ქართველი მევიოლინე, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო ქართველი მევიოლინე, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო />


  20:21:43     13-03-2014

ქართველი მევიოლინე, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

a28450.jpg

ლიზა ბათიაშვილზე დაწერა ადვილიც არის და ძნელიც. ადვილი იმიტომ, რომ მისი ყველა გამოსვლა მართლა გიბიძგებს ემოციებისკენ.  ვინმეს შეიძლება ლექსი დააწერინოს, ვინმეს მოთხრობა. შეიძლება მოგინდეს  გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდი და ვერ ბედავდი. ძნელი კი არის იმიტომ, რომ თუ დაიწყებ წერას ლიზაზე – დაიბნევი: იმდენი ახალი და საინტერესო მოვლენა ვითარდება მის გარშემო ყოველდღიურად, რომ ყველას ჩამოთვლა თუ დაიწყე,  შეიძლება დილამდე ვერ მოამთავრო. ამიტომ  მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ ფრაგმენტულად ვახერხებ  ლიზაზე და მის  ერთ კონცერტზე შთაბეჭდილების გაზიარებას.

ლიზა ვაშინგტონში 16 აპრილს ჩამოვიდა. სთრასმორის (Strathmore Center) არაჩვეულებრივი დარბაზში, რომელიც  2 ათასამდე მაყურებელზეა გათვლილი ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ტრასმორის დარბაზი ვაშინგტონში ლიზას ვაშინგტონში ჩამოსვლა იშვიათობაა. ბოლოს ის 2006 წელს გამოდიოდა აქ. მაგალითად, ნიუ-ორკში ლიზა ყოველ წელს ჩადის.  მას  ასეთი ხელშეკრულება აქვს კარნეგი ჰოლთან.  მაგრამ ეს გამონაკლისია და არა ნორმა. ლიზა ცდილობს მეტისმეტად არ გადატვირთოს თავისი სამუშაო გრაფიკი. უფრთხილდება თავის  ემოციურ სამყაროს. ამით თითოეული მისი გამოსვლა უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება.  ბევრი ცნობილი მუსიკოსი არ იქცევა ასე. მეტი გამოსვლა მეტ შემოსავალს უდრის. ლიზა კი უპირატესობას ხარისხს ანიჭებს. ვაშინგტონში  ის ჩამოვიდა დრეზდენის ორკესტრთან –  (Dresden Staatskapelle ) – ერთად, რომელსაც 2012 წლიდან  ქრისთიან თილემანი (Christian Thielemann) დირიჟორობს. 2012/13 წლების სეზონში ლიზა ბათიაშვილი არჩეულ იქნა  ამ ორკესტრის Cappell- Virtuosin -ის პოზიციაზე, რაც იმას ნიშნავს, მას აქვს სრული უფლება საკუთარი სურვილით მოიწვიოს შემსრულებლები, აირჩიოს პროგრამა, განახორციელოს საკუთარი იდეები და სურვილები მთელი წლის განმავლობაში და ამას ყველაფერს დრეზდენის ორკესტრი დააფინანსებს.

ლიზა ბათიაშვილის მოღვაწეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ორკესტრით. წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ორკესტრებისა თუ დირიჟორების რიცხვი, რომლებსაც სურთ მასთან თანამშრომლობა. აი მხოლოდ ორკესტრების მცირე ჩამონათვალი:  ამერიკაში – Los Angeles Philharmonic, Boston Symphony Orchestra, Chicago Symphony Ochestra,  The Philadelphia Orchestra. ევროპაში – Berliner Philharmoniker, Leipzig Gewandhaus Orchestra, WDR Sinfonieorchester Köln  და სხვები. ლიზა ბათიაშვილის საიტზე (http://www.lisabatiashvili.com/biography.html) რომ შეხვიდეთ,  ნახავთ რამდენად წარმატებული ჰქონდა მას 2011/12 წლები და რამდენად მდიდარი და საინტერესოა მისი 2013 წლის გრაფიკი. ლიზასთან  პარტნიორობა მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორებს სწადიათ: დანიელ ბარენბოიმი (http://www.youtube.com/watch?v=AwywlKtkhk0, გუსტავო დუდამელი, ზუბინ მეტა, (http://www.youtube.com/watch?v=JquGByH_BZA) და კიდევ ბევრი სხვა, მისი მუდმივი პარტნიორები არიან. მიუხედავად დატვირთულობისა, ლიზა  ნაყოფიერად ეწევა ასევე კამერულ მუსიკალურ მოღვაწეობას, რაც გამოიხატება  „ევროპის კამერულ ორკესტრთან“ თანამშრომლობაში, სადაც ლიზა ხშირად თავის მეუღლესთან – გამოჩენილ ფრანგ ჰობოისტ  ფრანსუა ლელოსთან – ერთად გამოდის ხოლმე.

რაოდენ დასაფასებელია, რომ ასეთ დაძაბულ გრაფიკში ლიზამ ჩასვა თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, სადაც ის უცილობლად,  წელიწადში ერთხელ, ოქტომბერში ჩამოდის ხოლმე.2010 ამის წაკითხვის შემდეგ,  მიხვდებით  რა ატმოსფერო იყო დარბაზში 16 აპრილს – ვაშინგტონის აუდიტორია   ელოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მევიოლინეს,  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ორკესტრთან და  ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ დირიჟორთან ერთად.  ამერიკის ტურნე  სოლისტმა  და ორკესტრმა მთლიანად ბრამსით დააკომპლექტეს. ბრამსის „აკადემიური ფესტივალის უვერტიურით“  (Academic Festival Overture) გაიხსნა საღამო. შემდეგ შესრულდა სავიოლინო კონცერტი და ბოლოს ბრამსის მე-4 სიმფონია. დრეზდენის ორკესტრი, რომელიც 1548 წლიდან არსებობს, ამ გერმანულ  რეპერტუარში თავს შესანიშნავად გრძნობდა. მე პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს  ძველი, ტრადიციული ორკესტრის მოსმენა, სადაც ყველა მუსიკოსი ნამდვილი სოლისტია.   სასიამოვნო იყო, რომ პროგრამაში მთელი ორკესტრის მუსიკოსების სია იყო. მართალია, თავს არავინ შეიწუხებდა მისი კითხვით, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი,  ორკესტრისადმი დიდი პატივით განგაწყობს. საღამოს ნამდვილი მშვენება ლიზა ბათიაშვილი იყო. ბრამსის ეს კონცერტი ლიზასთვის განსაკუთრებულია. ლიზა ამჯერად უკრავს 1709 წლის სტრადივარის ვიოლინოზე, რომელიც  მას იაპონურმა  ნიპონის ფონდმა პატივისცემის ნიშნად გადასცა,  ხოლო ეს ვიოლინო თავის დროზე ეკუთვნოდა ჯოზეფ იოახიმს (Joseph Joachim), ვისაც ბრამსმა ეს კონცერტი მიუძღვნა.  სწორედ ამ ვიოლინოზე შედგა ბრამსის კონცერტის პრემიერა 1879 წლის 1 იანვარს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლიზას ნათქვამი აქვს:  „როდესაც მე ვუკრავ ამ ინსტრუმენტზე ბრამსის კონცერტს, მე მაქვს გრძნობა, რომ ვიოლინომ იცის  ეს მუსიკა და ის მე მეხმარება“ ბრამსი თავად არ უკრავდა ვიოლინოზე. კონცერტის დაწერის პერიოდში ის იოახიმთან გადიოდა კონსულტაციებს ინსტრუმენტის აპლიკატურასა და სხვა ნიუანსებზე. შედეგად დაიბადა სავიოლინო რეპერტუარის  ეს შედევრი, რომელიც კომპოზიტორმა მამაკაცი შემსრულებლის გათვალისწინებით დაწერა.   მართლაც, მისი შესრულება, ძალიან დიდ ენერგიასთან ერთად, ხელის დიდ ზომასაც მოითხოვს. ამის გამო, ეს კონცერტი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად შესრულებად ნაწარმოებად არის აღიარებული.  ამას თავად ლიზაც ამბობს: „ მე ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ეს მამაკაცისთვის შესასრულებელი ნაწარმოებია. ქალისგან ის მოითხოვს მართლაც ძალიან დიდ ფიზიკურ  და სულიერ ენერგიას.“ იმ საღამოს ლიზამ არც ფიზიკური და არც სულიერი ენერგიის ნაკლებობა ნამდვილად არ გამოამჟღავნა.   არ ვიცი რა უფრო შთამბეჭდავი იყო ლიზას შესრულებაში -  ბგერის სინატიფე,  ინტელექტუალური სიღრმე, ტექნიკური სრულყოფილება, უტყუარი მუსიკალურობა, ორკესტრთან ურთიერთობის სიფაქიზე, თუ არავითარი მანიერიზმი სცენური ცხოვრების განმავლობაში.  ენერგიულმა ფინალმა წარმოუდგენელი ცეცხლი დაატრიალა დარბაზში – სოლისტი და დირიჟორი თითქოს დუელზე რიგრიგობით იწვევდნენ ერთმანეთს ამ სიცოცხლის ზეიმში გასამარჯვებლად,  სადაც გამარჯვებული საბოლოოდ მაყურებელი გამოვიდა, რომელმაც თავისი ოვაცია არ დააყოვნა.

ლიზა ბათიაშვილი იმ დღეს 5 ჯერ გამოიძახეს სცენაზე, თუმცა იგი ბისზე ვერ დაითანხმეს.  ამ კონცერტზე თამუნასთან, ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიყავი რომელმაც მითხრა: „ასეთი რამ ( 5 -ჯერ გამოძახება)  ამერიკელებმა არ იციან; ჯოშუა ბელი (ამერიკელების უცნობილესი და უსაყვარლესი მევიოლინე) ზუსტად ამ დარბაზში მხოლოდ 3 – ჯერ გამოიძახეს“-ო.   მგონი მიხვდებით, რა ემოცია დაატრიალა  ქართველმა გოგონამ ამ მამაკაცური კონცერტის დაკვრისას? ლიზა თავის ქართველობას ყოველთვის და ყველგან ხაზს უსვამს.  არაერთხელ შეუსრულებია ქართული ნაწარმოებები ბისზე (http://www.youtube.com/watch?v=uhEtvcv-rQc), მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. მას შემდეგ, რაც „დოიჩე გრამოფონმა“ ექსკლუზივი აიღო ლიზას ჩანაწერებზე, ლიზამ თბილისის მუსიკალურ სკოლას,  „ნიჭერთა ათწლედს“,  მხარდაჭერის აქცია გამოუცხადა და „დოიჩე გრამოფონისა“ და ლიზა ბათიაშვილის წყალობით მუსიკალური სკოლის გადარჩენის საკითხი დღის წესრიგში დადგა და თანხების მოზიდვაც დაიწყო. „დოიჩე გრამაფონი“-ის  გადამღები ჯგუფი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და ლიზასთან ერთად,  მუსიკალური ათწლედის შენობის სავალალო მდგომარეობა გადაიღო.

არადა,  ლიზა სულ 11 წლის იყო, როდესაც საქართველოდან გაემგზავრა. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მას მალე დავიწყებოდა თავისი სკოლაც და ქართული მიწის სიყვარულიც. პირველი განყოფილება  ლიზას გამოსვლით დასრულდა. ძნელი იყო სოლისტის სცენიდან გაშვება. დარწმუნებული ვარ, მით უფრო დაელოდებიან ვაშინგტონელები მას,  როდესაც ქართველი მევიოლინე კვლავ დაგეგმავს ამერიკის დედაქალაქში ჩამოსვლას. მეორე განყოფილებაში დრეზდენის ორკესტრმა ქრისტიან თილემანის დირიჟორობით ბრამსის მე- 4 სიმფონია შეასრულა. ლიზა ბათიაშვილის ამოფრქვევასავით გამოსვლის შემდეგ ამ გრძელი სიმფონიის მოსმენა მხოლოდ სავიოლინო კონცერტის მოგონებების დახმარებით გახდა შესაძლებელი.  თუმცა არ დავუკარგავ უნიჭიერეს დირიჟორს, ქრისთიან თილემანს  ზედმიწევნით დახვეწილ მუსიკალურ გემოვნებას სიმფონიური დრამის შექმნაში.დასასრულს დარბაზს მაინც ელოდა ერთი ბისი – ეს იყო ვაგნერის ოპერა “ლოენგრინის“ მე-3 აქტის პრელუდია.  ბრამსული საღამოს  ბოლოს, ვაგნერის ამ პომპეზურმა პრელუდიამ,  ნამდვილი აპოთეოზი და მსუყე წერტილი შექმნა. აქ, ორკესტრის გერმანული სული მთლიანად გამომჟღავნდა. დრეზდენელმა მუსიკოსებმა მთელი თავისი გენეტიური მეხსიერება მოიხმეს დაუვიწყარი საღამოს ფინალის შესაქმენლად. აღტაცებულები წავედით ლიზასთან მისალოცად კულისებში. ლიზა დერეფანში შეგვხდა. მიდიოდა ალბომებზე წარწერების გასაკეთებლად. „დოიჩე გრამოფონმა“ გამოსცა ახალი ალბომი, სადაც სწორედ ბრამსის  სავიოლინო კონცერტის ჩანაწერია. ჩვენც გავყევით. Image ალბომებზე ხელის მოწერისას ძალიან გვიხაროდა ჩვენც და ლიზასაც. გზაში ერთმა ქალბატონმა გაგვაჩერა, რომელიც აღმოჩნდა ამ კონცერტის ორგანიზატორი საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი  –    Jenny Bilfield (President & CEO at Washington Performing Arts Society) ქალბატონმა საკმაოდ ვრცლად და ემოციურად გამოხატა თავისი აღფრთოვანება ლიზას შესრულებაზე.  საუბრობდა სოლისტისა და ორკესტრის გასაოცარ ურთიერთობაზე. რადგანაც დღეს მე მხოლოდ ემოცია მახსოვს მისი აღტაცებისა, ამიტომ  მოვიყვან რამდენიმე სხვა კრიტიკოსის შეფასებას ლიზა ბათიაშვილის  ამერიკულ ტურნეზე: Chicago SunTimes April 2013: “… ბრამსის სავიოლინე კონცერტის საუკეთესო ცოცხალი შესრულება იყო, რომელიც კი ოდესმე მომისმენია” The Classical Review April 2013: “ბათიაშვილმა მქუხარე ოვაციები დაიმსახურა. ყველაზე გრძელი და ენთუზიაზმით სავსე, რაც  კი ბოლო წლებში მაყურებელს სოლისტის მიმართ გამოუხატია..“ „Chicago Tribune” 2013: ლიზა ბათიაშვილის ტრიუმფალური გამოსვლა ბრამსის სავიოლინო კონცერტში დაუვიწყარია“.

ის საღამო ჩემთვისაც დაუვიწყარი იქნება. არამარტო მუსიკალური შთბეჭდილებების გამო, არამედ იმიტომაც, რომ მე ბედნიერი  ვარ,  რომ  ჩემი მეგობრის შვილი, ლიზა არა მარტო  ბრწყინვალე მუსიკოსია, არამედ ძალიან სადა, კარგი ადამიანი და დიდი პიროვნებაა. მე და ჩემს ქალიშვილს, თამუნას ყვავილების ყიდვა დაგვაგვიანდა. ლიზას ერთი შოკოლადის ფილა გადავეცით, რომელიც სამსახურიდან წამოსულ თამუნას, ჩანთაში აღმოაჩნდა. ლიზას ბავშვივით გაუხარდა და გვითხრა: ყვავილებს ეს არ სჯობია? ხვალ ვინმეს ავტობუსში გავუნაწილებო.

მსოფლიოს # 1 მევიოლინე  ბავშვივით უშუალოა. სხვანაერად ასე ვერც დაუკრავდა.

ლიზა ბათიაშვილი მეუღლესთან, ფრანსუა ლელოს და შვილებთან ერთად ავსტრალიაში ტურნეს დროს. 

წყარო

0

ავტორი: