტუალურ ქალს განასახიერებდა. მისმა
მეგობარმა – ინგლისელმა მწერალმა ნოელ კოუარდმა – დაიჩივლა: “ის იქნებოდა
ჩვენი საუკუნის უდიდესი ქალი, მაგრამ ქალს ინტელექტი არ ამშვენებს”!..
ჰოლივუდის ბრწყინვალებისა და დიდებულების სიმბოლო, ლეგენდარული ვარსკვლავი, სკანდალური, საბედისწერო; ნიჭიერი მომღერალი, რომელმაც დაიპყრო მსოფლიოს სახელგანთქმული სცენები; ელეგანტური ქალი, მოდის კანონმდებელი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა წარმოდგენა ქალის ჩაცმულობაზე.
მარლენ დიტრიხის მშვენიერებაზე წერდნენ ჟან კოქტო და ერიხ მარია რემარკი, მისი მსახიობური ნიჭი შთააგონებდა ჟოზეფ შტერნბერგს და ორსონ უელსს. უყვარდათ ჯონ გილბერტს, ჟან გაბენს, ჯეიმს სტიუარტს, ფრენკ სინატრას…
ის იყო ერნესტ ჰემინგუეის, ედიტ პიაფის, მარგო ფონტეინის, ჟან მარეს ახლობელი მეგობარი; სხვისი ნიჭის დამფასებელი; მეორე მსოფლიო ომის უშიშარი მონაწილე; შესანიშნავი კულინარი; ნიჭიერი მწერალი, რომელმაც შეძლო თავისი მშფოთვარე ეპოქის სულის გადმოცემა… თუმცა, საინტერესო ცხოვრებითა და არაჩვეულებრივი მეგობრებით განებივრებულმა, ამასთან, მწერლობაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა დიტრიხმა მემუარების ორი მცირე წიგნი დაუტოვა ამ ჟანრის მოყვარულთ.
“…გიამბობთ რამდენიმე გენიალურ ადამიანზე, ვისაც ბედმა შემახვედრა. მათ ჩემზე უზარმაზარი გავლენა მოახდინეს”… – წერდა იგი. ერთი მათგანი იყო
ლეგენდარული ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი. მარლენ დიტრიხისადმი გაგზავნილი მისი წერილები და ღია ბარათები, რომლებიც ბოლო წლებში გამოქვეყნდა, ამხელს ამ გამორჩეულ პიროვნებათა მთელ გრძნობებსა და ვნებებს.
თქვენ ისეთი ლამაზი ხართ, რომ პასპორტის ფოტოებიც მთელი ტანით უნდა გადაიღოთო, სწერს ჰემინგუეი და ეკითხება: “რის გაკეთებას აპირებთ მთელი ცხოვრება? მამაკაცთა გულების შემუსვრას?! ჩემიც მომიძღვნია”… დიტრიხი იშვიათად პასუხობდა. ერთხელ მისწერა: “მგონია, დადგა დრო, გითხრათ, რომ გამუდმებით თქვენზე ვფიქრობ. უკვე მერამდენედ გადავიკითხავ ხოლმე თქვენს წერილებს და თქვენ შესახებ ვესაუბრები მხოლოდ რჩეულთ”…
უცნობი ჰემინგუეი
ევროპიდან ამერიკისკენ გემით მივცურავდი, წელს ზუსტად ვერ ვიხსენებ, ეს არც არის მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ. ენ უორნერი – ყოვლისშემძლე პროდიუსერის, ჯეკ უორნერის მეუღლე – მიღებას მართავდა და მიწვეულთა შორის მეც ვიყავი. დარბაზში შესვლისთანავე დავინახე, რომ სუფრასთან თორმეტნი ისხდნენ და ვთქვი: “მაპატიეთ, ვერ დავჯდები – მეცამეტე ვიქნები, ცრუმორწმუნე ვარ”. არავინ განძრეულა. მოულოდნელად ჩემ წინ ვიღაც აღიმართა: “გთხოვთ, დაბრძანდეთ, მე ვიქნები მეთოთხმეტე!” თვალი ვერ მოვაშორე ამ ზორბა ადამიანს და ვკითხე: “ვინ ხართ?” ახლა შეიძლება იფიქროთ, რა სულელი ვიყავი…
ყველაფერს თანმიმდევრულად გიამბობთ: მაგიდას თოთხმეტნი ვუსხედვართ. სუფრა ისეთი მდიდრულია, თითქოს პარიზში, “მაქსიმთან”, ვიყოთ. საღამოს ბოლოს ამ დიდმა ადამიანმა ხელი გამომდო და ჩემი კაიუტის კარამდე მიმაცილა.
იგი ერთი ნახვით შემიყვარდა. ჩემი სიყვარული ამაღლებული და პლატონური იყო, ხალხმა რაც უნდა, ის ილაპარაკოს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ჰემინგუეისა და ჩემს შორის წმინდა გრძნობა იყო – ისეთი, როგორიც ქვეყნად, ალბათ, აღარ არსებობს, ჩვენი სიყვარული დიდხანს, წლების მანძილზე, იმედებისა და სურვილების გარეშე გრძელდებოდა. ეტყობა, სრული უიმედობის განცდა გვაკავშირებდა ერთმანეთთან.
მე პატივს ვცემდი მის ცოლს. მერის გარდა მისი ქალებიდან არავის ვიცნობდი. მეც მერივით ვეჭვიანობდი სხვა ქალებზე, ჰემინგუეის რომ ჰყავდა, თუმცა, მხოლოდ მეგობარი ვიყავი და მეგობრად დავრჩი. მის წერილებს საგულდაგულოდ ვუმალავ ცნობისმოყვარეთ. ისინი მე მეკუთვნის და ამ წერილებით ფულს ვერავინ იშოვის. დერ-ჯერობით, ამას ვახერხებ!
აი, რამდენიმე ნაწყვეტი მისი წერილებიდან, საიდანაც გასაგები გახდება თქვენთვის, რატომ ვიყავი მისი ასე ერთგული, ასე მოხიბლული ამ დიდი ადამიანით და აღფრთოვანებული მისი იუმორის გრძნობით. “ისეთ გაუფრთხილებელ ადამიანებს, როგორებიც მე და შენ ვართ, სიფრთხილე არაფერში სჭირდებათ”. “ეს წერილი უფრო მოსაწყენი ხდება, ვიდრე შვეიცარია და ლიხტენშტეინი ერთად აღებული”. “ხანდახან საერთოდ მავიწყდები, ისე, როგორც მავიწყდება, როგორ მიცემს გული”.
იგი იყო ჩემი “ჰიბრალტარის კლდე” და მას ეს მოსწონდა. წლები მის გარეშე გადის და ყოველი მომდევნო ტკივილს მიმატებს. “დრო კურნავს იარებსო”, ეს სანუგეშო სიტყვებია, მე კი მინდოდა, ასე ყოფილიყო.
ჰემინგუი ჩვენგან, ჩვენი სამყაროდან შორს არის. საკუთარი გადაწყვეტილებით მიგვატოვა, ჩვენზე არ უფიქრია. მან ასე გადაწყვიტა…
როცა კუბაში ცხოვრობდა, ერთმანეთს ვწერდით. ხელნაწერებსაც მიგზავნიდა, ტელეფონზე საათობით ველაპარაკებოდი ხოლმე. ჩემზე ამბობდა: “მას უყვარს ლიტერატურა, მცოდნე და კეთილსინდისიერი კრიტიკოსია. ბედნიერი ვარ, როცა რაღაცას დავწერ და გამომდის.…ის კითხულობს და მასაც მოსწონს, რადგან ესმის, რაზე ვწერ – ადამიანებზე, ცხოვრებაზე, სიკვდილზე, ღირსებასა და სინდისზე. მის აზრი ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი სხვა კრიტიკოსისა. იმიტომ, რომ მან იცის, რა არის სიყვარული და ესმის, როდის უყვართ და როდის არა, ამ საკითხში მას მეტად ვენდობი, ვიდრე ნებისმიერ პროფესორს”. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, აზვიადებდა. მეუბნებოდა, რომ “გულმხურვალედ ვუყვარვარ”. რატომ?.. არ ვიცი. მაგრამ, ერთმანეთი მართლა ძალიან გვიყვარს.
ომის დროსაც კი ის ასხივებდა ძალასა და სიამაყეს. მე, ფერმკრთალი და დაბნეული, მუდამ მასთან შეხვედრის მოლოდინით ვცხოვრობდი. ომზე ლექსი დაწერა და მერე მთხოვა ხმამაღლა წამიკითხეო. “კომბოსტოს” მეძახდა. მე ვერ შევარქვი რაიმე განსაკუთრებული სახელი. სხვები “მამას” ეძახდნენ, რაც შეუფერებელად მეჩვენებოდა. უბრალოდ, შენობით მივმართავდი. “მითხარი, მითხარი…” – დაბნეული გოგონასავით ვეუბნებოდი. ასეთი ვიყავი მის თვალშიც და ჩემს თვალშიც. ის ბრძენი იყო, ყველაზე ბრძენი ჩემს მრჩეველთა შორის, ჩემი, საკუთარი, რელიგიის ალამდარი. ადამიანი, ვისაც მამა ან ძმა გარდაცვლილი ჰყავს, მიმიხვდება, რა მძიმე იყო ჩემთვის მისი სიკვდილი. სანამ საშინელი ტკივილი არ გაივლის, ამას ვერ შეიცნობ, მერე კი ისე ცხოვრობ, თითქოს იგი უბრალოდ წავიდა სადღაც, მაგრამ იცი, რომ აღარასოდეს დაბრუნდება.
ადამიანებს ტკივილი არ უამდებათ. მას ეჩვევიან. შეჩვევა ერევა, მაგრამ უსაზღვრო მწუხარების ჟამს ალბათ, ასე ჯობია. ჰემინგუეიც ასე ფიქრობდა, მაგრამ მაშინ ეს ჩემს პირად ტკივილს არ ეხებოდა.
ის მე ცხოვრებას მასწავლიდა. მხოლოდ დედაშვილური სიყვარული ვიცოდი (ამაზე მას გამორჩეული – სიმწარენარევი ნაზი ღიმილით ეღიმებოდა) და ჩვეულებრივი, ყოფითი. მისგან ახალი არაფერი მისწავლია, მხოლოდ იწონებდა ჩემს გრძნობებს და ამით ძალასა და სიმართლეს მატებდა.
წერა მან მასწავლა. მაშინ სტატიებს ვწერდი Ladies Home Journal-თვის. დღეში ორჯერ მირეკავდა და მეკითხებოდა: “უკვე დაადნე მაცივარი?” იცოდა, რომ ვინც წერს, მუშაობისთვის თავის დანებების მიზნით მოულოდნელად საოჯახო საქმეს იმიზეზებს ხოლმე.
მისგან ვისწავლე უსარგებლო ზედსართავებზე უარის თქმა და დღემდე არ ვიყენებ. ხოლო თუ ვერ ვახერხებ, შემდეგ “კონტრაბანდულად” შემომაქვს. სხვა ყველაფერში მის წესებს ვემორჩილები.
ის ძალიან მაკლია. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე რომ არსებობდეს, იქნებ გრძელ ღამეებში დამელაპარაკებოდა… მაგრამ, სამუდამოდ გამცილდა და დარდი მას ვერ დამიბრუნებს. რა მოაქვს ჯავრს – რატომ დამტოვა-მეთქი. მე მასზე ვბრაზობდი, მაგრამ, ამაში კარგი არაფერია. ვგრძნობდი, რომ განრისხებული იყო, მაგრამ ვისზე – არ ვიცი.
ასეთი შესანიშნავი სიცოცხლე ჩაქრა სამუდამოდ და რა უმნიშვნელო მიზეზის გამო.
თავიდან ადგილს ვერ ვპოულობდი, შვებას ვერაფერი მგვრიდა. ხომ მითხრა, რომ არასოდეს მიმატოვებდა. მაგრამ მე ვინ ვიყავი იმათ შორის, ვინც დატოვა – შვილები, ცოლები, მასზე რომ იყვნენ დამოკიდებულნი; მე მეხუთე ბორბალი ვიყავი. სათვალავში არ ჩავითვლებოდი. იგი ისევე ცხოვრობდა, როგორც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ – თითქოს სიკვდილი არ გველოდება. ცხოვრებიდან ბევრად იმაზე ადრე წავიდა, ვიდრე ბუნებრივი სიკვდილი მოაკითხავდა. ამას პატივს ვცემ, მაგრამ, ისევ ვტირი. უკვე ვთქვი, რომ ვინახავ მის ყველა წერილს ჩემთვის გამოგზავნილს. წარმოდგენაც კი არ შემიძლია, როგორ შეიძლება გამორჩენა ეძებო ძალზე პირადული, ინტიმური მიმოწერიდან? მაგრამ, არიან ადამიანები, მის ხელში ჩაგდებას რომ ცდილობენ.
დასაფლავებაზე საერთოდ არ დავდივარ, მაგრამ მის დაკრძალვას დავესწარი, არადა წერდნენ: “ის იქ არ ყოფილაო”. დასაფლავებაზე მას შემდეგ აღარ დავდივარ, რაც დედა მივაბარე მიწას. ჩემზე ძალიან მოქმედებს და აღარ მინდა ამის განცდა. სანამ ადამიანები ცოცხლები არიან, რაც შემიძლია, ყველაფერს ვცდილობ, რათა მათ ტკივილი და ტანჯვა შევუმსუბუქო. მაგრამ, რას გავხდები საშინელ, გამანადგურებელ ძალასთან, რომელიც გვამარცხებს და საყვარელ ადამიანებს გვართმევს.
ჰემინგუეის არ სურდა ვინმესთვის ტკივილი მიეყენებინა. უყვარდა მერი – თავისი ცოლი, შვილები, მე. მთელი არსებით ვუყვარდი, მაგრამ არ შემეძლო ასეთივე ძლიერი გრძნობით მეპასუხა. ჩვენ არ გვიხდებოდა ერთმანეთთან დიდხანს ყოფნა. მხოლოდ ტელეფონით და წერილებით ვეხმიანებოდით ერთმანეთს. ყოველ დღე ისე მიყვებოდა წნევაზე, თითქოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, მისთვის ეს მართლა მნიშვნელოვანი იყო.
ერთ დღეს მითხრა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ, მაიოს კლინიკაში აპირებდა მკურნალობას. იოტისოდენად არ ეპარებოდა ეჭვი მათ დიაგნოზებში, მე კი არ მჯეროდა. მაგრამ, ხმას ვინ მაღებინებდა…
ამერიკელ ექიმებს ახლოს რომ გაიცნობთ, აღარ დაიჯერებთ, რომ ისინი საუკეთესოები არიან. მათ არ იციან დიაგნოზის დასმა, დაავადების ხასიათს ვერ ადგენენ, სანამ ავადმყოფს არ გაკვეთენ და ჩახედავენ. ევროპაში დიაგნოსტიკა უფრო სრულყოფილია. რა თქმა უნდა, ადამიანები იქაც იხოცებიან, მაგრამ არა ტანჯვითა და წამებით. ამერიკაში ჯობია არ მოკვდე… მდიდრული დასაფლავებით ყველაფერი მთავრდება.
ჰემინგუეიმ იცოდა, რა ნაბიჯსაც დგამდა. კი არ ვადანაშაულებ, მაგრამ რაც მოხდა, წარმოუდგენელია ჩემთვის. იმიტომ, რომ მე იმასავით თავზეხელაღებული არ ვარ, ჩვეულებრივი ქალი ვარ და ასეთი საშინელი გადაწყვეტილებების მიღება არ შემიძლია. რომ მცოდნოდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, უკან არ დავიხევდი. მაგრამ იგი ჩემზე ბევრად ძლიერი იყო და ალბათ დამამარცხებდა.
იმ დღეებსაც გავიხსენებ, როცა მერის შეხვდა. ეს იყო ომის დროს.
პარიზში გამგზავნეს, პარიზის მახლობლად შატოში გავჩერდი. გავიგე, რომ ჰემინგუეი პარიზში, სასტუმრო “რიცში” ცხოვრობდა (რომელიც მთავარსარდლობისთვის იყო განკუთვნილი) და მასთან წავედი.
შხაპის მიღება შემომთავაზა თავის აბაზანაში. ამის შესახებ “პატაკი უნდა ჩამებარებინა”. მიამბო, როგორ გაიცნო “უბის ვენერა”, რომელიც მისი უნდა გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე უარი მიიღო. დახმარება მთხოვა, მასთან მოლაპარაკება. არ მესმის, რატომ იზიდავთ მამაკაცებს სწორედ ასეთი ქალი და არა სხვანაირი. მერი უელში სასიამოვნო, მინიატურული ქალი იყო. მე შევუდექი ჩემი მისიის აღსრულებას: ველაპარაკებოდი ჰემინგუეის ღირსებებზე, იმ ცხოვრებაზე, რაც მის გვერდით ელოდა. მე – სრულუფლებიანი ელჩი – მერის “გულსა და ხელს” ვთავაზობდი. თავიდან გაოცებული მიყურებდა: “მე ის არ მაინტერესებს”.
ნაშუადღევს ცოტა მოლბა, სადილობის დროს სასტუმრო “რიცში” გოგონები უფრო დამყოლნი ხდებიან. ასეთი აღმოჩნდა მერი უელშიც – მინიატურული ვენერა.
მან მითხრა, რომ ჩემი წინადადება ყურადღებით აწონ-დაწონა. საღამოს მერი გაბრწყინებული ჩანდა და მაცნობა, რომ თანახმაა ჰემინგუეის წინადადებაზე. ამის ერთადერთი მოწმე მე ვიყავი.
არასოდეს მინახავს უფრო ბედნიერი ადამიანი. ჰემინგუეი თითქოს შუქს აფრქვევდა, რათა ყველასთვის ბედნიერება მიენიჭებინა.
მალე ფრონტზე წავედი და ომის დამთავრებამდე არც ჰემინგუეი მინახავს და არც მერი.
მისი ნიჭი ბედნიერებისა შეუთავსებელია იმ შავ ნაღველთან, ამ საშინელი გადაწყვეტილების მიღების წინ რომ ჰქონდა. ჩემთვის აუხსნელია, რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ასეთი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი.
შესაძლოა, ესმოდა, რომ შვილებს აღარ სჭირდებოდა ან, იქნებ, უბრალოდ გადაწყვიტა: “ჯანდაბასაც წაუღია ყველაფერი!” არ ვიცი… თუ სხეული აღარ გემორჩილებათ და გონებაც ხელს იღებს მუშაობაზე – სანთელს აქრობთ. მაგრამ, ამისთვის დიდი ვაჟკაცობაა საჭირო.
მე მგონია, ეს უფრო წამიერი აფეთქება იყო და არა წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება. ალბათ, არც მამის ისტორია და არც ბავშვობის მოგონებებია შუაში. ერთი სიტყვით, შესაძლოა, ისინი, ქვეცნობიერებაში მომწყვდეულნი გარეთ გამოჭრას ლამობდნენ, მაგრამ რა აზრი აქვს ტვინის ჭყლეტას…
თითქმის ყველაფერი, რაც მასზე ეგრეთ წოდებულ ბიოგრაფებს დაუწერიათ, სისულელეა, თავადაც ამას ამბობდა ხოლმე.
შესაძლოა, მისი ცოლის წიგნმა (რომელიც ჯერ
არ წამიკითხავს) ბევრ რამეს მოჰფინოს ნათელი, მაგრამ მგონია მასაც
გაუჭირდება ამაში გარკვევა. ვინც სიტყვა “სიყვარულში” მხოლოდ ხორციელ
სიყვარულს გულისხმობს, ამ წიგნს ნუღა გადაფურცლავს, ამის შესახებ ვერაფერს
გეტყვით. ხორციელი სიყვარული ჩემთვის ყოველთვის მხოლოდ დიდ და ღრმა
გრძნობასთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის ზიზღს მგვრიდა პრინციპი: “დღეს
აქ, ხვალ იქ”.
ჰემინგუეისადმი ჩემი სიყვარული არ ყოფილა წამიერი გრძნობა. უბრალოდ,
საშუალება არ მოგვეცა, ერთსა და იმავე ქალაქში დიდხანს ვყოფილიყავით
ერთდროულად. ან ის იყო დაკავებული რომელიმე ქალიშვილით, ან მე ვიყავი
დაკავებული, როცა იგი თავისუფალი იყო. და რადგან პატივს ვცემ “სხვა ქალის”
უფლებებს, გვერდი ავუარე რამდენიმე შესანიშნავ მამაკაცს, როგორც გემები
ჩაუვლიან ხოლმე შუქურას ღამით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გემი რომ
ვყოფილიყავი, რომელიც ნავსადგურში იცდის, მათი სიყვარული ჩემდამი გაცილებით
ხანგრძლივი იქნებოდა.
რუსუდან დარჩიაშვილი
0