14:35:52     20-03-2014
"როგორ დავსაჯოთ პუტინი" - მსოფლიო მედია
უკრაინასა და ყირიმში გახორციელებული ქმედებების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციების შემოღება ისევ რჩება დასავლელი პოლიტიკოსების ქმედებათა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და შესაბამისად, მსოფლიო მედიის უმნიშვნელოვანეს თემად.
ქვეყნდება ერთი მხრივ, წამყვანი დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები, ხოლო მეორე მხრივ, გამართულია სერიოზული სჯა-ბაასი იმის შესახებ, თუ რა ტიპის სანქციების გახორციელება სჯობს და რა გზით, რომ ისინი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ასე მაგალითად, „დეილი ბისთში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჯონ შონი წერს:
„თუ ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკებს მართლაც სურთ, რომ რუსულ აქტივებს რეალური პრობლემები შეუქმნან, მაშინ, რუსული ფინანსები მათ კვიპროსზე, ბრიტანულ ვირჯინიის კუნძულებზე და ნიდერლანდებში უნდა ეძებონ“.
ამ მომენტისთვის, ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ შემოღებულია ფინანსური სანქციები, რომლებიც, პრაქტიკულად, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეხება.
„თუმცა, თუ დასავლური სახელმწიფოები სერიოზულად გადაწყვეტენ რუსეთისთვის ჭანჭიკების მოჭერას, მათ არ მოუწევთ შორს წასვლა“- წერს სტატიის ავტორი და იქვე აღნიშნავს, რომ „რუსეთის ბანკის მონაცემებით, ტრილიონი დოლარიდან, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის გარეთ, არარუსულ ბანკებში ინახავენ, თითქმის ორი მესამედი კვიპროსის, ნიდერლანდებისა და ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე ინახება“.
სტატიის ავტორის თქმით, სწორედ ამ ქვეყნების ბანკებს მიიჩნევენ მდიდარი რუსები ფინანსურ სამოთხედ. შესაბამისად, სანქციები სწორედ ამ სახელმწიფოების ბანკებში განთავსებულ ფინანსებს უნდა შეეხოს.
ამასობაში, დასავლელი ჩინოვნიკები სხვა ნაბიჯების შესახებაც ფიქრობენ. კერძოდ, ფრანგული მედიის ინფორმაციით, 17 მარტს, ტელეკომპანია TF1-ის ეთერით, ზედმიწევნით ფრთხილი, მაგრამ მაინც მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.
„საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ რუსეთისათვის მისტრალის ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის მიყიდვის შესახებ გარიგება შესაძლოა, ჩაიშალოს“ - წერს გაზეთ „ლე პოინტის“ სამხედრო მიმომხილველი.
„განცხადების გაკეთებისას მინისტრი ზედმიწევნით ფრთხილი იყო და თან, ისიც დასძინა, რომ გარიგების ჩაშლის შემთხვევაში, ოფიციალური პარიზი უფლებას დაიტოვებს, სხვა ევროპული ქვეყნებისგანაც ელოდოს ანალოგიურ ნაბიჯებს“ - აღნიშნავს ჟან გინელი „ლე პოინტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სანქციების აუცილებლობის შესახებ საუბრობენ რუსი ოპოზიციონერებიც.
„ჩემთვის, როგორც რუსეთის მოქალაქისთვის, რთულია მხარის დაჭერა სანქციებისთვის რომელთა გამოც, ჩვენი ხალხის ცხოვრება გაუარესდება, მაგრამ... ვფიქრობ, არსებობს სანქციათა ის ვარიანტი, რომელთა განხორციელებასაც ალბათ, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა მიესალმება“ - წერს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით - „როგორ დავსაჯოთ პუტინი“.
ნავალნის პირველი რეკომენდაცია ასეთია: „დასავლეთმა სერიოზული დარტყმა უნდა მიაყენოს ფუფუნებით ცხოვრების იმ სტილს, რომლითაც ტკბებიან კრემლის მაღალჩინოსნები და მეგობარი ოლიგარქები“.
აქვე, რუს ოპოზიციონერს კონკრეტული გვარებიც აქვს ჩამოთვლილი: „გენადი ტიმჩენკო, არკადი და ბორის როტენბერგები, იური კოვალჩუკი, ვლადიმერ იაკუნინი, რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, იგორ სეჩინი, ალექსეი მილერი“ - წერს ნავალნი და იქვე დასძენს, რომ მისი აზრით, სანქციები ასევე უნდა გავრცელდეს „იმ ოლიგარქებზე, რომელთა მედია-საშუალებებიც თუთიყუშებივით იმეორებენ კრემლის რეჟიმის განცხადებებს, ტელეპიარშიკებზე, გოსდუმის დეპუტატებსა და „აპარატჩიკებზე“.
რუსი ოპოზიციონერის აზრით, სწორედ ასეთი სანქციები გახდის გასაგებს, რომ „პუტინის ახირებების გამო, მაღალი ფასის გადახდა სწორედ მათ და ასეთი სახით მოუწევთ“. იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება მარგველაშვილის კლანისა და მისი ოჯახის კრიმინალური საქმიანობის შესახებ0