რეზო ესაძე – ჩემი რეზო ინანიშვილი რეზო ესაძე – ჩემი რეზო ინანიშვილი />


  01:44:05     21-03-2014

რეზო ესაძე – ჩემი რეზო ინანიშვილი

a28595.jpg

ასე მგონია, ბედისწერის წინაშე ვდგები. ვერ წარმოვიდგენდი, თუ აი, ასეთ ადვილ კაცზე ასე ძნელი იქნებოდა ლაპარაკი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და არ ვიცი, რანაირად ჩავტიო ერთ საუბარში.
ჩემი ნაცნობობა რეზოსთან, რომელიც მიმაჩნდა უახლოეს და უსათუთეს მეგობრად, ასეთები კი თითზე ჩამოსათვლელი მყავს, დაიწყო «ვიღაცით».
ფიზიკის ფაკულტეტის I კურსზე ვსწავლობდი. ყვებოდნენ ამბავს, – ფილოლოგიის ფაკულტეტის მისაღებ გამოცდებზე ვიღაც გამოჩნდა, ფანტასტიკური მოთხრობების ავტორი, ნიკო კეცხოველი საოცრად მოხიბლულია მისით. დამთავრდა გამოცდები და ნიკომ აღმოაჩინა, რომ ეს პიროვნება გაქრა. გამოირკვა, რომ შუა გამოცდებიდან წასულა, რადგან შეუმჩნევია, საჭირო ქულებს ვერ აგროვებდა. სად წავიდა? როგორ? ყურმოკლური ჰქონდათ უჯარმა, მისი სოფლის სახელი. კეცხოველი თვითონ ჩასულა უჯარმაში მის საძებნელად, ჩამოუყვანია და პირველ კურსზე დაუსვამს.
ნიკო «პირველ სხივზე» ფანტასტიკურად იყო შეყვარებული. ფაქტიურად, ბესო ჟღენტთან და ტარიელ კვანჭილაშვილთან ერთად, ისიც ხელმძღვანელობდა ამ ჟურნალს. ამ ამბის მოსმენამ ძალიან მასიამოვნა. რატომ იცით? ჩამინერგა იმედი, თუ მე როგორმე დავუახლოვდები ნიკო კეცხოველს, თავს მოვაწონებდი, ის გადამიყვანდა ფაკულტეტზე, რომელზედაც მინდოდა შესვლა, ანუ ჟურნალისტიკაზე. ეს ამბავი თქვენ უკვე იცით, როგორ ვიდექი მთელი ღამე რიგში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე საბუთების შესატანად და დილით ფიზიკაზე აღმოვჩნდი. ამიტომ ხელახლა დაწვრილებით აღარ მოგიყვებით, მშობლების, მრავალრიცხოვანი დეიდა-ბიცოლების ამალის მიუხედავად, როგორ შემომეფანტა გამთენიისას ყველა და ხალხის ტალღამ კედელს მიმაჭყლიტა, ძლივს გამოვაღწიე სამშვიდობოს. მერე, შემთხვევით შეხვედრილმა მეგობარმა მითხრა, აი, იმ ფანჯარაში საბუთების მიღება ურიგოდ არისო, ოღონდ ის აღარ აუხსნია, საბუთების იქ ჩაბარებით მხოლოდ ფიზიკის ფაკულტეტზე მოხვედრა რომ შეიძლებოდა. ამ თავგადასავლის გამხელა მაინცდამაინც არ მინდოდა. შემთხვევით მოხვდი, როგორ, დებილი ხარ? ჰოდა, ჩავებღაუჭე ამ იმედს. ყური ვცქვიტე, როცა გავიგე, თვითონ ნიკო კეცხოველი წავიდა უჯარმაში ვიღაცის საძებნელად.
ის «ვიღაც» რეზო ინანიშვილი აღმოჩნდა. სულ მალე ძალიან დავახლოვდით. გავიგეთ თუ არა, რომ უნივერსიტეტში დრამწრე მუშაობდა, მივაშურე. გავხდი კლუბის წევრი, შეიძლება ითქვას, შვილობილი, რადგან ყველაზე უმცროსი ვიყავი.
ახლა, იმის შესახებ, როგორ მოხვდა კლუბში თავად რეზო ინანიშვილი. დრამწრეს გოგი კობიაშვილი ხელმძღვანელობდა. გოგოლის «რევიზორი» დავდგით, სადაც მე დობჩინსკი ვითამაშე და, სხვათა შორის, I ადგილი ავიღე რესპუბლიკურ დათვალიერებაზე. ერთხელაც, გავდივართ რეპეტიციას სცენაზე, დარბაზში ზის კობიაშვილი, მის გვერდით კი ვიღაც უცნაური ტიპი, რომელიც გვისწორებს ქართულს, ნიკოს სპეციალური მითითებით. ასე გავიცანი რეზო ინანიშვილი. სამუდამოდ დავმეგობრდით. უკვე გითხარით, ყველანი ჩემზე უფროსები იყვნენ. ნოდარ დუმბაძე ცოტათი უფრო მეტით, რეზო – ნაკლებით. ჩემს მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ. ის დაფიცებაც, რეზოიე ესაძეს თავს გაფიცებთო, ამათ შორის იყო, პირველ რიგში.
ამის შემდეგ, ჩამოყალიბდა «ჭინჭარი». მე უკვე დობჩინსკით ისე გამოვიჩინე თავი, ნიკოს ველაპარაკები. მისი მხედველობის არეში ვარ მოხვედრილი. თუმცა, ჩვენი პირველი დიალოგი მოხდა არა «რევიზორთან» დაკავშირებით, არამედ სულ სხვა მიზეზით.
რაღაც დღესასწაული ახლოვდებოდა, არ მახსოვს ზუსტად რა. შემთხვევით შევედი დარბაზში. პარტერი ცარიელი იყო, ერთადერთი კაცი, ნიკო კეცხოველი იდგა და თვალყურს ადევნებდა როგორ რთავდნენ სცენას. პრეზიდიუმი უკან, სიღრმეში იყო, წინა მხარეს კი, რამდენიმე ადამიანი ქოთნის ყვავილებს აწყობდა. მივესალმე ბატონ ნიკოს და შორიახლოს გავჩერდი. მომეჩვენა, რომ ქოთნები სცენაზე ძალიან ასიმეტრიულად იყო განლაგებული და ხმამაღლა გამოვთქვი აზრი. ნიკომ გადმომხედა და მითხრა, იქნებ ასე ჯობიაო. სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში ეს ნათქვამი. ალბათ ვერც ერთი წიგნი ვერ განმიმარტავდა ასე ასიმეტრიულობის უპირატესობას სიმეტრიისადმი, როგორც იმ ერთმა ფრაზამ.
დაარსდა «ჭინჭარი» და რედაქტორად ქართლოს კასრაძე დანიშნეს. მე მხატვრად მიმიწვიეს. უკვე იცოდნენ რომ ხატვის ნიჭი მქონდა. ცოტა მოგვიანებით, მე და რეზო ინანიშვილი ერთად ვხატავდით უნივერსიტეტის სხვენში, სადაც ხატვის წრე გაიხსნა.
ბარამიძე გვასწავლიდა ხატვას, გამოფენებიც გვქონდა. რეზოს ძალიან უყვარდა ჩემი ნახატები. ქართლოსმა რომ უნივერსიტეტი დაამთავრა, ვახტანგ გოგოლაშვილი გახდა «ჭინჭრის» რედაქტორი, მერე დიღმელაშვილი და ბოლოს მე. მოადგილეებად ნოდარ დუმბაძე და რეზო ინანიშვილი მყავდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ?! ხშირად ვესწრებოდი «პირველი სხივის» სხდომებსაც. იმ დროს მინიატურებს ვწერდი, ძალიან სენტიმეტალურს და გულისამაჩუყებელს. მივიტანე ეს ჩემი მინიატურები «პირველ სხივში» და მითხრეს, შენ თვითონ ამოირჩიე, რეცენზენტად ვინ გინდაო. რა თქმა უნდა, რეზო-მეთქი, ძმაკაცია ჩემი, თანაც მოადგილეა «ჭინჭარში». დარწმუნებული ვარ, ისეთ რეცენზიას დაწერს, ტაშით და ზარზეიმით შევგრიალდები «პირველ სხივში». დადგა განხილვის დღეც. ყველა ესწრება – მუხრან მაჭავარიანი, ჭილაძეები, ჯანსუღ ჩარკვიანი, ემზარ კვიტაშვილი…
მე რეზომ გამაუთავა!.. ერთი ნამცეცით არ დამზოგა, აღარაფერი დატოვა ჩემგან. ისეთი გულმოდგინებით, შარვალს რომ უთოთი ხაზს გაუკეთებენ და ერთი თვე არ მოიშლება. დაამთავრა თუ არა, მომაშურა, გეწყინაო?! არა, არათუ მეწყინა, სრულებით არ მიფიქრია რას ლაპარაკობდი, მხოლოდ გიყურებდი და შენზე ვფიქრობდი-თქო.
– როგორო, – გაუკვირდა.
– იმ შენი ლაპარაკის დროს, წარბებს შორის, გონების თვალთან რომ იყრიდა თავს მთელი შენი სახე და იქედან თითქოს მზის სხივები გამოდიოდა, ბავშვობიდან საყვარელ და სანუკვარ ვიღაცას თუ რაღაცას მომაგონებდი. ბოლოს გამახსენდა! ბაბუაჩემს სკა წითელზე ჰქონდა მაღლა, – ცქვიტა ყურები რეზომ, იმას სულ გამახვილებული ჰქონდა სმენა, იწერდა კიდევ საინტერესო ამბებს, – ხშირად მივყავდი ხოლმე, თაფლის აღების დრო რომ მოვიდოდა. ერთხელაც, წამიყვანა. მახსოვს, წყნარი დღე იყო, შემოდგომის საღი, მშრალი ფოთლები ეყარა მუხლამდე და იმ ფოთლებში კიდევ წიწიბურა, წიფლის ხის ნაყოფი. ეს ნაყარი გამახსენდა, შენს თვალებში რომ ყველაფერი ერთიანდებოდა, თან მლანძღავდი და თან იღიმებოდი და ისე ძალიან მიყვარდი ამ დროს, წუთით არ მიფიქრია განაწყენება-თქო. იქვე, მის თვალწინ გავანადგურე ჩემი მინიატურები მთლიანად.
წახალისებულმა იმით, რომ კეცხოველმა ასე დააბრუნა უნივერსიტეტში რეზო, ნიკოსთან შესვლა გადავწყვიტე, რეზომაც მირჩია, წამათამამა, სთხოვე გადაყვანაო. დედაჩემი მივუგზავნე და კი იცით თქვენ უკვე, როგორი ფიასკოთი დამთავრდა ეს ამბავი.
ცოტა ხანში გამოვიდა რეზოს მოთხრობების პირველი წიგნი. მე ის მაქვს წარწერით, მთელი ამბებით. შემდეგ მე წავედი, დავშორდი, არა მარტო მას – ჯერ მოსკოვში, მერე ლენინგრადში. მახსენდება, ჩავალ თუ არა თბილისში, რეზოს ერთი მოთხრობა აუცილებლად უნდა გადავიღო! უფრო სწორად, პიესა – «წისქვილი ქალაქის გარეუბანში».
ლენინგრადშივე დაწერილი მქონდა უკვე სცენარი. ჩამოვედი. ჯერ რეზო ჩხეიძეს მოველაპარაკე, მერე მივედი რეზო ინანიშვილთან, სცენარი ვაჩვენე. ის შეყვარებული იყო ყველა თავის ნაწარმოებზე, ვინმეს მის დალაგებულ წინადადებაში თითი რომ შეეყო, დიდ უბედურებად მიაჩნდა. თანაც, იმ კრიტიკის შემდეგ, «პირველი სხივის» სხდომაზე…
მე სცენარს ვიწყებდი რეზოს ერთი პატარა მოთხრობით – «ქალი და კაცი». გახსოვთ ალბათ, ზამთავრია, ცივა, მელა ყმუის ბუჩქიდან, ქალი კაცს ეკითხება. რა აყმუვლებსო და მარტოობა სტკივაო. – კაცი პასუხობს. ეს მოთხრობა შევარჩიე, რადგან თვითონ პიესის შინაარსიც ასე მესმოდა, – ის ადამიანები წისქვილში მართლა სიმინდის დასაფქვავად კი არ მიდიან, მარტოობის განსადევნად, მიწის ძახილი, სოფლის მონატრება, ადამიანებთან ურთიერთობის სურვილია იქ მთავარი.
სცენარი რეზოს სახლში მივუტანე, დილით, ადრე. ვუთხარი, რეზო! მე შენს ნაწარმოებებზე უნდა გავაკეთო ფილმი, – გაუბრწყინდა თვალები. – ახლა მოგიტანე სცენარი და იცოდე, სიტყვა არ გაექანება აქედან-თქო, ამ დროს რეზო თავდავიწყებით არის შეყვარებული ჩემ «ერთი ნახვით შეყვარებაზე», სასწაულად მოსწონს ეს ფილმი.
საღამოს თვითონ მომძებნა და მითხრა, ეს არის უბრწყინვალესი, წერტილსაც არ შეგისწორებო და გადამკოცნა.
მე მამა მყავდა მომსახიობო კაცი. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი იყო, სოფლის სკოლის დირექტორი, განათლების განყოფილების გამგის მოადგილე, მან გურიაში, ჩვენს სოფელში ისტორია დატოვა. დედაჩემი და მამაჩემი ალეგროებს მართავდნენ. დედა ძალიან ლამაზი მყავდა, მამა – წარმოსადეგი. ნესტორა სიმონიშვილი იყო, ცნობილი მომღერლის ვარლამ სიმონიშვილის ვაჟი. ბლაყუნიე ნესტორას ეძახდნენ. ნესტორამ განსაზღვრა ჩემი არ მოხვედრა ისტორიის ფაკულტეტზე. სკოლა რომ დავამთავრე ოქროს მედალზე, ჩემთვის ყველა სასწავლებლის კარი ღია იყო. შეიკრიბა საოჯახო კონსილიუმი, უნდა დაადგინონ, სად ვისწავლო, გეოგრაფიულზეო, თქვა ერთმა. მაგას სწავლა რათ უნდა, გეიარ-გამეიაროს, თვალს წყალი დაალევიოს, გარემო დაათვალიეროს და გეოგრაფია იქნებაო, – უპასუხეს. აბა ისტორიულზეო და, ამ დროს ბიძაჩემმა, ვაიმე, ბლაყუნიე ნესტორიე უნდა გამევიდესო, შეიცხადა, ისტორიის მასწავლებელი იყო ნესტორა. მაგრამ იმასაც, ჩემი მშობლებივით, ძალიან უყვარდა სცენა. ვერ თამაშობდა, მაინც არ იტეხდა იხტიბარს, ტაშტი ეკიდა კულისებში, სცენაზე რო თოფს «გაისვრიდნენ», ნესტორა იქ ტუკს მოქაჩავდა (გურულები ტუკს ვეძახით თოკს) და გაისმეოდა «სროლის ხმა».
ერთხელაც, დედაჩემმა მამაჩემს სცენაზე «უღალატა», შეყვარებულებს თამაშობდნენ. შემოვარდა მამაჩემს ფილთა თოფით, ჰაიტ, შე ასეთო და ისეთოო და…
მართლა არ გავარდა თოფი!.. გაგიჟდა ნესტორა, იმიტომ რომ ტუკი არ დაურტყამს და თოფის ხმა კი გაისმა. დედაჩემის კივილი და ნესტორას ფანჯრიდან გადახტომა ერთი იყო. დარბაზში მქუხარე ტაში გაისმა, ნესტორას ერთი კვირა ეძებდნენ.
აი, ასეთი მამა მყავდა. ძალიან სერიოზული და ხუმარა, ერთდროულად, სკოლაში სულ სხვა კაცი იყო, სახლში – სულ სხვა. ჩემს თანაკლასელ ზურა მახარაძესთან (რომელიც ახლა ვაჟა-ფშაველაზე არქივის დირექტორია) ერთად სახლში ცეკვავდა, მაგრამ სკოლაში რომ გამოჩნდებოდა, ზურაც და მეც აკრული ვიყავით კედელზე.
მამაჩემის დაბრუნება მოვინდომე სცენაზე. უფრო სწორად, კინოში გადაღება. გავუტყდი, ასე ვაპირებ-მეთქი. მამა გიჟდებოდა რეზოს მოთხრობებზე, ჭამდა, კი არ კითხულობდა. პროფესორის როლი შევარჩიე მისთვის. ახლა აღარ მახსოვს, რა ქვია იმ პროფესორს რეზოს პიესაში. მაგრამ მე გმირს პარმენი დავარქვი, მამაჩემის გამო, მერე ეს როლი მსახიობმა ვაშაძემ შეასრულა.
მამამ თავდაპირველად ვითომ ფარსი გაითამაშა. სადღა შემიძლია, შვილო, ჩემ ასაკში ეგ ამბავიო, დიდი პასუხისმგებლობაა, მე გავაფუჭებ როლს და შენ რატომ უნდა გარისკო ასეო. მაგრამ ვხედავ, ბედნიერებისაგან აღარაა. მეორე თუ მესამე მისვლაზე დამთავნხდა. იმ დროს უკვე მშობლებთან აღარ ვცხოვრობდი.
სწავლობს პარმენი როლს: აუცილებლად მოგიტანთ და გაჩვენებთ მის საერთო რვეულს, მთლიანადაა თითქმის გადაწერილი პიესა. ვუთხარი, გამოცდილი ხარ, დალოცვილო, სცენაზე გითამაშია, რათ გინდა ამის სწავლება, პარტნიორის მთელ ფრაზას რატო წერ, რემარკის ბოლო უდა ჩაწერო…
– არაო, მამაო, ასეა საჭიროო. თურმე, ზეპირად იცის თავისი სათქმელიც და პარტნიორისაც. ამას უკვე დედაჩემი მიყვება: ღამე, შუქს რომ ჩააქრობენ, მამა ზეპირად უამბობს მთელ პიესას ბნელში. ამის გარეშე არ იძინებენ.
მოვიდა სინჯების დრო. სამხატვრო საბჭომ უნდა დაამტკიცოს როლებზე მსახიობები. რამდენად შეეფერება სახეს, როგორ უჭირავს თავი, ყველაფერს ითვალისწინებენ.
მივედი მამასთან, – აბა, მოვიდა დრო-თქო, ვუთხარი.
– ვაიმე, მამა, რაის დრო მოვიდაო.
– აბა რისთვის სწავლობდი შე კაი კაცო, მაგ როლს, ახლა სინჯები უნდა გავაკეთოთ-თქო.
– ვაიმე, მამა, რაა მაგიო.
– რაა და, გავალთ სადმე, ნატურაში, ამოვარჩევ სცენარიდან ერთ მონაკვეთს, მე კადრს გარეთ დავდგები, წარმოიდგინე, რომ შენი პარტნიორი ვარ, რეპლიკას მოგცემ და შენ უნდა მიპასუხო.
– ვაიმე, შენ გარდა, კიდევ ვინ იქნება იქანეო.
– ვინ და, ერთი ორმოცდაათი კაცი მაინც. ოპერატორი, განმანათებელი, ხმის ჩამწერი, ასისტენტები თავისთავად, მერე კიდე გარეშე მაყურებელსაც ხომ ვერ აუკრძალავ, არ გვიყუროო.
– არ შეიძლება, შვილო, მე და შენ ვიყოთ მარტოო, – მამამ.
– კაცო, პირველად ხომ არ გესმის, მე როგორ ვმუშაობ, ტელევიზორშიც ხომ გინახია, როცა ფილმს იღებენ, რამდენი ხალხია იმ დროს გადაღების ადგილზე-თქო.
შეუტია დედაჩემმაც. აბა ამხელა კაცი რას ფიქრობდიო. რამდენი ხანია არ მიძინია, გასწორებული მქონდა დღე და ღამე, სანამდე ამსიგრძე პიესის ჩაზუთხვას მოახერხებდიო.
ბოლოს, ერთიღა მკითხა მამამ, არ შეიძლება დედაშენი წამოვიყვანო თანო?
– ვინც გინდა, ის წამოიყვანე, ოღონდ შენ წამოდი-თქო.
ამ დროს, რეზოს ისე უხარია, მამაჩემს იცნობს, უყვარს.
შუაღამეზე დედა მირეკავს, მიშველე, მამაშენია ცუდადო. გავქანდი იმ წუთში. წევს გამტკნარებული, ჩავძახი, – მამა! მამა! ჩემო მამა!
– გიღალატე მამა! გიღალატე, – მესმის მისგან.
– ოღონდ შენ მყავდე კარგად… არ გიღალატია, არა!
რა მომხდარა, ახლა. ჩაუქრიათ სინათლე, დაწოლილან. დაუწყია ამას ჩარაკრაკება, როგორც ყოველთვის და… გაეჭედა. აუნთია სინათლე, წაუკითხავს, დაწოლილა და გაუგრძელებია. გაეჭედა, თურმე, ისევ… კიდევ აუნთია, წაუკითხავს, დაწოლილა. ასე ათჯერ და გახდა კაცი ცუდად.
– მამა გიღალატე! – მიმეორებს.
– მამა, შენ მყავდე კარგად, – ვეფერები, – მე მინდოდა, რომ შენ გეთამაშა, თორემ შემცვლელის მეტს რას ვიშოვი.
– მეც მინდოდა, შვილო, ძალიან მიყვარს რეზო.
(მაჩვენა მერე, შეუდგენია რეზო ინანიშვილის სიტყვათა ლექსიკონი, მეტი არაფერი გინდა ქართველ კაცს, არც პური, ამას დეიჭერ ხელში და წეიკითხავო).
– რას იზამ ახლა შენ?
– ვაჩაძეს ვათამაშებ-თქო. უცებ, იმ წუთში მომივიდა თავში ამ მსახიობის გვარი.
– ეგ რომელია მამა, რეზო ჩხეიძის ფილმში რომ თამაშობსო?
– კი-მეთქი, ვუთხარი.
– მაგი კაიაო, – მითხრა, – მაპატიე მეო. თავის შერცხვენას, ჯობია, ასე მევიქცეთო.
უფრო წყნარად იქნები შენც, ნამეტანი გაგანერვიულე ახლა ბიჭოო. მე მადლობელი ვარ შენი, რომ ამ სიბერეში ჩემი ახალგაზრდობის ოცნებასთან ასეთი გამომშვიდობების საშუალება მომეციო.
იქით დედა ტირის, აქეთ – ეს.
ეს ამბავი რეზოს მოვუყევი. წარმოიდგინეთ, რა დაემართა. მოვიდა, ნახა მამაჩემი.
უნდა მოგესმინათ ამათი დიალოგი და რეზოსმიერი შეფასება მამასი. იმ ერთი საათის განმავლობაში, ალბათ, სულ ორი წინადადება თქვა მამაჩემმა. რეზომ მითხრა, – რა მოლაპარაკე კაცი ყოფილა, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, სულ ეგლაპარაკობდაო.
მამა ორ წელიწადში გარდაიცვალა. არასდროს დამავიწყდება, რეზო პანაშვიდებზე სულ ჩემს გვერდით იდგა, ერთად გვართმევდნენ ხელს.
ძალიან მთხოვდა რეზო მაშინ, რომ პროფესორის როლი მამაჩემისთვის მიმეცა. მე არ გავაკეთე ეს, ძალა ვერ დავატანე და სატკივრად დამრჩა. ისეთი ნაჯაფი რვეულია ის რეზო ესაძე ”ზეპირად მოთხრობილი…”
როლის რვეული, ცრემლები წამოგცვივათ. ადგილები სხვადასხვა ფერის პასტითაა გახაზული, გვერდებზე შენიშვნებია მიწერილი.
მამამ ფილმი ნახა და მოეწონა. ძალიან მოეწონა ვაშაძე. მე იმას ვუთხარი მამაჩემზე.
ვაშაძის და მამაჩემის ერთად გადაღებული ფოტოც მაქვს სადღაც სახლში. ვაჟაზეა გადაღებული, ჩვენი სახლის წინ. ისე მოხდა, სახლში არშემოვიდა მაშინ ვაშაძე ჩვენთან.
რეზოსაც მიაჩნდა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სურათი იყო.
ძალიან განიცდიდა, როცა მოსკოვში, ფილმის დამტკიცებისას, ის თავსართი მომიჭრეს, მოთხრობის მიხედვით გაკეთებული. სულ მეუბნებოდა, ტყუილად გეშინოდა, როცა სცენარი მოგქონდა, ის მოთხრობა ძალიან ორგანულად იჯდა აქო.
სხვა მომენტებიც იყო. მე არ მინდოდა ეს ყოფილიყო პირდაპირი თხრობა, როგორც დაწერილია; სხვანაირად განხორციელებას ვაპირებდი, ფილმის გადაღების პროცესის ჩვენება მინდოდა. მთავარ გმირს, მთხრობელს, რომელიც არის რეზო, მოაქვს ამბავი.
თითქოს სიზმარი ნახა და დანარჩენები, მასთან ერთად, ამ სიზმრის მონაწილეები არიან.
ესაა ნოსტალგია ერთ დროს არსებულზე, რომელიც გახდა სანატრელი. კი, ბატონო, მსახიობები როლებს ანსახიერებენ, ხასიათები აქვთ, მაგრამ თვითონ ფილმი ქრონიკის სახისაა. სამუშაოს შეგრძნება უნდა ყოფილიყო იმის ჩვენებით, ეს ადამიანები, მსახიობები, როგორ ცდილობენ რეზო ინანიშვილის მოტანას თქვენამდე. ეს კი მიიღწეოდა კადრში აპარატის ხმაურით, მსახიობთა შავად ნამუშევარის, ერთმანეთთან გადალაპარაკების ჩართვით. თვითონ რეზოს როგორ მოუვიდა თავში პიესის დაწერა, ესეც უნდა მეჩვენებინა.
თანაც, მინდოდა, რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო კინოს აქსესუარები – მუსიკა…
არ მომცეს ამის საშუალება. ესაა ოსტანკინოს შეკვეთა, სატელევიზიო უნდა იყოს და თანაც, აუცილებლად რუსულადო.
ფანტასტიური დიალოგები იყო. ვაშაძე და თვალიაშვილი, გახსოვთ ალბათ, პატარა ქალი იყო, ასანთის ღერებივით ფეხებით, კეთილი, კეთილი, ბავშვური სახით, არაჩვეულებრივად თამაშობდნენ. თვალიაშვილს სკლეროზი სჭირდა, სიტყვები ავიწყდებოდა. ცდილობდა, ეს არ შეემჩნია. პაუზებს აკეთებდა.
ფრანგებს მიაჩნდათ, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო ფილმი, როდესაც იმ პირველ ვარიანტში ნახეს, მიუხედავად იმისა, შავი მასალა მოცილებული ჰქონდა უკვე, მაგრამ მოთხრობის სიუჟეტი დასაწყისში ჯერ კიდევ ჩანდა. ეს იყო ასეთი ფრანგი კინოკრიტიკოსი, რადვანი, იმის შეფასება გახლდათ. მაგრამ ბევრი რამ დაკარგა სურათმა ის ქალი და კაცი რომ მოაშორეს, თვალიაშვილის ეფექტი მოაშორეს, შავ მასალაზე აღარაფერს ვამბობ.
ეს თვალიაშვილი მერე, რუსულად როგორ ახმოვანებდა ფილმს იცით?! მისი ჯერი რომ მოვიდოდა, მხრებზე ვუჭერდი ხელს და ასე ვანიშნებდი.
მართალია შესავალი მოაცილეს, მაგრამ მე მაინც მოვიფიქრე რაღაც, რამაც გარკვეული განწყობილება შექმნა. საამისოდ ერთმა შემთხვევამ მიბიძგა:
გვიანი შემოდგომაა. ავტბუსით მივდივართ ყვარელში. ეროვნული მოძრაობის დროა; მაშინ ვაქტიურობდი ამ ამბებში. იქ უკანონოდ ჩასახლებული ლეკების გასახლებაზე ვმუშაობდით, მეგობრულად, პირზე კოცნით ვისტუმრებდით, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
ავტობუსი გაჩერდა ერთ უკაცრიელ ადგილას. ირგვლივ არცერთი მოსახლე არაა.
საშინელი ნესტია, ჰაერი გაჟღენთილია წყლით, რომ სუნთქავ, თითქოს წყალი ჩადის ფილტვებში. ჰორიზონტზე ტყვიასავით ღრუბლები ჩანს; ნისლი თანდათან გადადის ტყვიისფერ ღრუბლებში და ვერ გაიგებ, სად არის ცის და მიწის გამყოფი. ფანჯარასთან ვზივარ მარტო. უკან კიდევ ორი ადამიანია. მძღოლი ძირს ჩავიდა, არ ვიცი, გაუფუჭდა რამე, თუ რა იყო, რა მოხდა. ასეთ სიმარტოვეში, თითქოს შიგნით, საკუთარ თავში ხარ შებრუნებული და უცებ… მესმის ფანტასტიური ხმა. კაააკო? ზუსტი მონაკვეთებით, კაააკო! კაკოოო! კაააკო! ბიჭო, გადავირიე. საიდან ეს ხმა, ცა იძახის, მიწა იძახის, ვინ არის.
რა არი. ვხედავ, მოდის ხოდაბუნში ქალი, ნისლიდან გამოდის (რაღაც ამდაგვარი «დიდ მწვანე ველში» არის გადაღებული), ძირს იხედება, ისე ჩანს, რაღაცას ეძებს. და გადავწყვიტე. ესაა! მთელი ფილმის განმავლობაში აუხსნელად იქნება ეს რეფრენი. როცა ფილმის ბოლოს ლეო ანთაძის გმირი წისქვილიდან გამოდის და მის წინ დგება, მაშინ ბოლო დაძახებაა. რეზო ვუთხარი და ძალიან მოეწონა. მე თვითონ ვახმოვანებდი ამ რეფრენს.
გავიდა რამდენიმე წელი. 1986-ში ჩემი დიდი გამოფენა მოეწყო მხატვართა კავშირში, პირველ სართულზე, დაახლოებით 450 ნამუშევარი იყო გამოფენილი. მივედი ერთ დღეს და ვხედავ, შთაბეჭდილებათა წიგნი გადაშლილია. მაინტერესებს ვინ იყო და აღმოვაჩინე:
ძმაო რეზო!
რა საოცარია! ასე მეჩვენება, შენი ყოველი ნაბიჯი თავისებური შემოქმედებაა. მე ხომ გიცნობდი, როგორც მხატვარსაც, დღევანდელი დღის შთაბეჭდილება მაინც ყოველგვარ მოლოდინს გასცდა. თუნდაც მარტო ერთი შენი «ავტოპორტრეტისათვის» გეკუთვნის ასი კოცნა მაგ ჭკვიან შუბლში, და გაკოცებ კიდეც, როდესაც გნახავ! კარგად გვეყოლე და მუდამ ხალისით გამუშაოს ღმერთმა!

სიყვარულით რ. ინანიშვილი
19.IV.86

P.S. ეხლა, მე და რეზო კვესელავა რამდენჯერაც შევდივართ, და ხშირად შევდივართ, დიდუბის პანთეონში, არ არსებობს, რეზოს ყვავილები არ დავუდოთ. ძალიან მომწონს მისი უბრალო საფლავი და ისიც, რომ ყოველთვის ჩიტების სკინტლითაა იქაურობა მოფენილი. მისი მეუღლე ძალიან განიცდის ამ ამბავს, მე კი უზარმაზარ ჰარმონიას ვგრძნობ რეზოსა და ამ ჩიტების კავშირში.

0

ავტორი: