12:45:12     03-02-2014
უბედური შემთხვევა თუ ძალადობა – რა გახდა 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის გარდაცვალების მიზეზი?
რა გახდა 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის გარდაცვალების მიზეზი და განხორციალდა თუ არა მასზე სექსუალური ძალადობა?- ეს ის კითხვებია, რომელზეც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. შეგახსენებთ, რომ თბილისში 16 წლის გოგონას ცხედარი გუშინ, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
გამოძიება 16 წლის გოგონას გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გოგონა კლასელებთან ერთად ერთ-ერთი მეგობრის სახლში იმყოფებოდა. ჩავლეიშვილი მეგობრის სახლიდან ღამით რამდენიმე წუთით გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. მეგობრებმა კი, რომლებთან ერთადაც იგი იმყოფებოდა, ჩათვალეს, რომ მარიამ ჩავლეიშვილი სახლში წავიდა და ძებნა აღარ დაუწყეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ეზოში გასულ გოგონას ყინულზე ფეხი აუცურდა და წაიქცა, რის შედეგადაც გონება დაკარგა და გაიყინა. გამოცემა Mediamall.ge-ს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, გოგონა გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. ადგილზე ნაპოვნია პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ჭიქები და ალკოჰოლური სასმელი. გამოცემისვე ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ დანაშაული ერთ-ერთმა თანაკლასელმა ჩაიდინა, რომელმაც მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მოახერხეს მისი დაკავება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მისი ვინაობა არ სახელდება.
აღნიშნული საქმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს,რომ მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რაც შეეხება იმ ვერსიას თითქოს პოლიციამ კონკრეტული პირი დააკავა, ჭიკაიძის უწყებაში არ ადსტურებენ.
„პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, არ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ პოლიციამ დაიჭირა გარდაცვლილის კლასელი“,- აცხადებენ შსს–ში.
მარიამ ჩავლეიშვილი, თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი
წარმოშობით, ჩოხატაურის რაიონ სოფელ ბუკნარიდან არის. გოგონა კერძო
სკოლა „დავითანის“ მოსწავლე იყო.
სკოლის დირექტრის ნანა ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიციამ გარდაცვლილის
ახლობლები დაკითხა.
ზურაბიშვილი: ძალიან კარგი გოგონა იყო, სიცოცხლით სავსე. ჩემი ინფორმაციით,
გარდაცვალების დღეს კლასელებს შეხვდა, რომლებიც რაღაცას აღნიშნავდნენ,
მარიამი გვერდზე გასულა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა, ბავშვებს არც
მოუკითხავთ, იფიქრეს სახლში წავიდა, რადგან ნათესავის დაბადების დღეზე
მიდიოდაო. დაკითხულია ყველა, ვინც მარიამთან ერთად იმყოფებოდა. რაც შეეხება
იმ ვერსიას, რომ მასზე ძლა იხმარეს, ჩემი ინფორმაციით, გოგონა
გაუპატიურებული არ არის.
0