13:02:22     30-01-2014
მანანა კობახიძე: სრული საფუძველი აქვს პროკურატურას ბრალი დაუმძიმოს მერაბიშვილს

ვიდეომასალა, რომელიც youtube-ზე გუშინ გავრცელდა„ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოცნებას შორის მორიგი დაპირისპირების და ურთიერთბრალდების საგნად იქცა.
კადრებში ჩანს შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კუდ-ის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია, სოდ–ის უფროსი, ერეკლე კოდუა და სხვა მაღალჩინოსნები.
მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პირებს დავალებას აძლევს და ამბოხებაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
„პრესა.ჯი“ გუშინ გავრცელებულ ვიდეო-მასალაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მანანა კობახიძეს ესაუბრა.
მანანა კობახიძე: ეს კადრები დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სისხლიან რეჟიმთან და ამ რეჟიმის სათავეში იყო მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ახალაიები კოდუა, თარგამაძე და სხვანი... ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ადამიანის შეკვეთილ მკვლელობებზე, გაუპატიურებაზე, საქმეების შეკერვასა და ოპოზიციის დევნაზე.
„პრესა.ჯი“: გავრცელებულ კადრებზე გამოძიება უკვე დაიწყო, ელოდებით თუ იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, ვინც ამ ვიდეოში ჩანს?
- აუცილებელია, ამ საქმის ხელახლა გამოძიება. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ მუხროვანის საქმე იყო შეკერილი. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ოპოზიცია დაეშინებინათ. მიტინგები, რომელიც რუსთაველზე იმართებოდა, გაენიტრალებინათ, რათა ოპოზიციას იმის სურვილი არ გასჩენოდა, რომ გამოსულიყო ქუჩაში.
მოგეხსენებათ, რომ 2009 წლის მაისში, თბილისი საკნების ქალაქად იქცა. ეს ვიდეო იძლევა იმის საფუძველს, რომ საქმე ხელახლა გადაიხედოს და დამნაშავეები დაისაჯონ. ნაციონალების განცხადებები იმის თაობაზე რომ თურმე მერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრები არიან, არის მცდელობა იმ რეჟიმის აღდგენისა, რომელიც ხალხის ხოცვაზე იდგა.
საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ეს ყოველივე, ძალიან კარგად. სამოქალაქო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ამ რეჟიმის მობრუნება ქვეყნის სათავეში.
- როგორც იურისტს ისე გეკითხებით, არის თუ არა, საკმარისი ეს ვიდეო-კადრები იმისთვის რომ მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს?
- ამ ვიდეოში რაც ჩანს, ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მინიმუმ ორი პირის. იკვეთება თანამდებობის ბორტად გამოყენებით, ბრძანება ადამიანების ლიკვიდაციის და შესაბამისად, სრული საფუძველი აქვს პროკურატურას ბრალი დაუმძიმოს მერაბიშვილს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. მისი ბრალეულობა გამოძიებით უნდა დადგინდეს.
- გივი თარგამაძე მერაბიშვილის ამ ბრძანებას ადეკვატურს უწოდებს... სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობდა...
- არ გააგრძელოთ, უკვე ვიცი რისი კითხვაც გნებავთ, თარგამაძე ყველანაირად ცდილობს, გადაეფაროს რეჟიმს, რომლის ერთ-ერთი არქიტექტორი თვითონ იყო. ისიც უნდა დაიკითხოს, როგორც ჩანს ისიც იქ იმყოფებოდა და ეს მან აღიარა და როგორც ჩანს, ის ამ ყველაფრის თანამონაწილეა.
0