21:26:49     20-03-2014
დუდუხანა წეროძის უთქმელი ტკივილი _ "მაგდანას" ნაცვლად კანის კინოფესტივალზე ლეილა აბაშიძე აღმოჩნდა
დუდუხანა წეროძე – გოგონა რეპრესირებული ოჯახიდან, რომელმაც თავისი ნიჭით და სილამაზით გაიკვალა გზა ქართულ კინემატოგრაფიაში და სახალხო არტისტიც გახდა. 15 წლის იყო, როდესაც რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ეპიზოდურ როლში ათამაშა, მას სხვა როლებიც მოჰყვა, გამორჩეული სახე კი მაინც მაგდანა იყო ფილმიდან "მაგდანას ლურჯა". ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების, რეზო ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის ნამუშევარმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრიზი აიღო.
ფესტივალზე, რა თქმა უნდა, დუდუხანაც იყო მიწვეული, მაგრამ... დაჯილდოებამ მის გარეშე ჩაიარა. გული დასწყდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ძვირი სიტყვა არასოდეს არავისზე დასცდენია, შეიძლება იმიტომ, რომ პირად ცხოვრებაში ტრაგედიები არ აკლდა და ყოველგვარ წყენას ის ტკივილი ფარავდა.
დუდუხანა წეროძის ცხოვრების გზა "სარკესთან" მისმა უახლოესმა ნათესავებმა, დისშვილებმა პაატა და ზეინაბ ჯაშებმა და ბატონი პაატას ცოლმა, მარინა საყვარელიძემ გაიხსენეს.
პაატა ჯაში: დუდუხანას მშობლები იყვნენ პლატონ წეროძე და პეპელა თათეიშვილი. პლატონი აზნაური გახლდათ, პროფესიით ფინანსისტი. ბათუმში ცხოვრობდნენ. დუდუხანა პირველი ქალიშვილი იყო, შემდეგ ეყოლათ – რუსუდანი, ლილი, მარგო და გოგი. გოგი 18 წლის ასაკში მეორე მსოფლიო ომში წავიდა და რიგასთან დაიღუპა. კარგახანი არ იცოდნენ, სად იყო დასაფლავებული. მის საფლავს მხოლოდ გასული საუკუნის 80–იან წლებში მიაგნეს.
1924 წელს ბაბუა პირველად დაიჭირეს. ის 1921 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობას საზღვარგარეთ მიჰყვებოდა. უკვე გემზე იყო ასული, როდესაც გასაცილებლად მისი ორსული ცოლი და ორი შვილი მივიდნენ (დუდუხანა და რუსუდანი). მათ დაღონებულ სახეებს რომ შეხედა, გემიდან ჩამოვიდა და აღარ გაემგზავრა. 1927 წელს კიდევ დაიჭირეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. შემდეგ სამსახურშიც აღადგინეს. ძლიერი ფინანსისტი იყო და, როგორც ბოლშევიკებს ახასიათებდათ, მისი ნიჭი კარგად გამოიყენეს. 1937 წელს კი დახვრიტეს. ამის შემდეგ ოჯახის მარჩენალი დუდუხანა გახდა. მაშინ უკვე კინემატოგრაფიაში იყო ჩართული.
– როგორ დაიწყო ქალბატონმა დუდუხანამ კინოკარიერა?
პაატა: დეიდას პირველი ფილმი მიხეილ ჭიაურელის "უკანასკნელი მასკარადი" იყო, რომელიც ეკრანზე 1934 წელს გამოვიდა. 1937 წელს კი რეჟისორმა დავით რონდელმა გადაიღო ფილმში "დაკარგული სამოთხე". რეპრესიების შემდეგ ბებია და მისი შვილები პეპელას დამ, მარიამ გარიყულმა შეიფარა. გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და თან ყოველმხრივ შეზღუდულები იყვნენ. სამსახურის შოვნა უჭირდათ, რადგან რეპრესირებულის შვილები იყვნენ. დუდუხანამ მაინც მოახერხა და მუშაობდა. ეს იმ რეჟისორების დამსახურებაც იყო, რომლებმაც დეიდას კინოში ფეხი აადგმევინეს.
ზეინაბი: დეიდა მიხეილ ჭიაურელმა აღმოაჩინა და თავის ფილმში მიიწვია. მსახიობობა ძალიან მოეწონა, მაგრამ ფიქრობდა, რომ სხვა ფილმში აღარ დაუძახებდნენ.
პაატა: არადა 1934 წლიდან 1984 წლის ჩათვლით 30–მდე ფილმში ითამაშა. სამსახიობო განათლება არ მიუღია. სიცოცხლის ბოლო წლებში მიხეილ თუმანიშვილის ახალშექმნილ კინომსახიობთა თეატრში დაიწყო მუშაობა.
– როგორ იხსენებდა თავის სულ პირველ შეხებას კინოსთან?
ზეინაბი: პატარაობისას მამამ კინოში წაიყვანა და აჩვენა ფილმი "ვინ არის დამნაშავე?". თურმე ისე გაიტაცა ფილმმა, რომ სულ დაავიწყდა, სად იყო. ერთ–ერთ ეპიზოდში ნატო ვაჩნაძის გმირი თავს იხრჩობს. დეიდამ ეს რომ დაინახა, ტირილი დაიწყო. პლატონი იძულებული გახდა, შვილი გარეთ გაეყვანა. უთქვამს, ეს მხოლოდ კინოა და ნატო ცოცხალიაო. იმ დღიდან ნატო ვაჩნაძე დეიდას კერპი გახდა. 15 წლისა მას უკვე უწევდა პარტნიორობას ფილმში. წლების შემდეგ კი დუდუხანა იყო პირველი მსახიობი, ვინც ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
ზეინაბი: ყველა როლი მისთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აღიარებულია, რომ "მაგდანას ლურჯა" მის კარიერაში გამორჩეულია. თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ ამ ფილმითყველაფერი ფანტასტიკურად გააკეთეს და ქართულ კინოში ახალი სიტყვა თქვეს. მასში ჩანდა იტალიური კინოს ნეორეალიზმი. ბავშვობაში ხომ ათასჯერ მქონდა ეს ფილმი ნანახი, მაგრამ ახლაც ხშირად ვუყურებ. ადრე მხოლოდ სიუჟეტს ვამჩნევდი, ახლა კი განსაკუთრებით დეიდას ვაკვირდები, როგორც მსახიობს, მის შინაგან სამყაროს ვუყურებ. დრამატული ქალის როლს საოცრად თამაშობს.
– ქალბატონი დუდუხანა კომედიაშიც და დრამაშიც თანაბრად ავლენდა თავის ნიჭს, თანაც ულამაზესი ქალი იყო. მისი პირადი ცხოვრება როგორ წარიმართა, ბედნიერი იყო?
პაატა: დეიდას პირველი ქმარი ოპერის მომღერალი გივი ყიფიანი იყო. მისგან ჰყავდა ერთი ვაჟი, ბაადურ ყიფიანი, რომელიც ასევე ოპერაში მღეროდა. სამწუხაროდ, ბაადური ნაადრევად გარდაიცვალა. მას ორი შვილი დარჩა – სალომე და ზურიკო. ზურიკო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მას დარჩა შვილები, კოტიკო, რომელიც მომღერალია და გვანცა. ბატონი გივი ლენინგრადში ცხოვრობდა, დეიდა საქართველოში იყო. ხან ის ჩამოდიოდა, ხან ეს აკითხავდა რუსეთში. მანძილმა თავისი ქნა, ისე მოხდა, რომ დუდუხანას ქმარმა სხვა ქალი შეიყვარა, მასთან შვილიც ეყოლა და მათი დაშორების მიზეზიც ეს გახდა. ერთი ფაქტი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დეიდა ლენინგრადში ჩავიდა, ის ქალი გაიცნო და მასთან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა. იმასაც კი ამბობდა, გივის მეორე ცოლი ძალიან ლამაზი ქალიაო. სხვათა შორის, პირველ დედამთილთან ბოლომდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის ქალი რომ გარდაიცვალა, დეიდა ჭირისუფლად იჯდა.
ზეინაბი: მეორედ რომ გათხოვდა, 27 წლის იყო. მისი მეორე ქმარი მხატვარი შალვა მამალაძე გახლდათ. წლების განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რექტორი და მხატვართა კავშირის თავმჯდომარე იყო. ძალიან ნიჭიერი და კეთილი კაცი გახლდათ. მათ მთელი ცხოვრება ერთად და ტკბილად გაატარეს. მასთანაც ერთი ვაჟი შეეძინა – შალვა. მას სამი 3 შვილი ჰყავს – თემური, დუდუხანა და შალვა. ქმარი დეიდაზე 24 წლით უფროსი იყო. ბიძია ძალიან მიყვარდა, ის ნამდვილი ინტელიგენტი, საინტერესო მოსაუბრე გახლდათ. მიუხედავად ამისა, დუდუხანას სულ გაკვირვებით ვეკითხებოდი, ამდენი თაყვანისმცემელი გყავდა და ასაკით შენზე ბევრად უფროს კაცს ცოლად რატომ გაჰყევი–მეთქი. მპასუხობდა, იმიტომ, რომ მე ერთი ძალიან დიდი ნაკლი მქონდა – ვიყავი განათხოვარი და მყავდა შვილიო.
– მსახიობის დებზეც გვიამბეთ. ცნობილია, რომ დები წეროძეები სილამაზით გამორჩეული ქალები იყვნენ.
ზეინაბი: დუდუხანას დები თავიანთ საქმეშიც წარმატებულები იყვნენ. რუსუდანი იურისტი, უზენაესი სასამართლოს წევრი და სოხუმის მთავარი მოსამართლე იყო. დებიდან ცოცხალი მხოლოდ ლილია, რომელიც ქალთა ჭადრაკს ედგა სათავეში. მას დიდი წვლილი მიუძღვის თბილისში ჭადრაკის სასახლის გახსნაში. მის ხელში აღიზარდნენ ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ქალები. ლილი დეიდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახლდათ. დებს შორის ყველაზე უმცროსი დედაჩემი, მარგო იყო. ის ერთხანს კონსერვატორიაში სწავლობდა საოპერო განხრით. შემდეგ იოგები დაეჭიმა და მუსიკას ჩამოშორდა. ოთხივე და ულამაზესი იყო.
მარინა საყვარელიძე: 20 წლის ვიყავი, როდესაც მათ ოჯახში შევედი და დამხვდა ოთხი დედამთილი, მაგრამ ისინი იმდენად კარგი, თბილი, იუმორით სავსე ადამიანები იყვნენ, რომ არანაირი დაძაბულობა არ მქონია. ისე მიმიღეს, როგორც მათი ოჯახის წევრი. მათთან ვმეგობრობდი. მართალია, ჩემზე უფროსები იყვნენ, მაგრამ ასაკობრივი ზღვარის შეგრძნება არ მქონია. დებს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. ნათესავებს, ახლობლებსაც გვერდით ედგნენ და ხშირად ეწეოდნენ ქველმოქმედებას. ულამაზესი ქალები იყვნენ, განსაკუთრებით – დუდუხანა და მარგო.
ყველანი რომ ვიკრიბებოდით, დროს არაჩვეულებრივად ვატარებდით. დუდუხანას უყვარდა ლექსების კითხვა, იუმორისტული ამბების მოყოლა, რაც შესანიშნავად გამოსდიოდა, ნათელი გონება ჰქონდა. ასევე კარგად მღეროდა. ფილმში "დაკარგული სამოთხე" დუდუხანა ბათუ კრავეიშვილთან ერთად მღერის. მერე ისე მოხდა, რომ ეს ფირი დაიწვა და გახმოვანების დროს სხვა ხმა დაადეს. დუდუხანას დამჯდარს და მოწყენილს ვერ ნახავდით, ყველას ეფერებოდა.
ზეინაბი: დები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ. დღე არ გავიდოდა, ერთიმეორე არ ენახათ. ომში დაღუპული ძმა ბოლომდე მათი ტკივილი იყო. თურმე დედას დიდხანს უმალავდნენ ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებას. როდესაც მისი საფლავი აღმოაჩინეს, ოთხივენი რიგაში წავიდნენ.
წეროძეების სახლში ხშირად იკრიბებოდნენ საინტერესო ადამიანები. იყო ცეკვა, სიმღერა და მხიარულება. მათი დეიდა, მარიამ გარიყული, მწერალი იყო და მისი სახლი იმ დროისთვის ცნობილი მწერლებისა და პოეტების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. მარიამის მეზობელი და ახლო მეგობარი იყო გალაკტიონ ტაბიძე. გალაკტიონი დების სიმღერებით და გარეგნობით მოხიბლული იყო, მარგოს ლექსიც კი მიუძღვნა.
დები დედას განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. ბებია ბოლოს ძალიან ავადმყოფობდა. დუდუხანამ ოთახი პალატასავით მოაწყო. სპეციალური საწოლი დაუდგა, გადასხმის მოწყობილობები მოუტანა, მასთან ექიმები მოჰყავდა. დები დედას ერთად უვლიდნენ. მისი გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანეს.
– დეიდასთან დაკავშირებით განსაკუთრებით რომელი ეპიზოდი გახსენდებათ, რომელიც მკვეთრ სურათად ჩაგრჩათ გონებაში?
ზეინაბი: უამრავი მოგონება მაქვს. მის გარეშე ჩემი ცხოვრების ერთი დღეც კი არ მახსოვს. კანის ფესტივალზე წასასვლელად რომ ემზადებოდა, სამი კაბა შეიკერა. მკერავისგან რომ გამოვიდა, გარეთ ველოდით მე, დედა და მამა. მამაჩემმა უთხრა, მანქანის ფარებს ავანთებ, შენ კი გამოდი და კარგად შეგხედავთო. მართლაც, გამოვიდა და... ასეთი სილამაზე არ მინახავს! ტრიალებდა იმ ლამაზი კაბით და ბედნიერი იყო.
სამწუხაროდ, კანის ფესტივალის მიღმა დარჩა. ეს მისთვის დიდი ტკივილი იქნებოდა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, უფრო მეტიც, ლეილა აბაშიძეზე ცუდი არაფერი დასცდენია...
– რატომ აღმოჩნდა კანის კინოფესტივალის მიღმა?
პაატა: "მაგდანას ლურჯამ" კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის პრიზი აიღო. საფრანგეთში სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა. უცნაურია, მაგრამ დუდუხანა არ წაიყვანეს და წაიყვანეს ლეილა აბაშიძე, რომელსაც ამ ფილმში მონაწილეობა არ მიუღია. ჟიურის წევრები გაურკვევლობაში ყოფილან, რატომ არ იყო იქ მთავარი როლის შემსრულებელი. სამწუხაროდ, ასეთი ამბებიც ხდებოდა. დედაჩემი იხსენებდა, რადგან რეპრესირებულის შვილი იყო, იმიტომ არ გაუშვეს საფრანგეთშიო.
მარინა: როგორც ვიცი, მაგდანას როლისთვის ორი კანდიდატურა ჰყავდათ შერჩეული – დუდუხანა და ვერიკო ანჯაფარიძე. ქალბატონ ვერიკოს ძალიან უნდოდა ეს როლი, მაგრამ რეჟისორებმა ბოლო მომენტში დუდუხანა დაამტკიცეს.
პაატა: "მაგდანას ლურჯას" გადაღებები კოლმეურნეობის მოედანთან მიმდინარეობდა. ერთხელ დედამ მეც წამიყვანა. წვიმის სცენისთვის ზევიდან ასხამდნენ წყალს. ის მომენტი იყო, როდესაც კაკო კვანტალიანის გმირი მაგდანას ხურჯინს ვირიდან აგდებს. ეს რომ დავინახე, კინაღამ გავგიჟდი! ამის შემდეგ ბატონ კაკოს ვერ ვიტანდი. დეიდას ფილმების გადაღებებს ხშირად ვესწრებოდი. "უდიპლომო სასიძოს" რომ იღებდნენ, იქაც ვიყავი. დუდუხანას საშუალებით ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი.
– ქალბატონო ზეინაბ, მგონი, გარეგნობით დეიდას ჰგავხართ.
ზეინაბი: ბევრი ახლობელი მეუბნება, დეიდას ჰგავხარო. დეიდაშვილებში ერთადერთი გოგო ვიყავი და ყველა დეიდა მე მანებივრებდა. დუდუხანა თავის კაბებს მჩუქნიდა. მერე გადააკეთებდნენ და ჩემი ზომის კაბას მიკერავდნენ. მასთან მისვლა მიყვარდა, რადგან მთელ კარადას გადმოვალაგებდი, ყველაფერს ვიზომავდი. ულამაზესი თავსაბურავების კოლექცია ჰქონდა. დები საზღვარგარეთ ხშირად დადიოდნენ და საჩუქრები უმეტესად ჩემთვის ჩამოჰქონდათ, რაზეც ჩემი ძმა და დეიდაშვილი ბიჭები ბუზღუნებდნენ. განსაკუთრებით მახსოვს ის დღეები, რომლებსაც სოხუმში ვატარებდით. რუსიკო დეიდა სოხუმში სამუშაოდ რომ გადავიდა, ჩვენ იქ დასასვენებლად ჩავდიოდით და ყველანი ერთად ვიყავით.
– მსახიობთა წრეში ვისთან მეგობრობდა ქალბატონი დუდუხანა?
მარინა: ძალიან ახლოს იყო მეგი წულუკიძესთან, თამარ ციციშვილთან, ლია ელიავასთან, ნანა მჭედლიძესთან. სხვათა შორის, მან აღმოაჩინა ნანული პირველი, რომელიც პროფესიით მსახიობი არ ყოფილა და მხოლოდ რამდენიმე ფილმში ითამაშა. მისი პირველი ფილმი "კეთილი ადამიანები" იყო და იქ სწორედ დუდუხანას წყალობით მოხვდა. მან სადღაც შეამჩნია ეს ლამაზი ქალი და რეჟისორს შესთავაზა. არსებობს ქალთა კატეგორია, რომლებიც ლამაზ ქალებს ალმაცერად უყურებენ და არ უნდათ მათი მომხიბვლელობის აღიარება. დუდუხანა კი პირიქით იყო, უხაროდა, როდესაც ასეთს ამჩნევდა. საოცრად მოსწონდა ბელა მირიანაშვილი და მასთან ახლო ურთიერთობაც ჰქონდა.
– და მაინც, კინოს მრავალი გულისტკენა მოაქვს. ოჯახში, თქვენთან საუბრობდა თავის იმედგაცრუებებზე?
ზეინაბი: გულისტკენას არასდროს იმჩნევდა. ვინმესგან რამე თუ ეწყინებოდა, მასზე ძვირს მაინც არ იტყოდა.
მარინა: ყველაფერს იუმორით უყურებდა, ამბიციები არ ჰქონია, ძალიან მოკრძალებული იყო. მის სახლში რომ შეხვიდოდით, ვერ იტყოდით, აქ სახალხო არტისტი ცხოვრობსო. არ ჰქონია ძვირადღირებული ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მსახიობი იყო, მისი ქმარი კი – ცნობილი მხატვარი. დუდუხანას სამკაულებიც კი უბრალო ეკეთა. ერთი–ორი ოქროს ბეჭედი ჰქონდა.
ზეინაბი: დეიდას დიდი შესაძლებლობები ჰქონდა, ნიჭიერი იყო თავის პროფესიაში, მაგრამ დაფასება აკლდა. თავადაც არ იყო ისეთი პიროვნება, რომ მეტი მოეთხოვა. გამოჩენილ ხალხთან ნაცნობობას არასდროს იყენებდა. მასზე შეყვარებული იყო ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი. ვეხუმრებოდი, რიაზანოვს ხომ ასე უყვარდი და შეეძლო, დაგხმარებოდა, რომ უფრო დიდი კარიერა გაგეკეთებინა–მეთქი. ამაზე გაეღიმებოდა ხოლმე.
– როგორი იყო მსახიობის სიცოცხლის ბოლო წლები?
ზეინაბი: სიცოცხლის ბოლომდე ისეთივე ახალგაზრდა და ლამაზი სულის იყო, როგორიც მანამდე. 2000 წელს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. ასთმა ჰქონდა და ეს გახდა სიკვდილის მიზეზი. ასაკის მიუხედავად, ბოლო წუთებამდე ფეხზე დადიოდა, აქტიური იყო. მასთან ცხოვრობდნენ შვილიშვილები, მათ ზრდიდა და უვლიდა, ბავშვებზე თან იყო გადაყოლილი. დები ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ – ჯერ დედაჩემი, მერე დუდუხანა, მერე რუსუდანი. ლილი დეიდა 92 წლის არის. შვილი არ ჰყავს, ამიტომ მასთან ვცხოვრობ და ვუვლი. რომ იტყვიან, სულს ვუბერავთ. ჩვენი ბავშვობიდან და იმ ლამაზი დღეებიდან ისღა დაგვრჩა.
თეონა კენჭიაშვილი, ჟურნალი სარკე
0