11:28:19     05-02-2014
„საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა – საქართველო არსებობს და ოკუპირებული რეგიონები ჩვენი მიწაა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომაც გადაწყვიტა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა.
ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენ არ გამოვუცხადეთ ბოიკოტი სოჭის ოლიმპიურ თამაშებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენს ურთიერთობაში კვლავაც უდიდეს პრობლემად და შეშფოთების საკითხად რჩება კონფლიქტისა და ოკუპირებული რეგიონების საკითხი".
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს ადგილი არ ექნება ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალურ მიღებას. თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ ასე მოხდება ქართულ მხარეს ადეკვატური რეაგირება ექნება. ღარიბაშვილმა ოკუპირებული რეგიონებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და რეალობა ის არის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ ერთი ქვეყანა და ეს საქართველოა.
"ჩვენი ტერიტორია - ეს ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენ ვიზიარებთ მას ჩვენს ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან და გვინდა, რომ ეს მომავალშიც გავაკეთოთ", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. კითხვაზე „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა ცოტა ხნის წინ, რომ პრობლემები ორ ქვეყანას შორის მომდინარეობს საქართველოს უარიდან, აღიაროს ახალი რეალობა...“ ღარიბაშვილი შემდეგნაირად პასუხობს: რეალობა ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა – საქართველო არსებობს, ოკუპირებული რეგიონები ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენია ეს მიწა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად.
BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. "უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში მიმდინარე პროცესით. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოზე პოტენციურ ზეწოლას, ჩვენ უფრო ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსეთზე, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. მე ვიტყოდი, რუსეთს არ გააჩნია საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები ჩვენზე. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ არის მისთვის სახიფათო და სარისკო. რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს ძლიერი, საიმედო და დემოკრატიული მეზობლის ყოლით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეგრძნებაა იყო მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა,
დემოკრატიული გზით არჩეულია ლიდერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
განაცხადა, რომ პირველ რიგში, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.
"მეორე მხრივ კი, ეს უდიდესი სიამოვნებაა, რადგან მე ჩემს ქვეყანასა და
ჩემს ხალხს ვემსახურები. ამიტომ სრულად ჩემს სამუშაოს მივეკუთვნები", -
აღნიშნა პრემიერმა.
0