02:49:47     17-02-2014
მიქლიოს უგემრიელესი წვნიანი პიტნით
ულუფა - 4, მომზადების დრო - 45 წუთი, სირთულე - 1
საჭირო მასალა
300 გრ მიქლიო
1 ხახვი
1 კარტოფილი
1-2 ს.კ. კარაქი
მარილი
პილპილი
ქინძი
პიტნა
მომზადება
სოკო მიქლიო, იგივე მელაკუდა, ძალიან გემრიელია შემწვარი, მაგრამ მისგან შესანიშნავი წვნიანიც მზადდება. მიქლიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და მოვათავსოთ ქვაბში, საშუალო ცეცხლზე.
ხახვი წვრილად, კარტოფილი კი კუბებად დავჭრათ. გავრეცხოთ და დავჭრათ რამდენიმე ღერი ქინძი და პიტნის 5-6 ფოთოლი. პარალელურად გაზქურაზე შემოვდგათ ჩაიდანი. ცოტა ხანში სოკო თავის წვენს გამოუშვებს.
ვაცადოთ წვენს აორთქლება, შემდეგ სოკოს დავუმატოთ კარაქი, წვრილად დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, თან ვურიოთ. მოშუშულ სოკოს დავუმატოთ კარტოფილი, 3-4 წუთი ვშუშოთ და დავასხათ მდუღარე წყალი.
წყლის რაოდენობა იმის მიხედვით განვსაზღვროთ, თუ რა სისქის გვინდა იყოს ჩვენი წვნიანი. ქვაბს თავზე დავახუროთ და დავტოვოთ ცეცხლზე იქამდე, სანამ კარტოფილი კარგად არ მოიხარშება. მზა წვნიანს დავუმატოთ მწვანილი, მარილი და პილპილი.
კულინარიული ჟურნალი ”გემრიელი”
0