15:29:34     03-02-2014
ბოკერია ბურჯანაძის განცხადებაზე: “ეს იყო სიბრიყვით სავსე ლექცია”

“ეს იყო სიბრიყვით სავსე ლექცია”,- ასე აფასებს ვანო მერაბიშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნინო ბურჯანაძის ჩვენებას უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია. „ბურჯანაძე ღიად შეეკრა საქართველოს მტრებს. ყველა მისი ნაბიჯი მიმართული იყო ძალადობისა და სისხლისღვრისკენ. მან ყველა შესაძლებობა, რომ ძალადობა აეცილებინა თავიდან, არა თუ არ გამოიყენა, არამედ ხელი შეუწყო მას", - განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან „ნაცინალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სისულელეს უწოდებს ბურჯანაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც თითქოს აგვისტოს ომის დროს იგი ხელისუფლებაში არ იმყოფებოდა, "აბსოლუტური სისულელეა, ეს არის თავხედური და ცინიკური ტყუილი, თითქოს 2008 წლის აპრილში ხელისუფლება აფხაზებთან ომის დაწყებას აპირებდა, აბსოლუტური სისულელეა ასევე, თითქოს იგი ხელისუფლებაში აღარ იყო და აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებას ეხმარებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ როდესაც ხელისუფლებიდან წავიდა, აგვისტოს თვეში, მიხეილ სააკაშვილმა დახმარება სთხოვა. "ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, ვაგზავნიდი მეილებს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ვთხოვდი მათ დახმარებას. თუმცა, მე არსად ვჩანდი, ჩემი ინტერვიუები არსად არ გადიოდა, დისკრედიტაცია კი დაიწყო მას შემდეგ რაც "როიტერს" მივეცი ინტერვიუ და ვთქვი, რომ ახლა შეკითხვების დრო არ არის, მაგრამ დადგებოდა კითხვებზე პასუხებზე გაცემის დრო. სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყო ჩემი დისკრედიტაცია. მიხეილ სააკაშვილმა შეკრიბა ხალხი და მათ უთხრა, რომ ვინც აღნიშნულ კითხვებზე და მათ პასუხებზე ისაუბრებდა, ის გამოეცხადებინათ ქვეყნის მოღალატეებად და რუსეთის აგენტებად", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, „წინა ხელისუფლება 2008 წლის აპრილში აფხაზეთში ომის
დაწყებას აპირებდა“.
„როდესაც 2008 წლის აპრილში ესენი აფხაზეთში აპირებდნენ ომის დაწყებას, მე
სააკაშვილს ვუთხარი, რომ ომს ვერ მოვიგებდით. პასუხად უშიშროების საბჭოს
სხდომაზე მივიღე ის, რომ „ჩვენი ერთი ჯარისკაცი 50 რუს ჯარისკაცს უდრიდა,
ჩვენ უახლესი ტექნიკა გვქონდა, მათ კი – ჩაჟანგებული“. სამართლიანობისთვის
უნდა ითქვას, რომ მერაბიშვილისთვის დიდი ენთუზიაზმი არ შემიტყვია, ამ ომის
აცილება ჩემი დამსახურებაა და აგვისტოში რუსული ჯარები არა ბურჯანაძემ,
არამედ სააკაშვილის უტვინობამ შემოიყვანა“.
0