14:20:08     29-01-2014
მომწამლავი სოსისი, სარდელი, "სკუმბრია" - მომხმარებლები "ნიკორას" ადანაშაულებენ - რას პასუხობს კომპანია

„აფხაზეთის ხმა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მოქალაქემ, რომელმაც „ნიკორას“ საფირმო მაღაზიაში ვადაგასული შოკოლადი აღმოაჩინა, საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მოქალაქეებს "ნიკორას" მიმართ პრეტენზიები აქვთ. მათ შორის ვადაგასული ხორცპროდუქტების შესახებაც.
„პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს რომ „ნიკორას“ საფირმო მაღაზიაში პატრული მოქალაქის მოთხოვნის გამო მივიდა.
„პრესა.ჯი“ „ნიკორას“ წარმომადგენელს, გიგა ბატკუაშვილსაც დაუკავშირდა. კითხვის მოსმენის შემდეგ მან გვთხოვა რომ კითხვა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაგვეგზავნა. მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას, „პრესა.ჯი“-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო (როგორც ჩანს დაფიქრება სჭირდებოდა).
„ნიკორას“ წარმომადგენელს, გიგა ბატკუაშვილს ჩვენ ეს კითხვა გავუგზავნეთ: „გარდა ბოლო ინციდენტისა, როცა მოქალაქემ პატრული გამოიძახა და განაცხადა რომ თქვენს მაღაზიაში (ნაძალადევში) აღმოაჩინა ვადაგასული შოკოლადი, არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს "ნიკორას" ხორცპროდუქტებისა თუ "თევზეულის" (რომელიც თქვენს მაღაზიებში იყიდება) გამო აქვთ პრეტენზიები. ასეთი ფაქტები საკმაოდ მრავლადაა მაგალითად, "მომხმარებელ.ჯი"-ზე. რატომ ფიქსირდება მსგავსი ფაქტები?“
ბატკუაშვილი შეგვპირდა რომ „პრესა.ჯი“-ს კითხვას, კომპანია რამდენიმე წუთში გასცემდა პასუხს (სატელეფონო საუბრისას მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა, არსებობს აუდიოჩანაწერიც), თუმცა, აღმოჩნდა, რომ „ნიკორას“ სათქმელი მნიშვნელოვნად გაეწელა....
ბატკუაშვილი, კითხვის მიღების შემდეგ, ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა, მომდევნო ერთი საათის განმავლობაში. ლოდინისა და „შეწუხების“ შემდეგ, ელექტრონულ ფოსტაზე „ნიკორას“ მარკეტინგის მენეჯერის, ანი ადუაშვილის პასუხი მივიღეთ.
„როგორც მოგეხსენებათ, სს „ნიკორამ“ მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტი გუშინ საღამოსვე დაადასტურა და შესაბამის საინფორმაციო სააგენტოებს ოფიციალური განმარტებაც მისცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ერთ-ერთ მომხმარებელს ეჭვი დაებადა, რომ შოკოლადის ფილა „ალპენ გოლდი“, რომელსაც გამოშვების თარიღი ქართული ანოტაციის ქვეშ ჰქონდა, ვადაგასული გახლდათ და ადგილზე გამოიძახა პოლიცია.
პატრულის თანდასწრებით, სუპერმარკეტის პერსონალმა შოკოლადის ფილას მოაცილა ანოტაციის სტიკერი და დარწმუნდა, რომ პროდუქტი 2013 წლის ნოემბერში გახლდათ გამოშვებული - ვადა კი 9 თვე, 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით ჰქონდა.
ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები გადაღებულ იქნა პარტულის მიერ, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა სუპერმარკეტის პერსონალს ბოდიშიც მოუხადეს.
ინფორმაციისა და ფოტო მასალის სიზუსტის გადამოწმება შეგიძლიათ შესაბამის ორგანოში. სს „ნიკორა“ მის ჰოლდინგში შემავალი ბრენდების წარმოებულ პროდუქტს, სარეალიზაციოდ გასვლამდე, ყოველდღიურად ამოწმებს კომპანიის ფარგლებში არსებულ თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიაში და სრულ პასუხისმგებლობას იღებს პროდუქციის მაღალ ხარისხა და უვნებლობაზე.
რაც შეეხება მომხმარებელი.გე-ს კონკრეტულ კვლევას, ჩვენ არ ვიცით რა პირობებში ახდენს აღნიშნული ორგანიზაცია შესამოწმებელი პროდუქტების ნიმუშების აღებას - რამდენად იცავს ნიმუშის აღების ნორმებსა და სტანდარტებს, ამიტომ მათი კვლევის შედეგებზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ“.
მომხმარებელი.გე-ზე ვკითხულობთ: „2013 წლის 04 თებერვალს, მოსკოვის გამზირზე მდებარე ნიკორას საფირმო მაღაზიაში შევიძინეთ სოსისი რძიანი ასაწონი, სოსისი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატორიას შესამოწმებლად.ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით სოსისი დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში .
2013 წლის დასაწყისში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა აღნიშნული პროდუქტი. შემოწმების შედეგად დაგინდა, რომ სოსისის ნიმუში სანიტარული მაჩვენებლების მიხედვით არ შეესაბამება "ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვაბი პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი" სანიტარული წესებისა და ნორმების სანწდან 2.3.2.000-00 მოთხოვნებს.
კერძოდ, მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობულ მიკროორგანიზმების რაოდენობამ შეადგინა 2500კწე/გ , ნაცვლად 1000კწე/გ-ში.
„2012 წლის 28 იანვარს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა, „ნიკორას“ მაღაზიაში შეძენილ შებოლილ სკუმბრიასთან დაკავშირებით.
31 იანვარს, ხიზანიშვილის ქუჩაზე 15 ნომერში მდებარე „ნიკორას“ მარკეტში შევიძინეთ შებოლილი სკუმბრია ვაკუუმ შეფუთვაში და მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკურიანალიზისათვის ლაბორატორიაში მივიტანეთ.ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით თევზი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები (სუნი, გემო, ფერი, კონსისტენცია) ნორმაშია, მიკრობიოლოგიური დაბინძურების გამო პროდუქტი უსაფრთხო აღარ არის.
გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ საგენტოში. სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდა სტანდარტული უშინაარსო პასუხი.
გაიგზავნა თხოვნა მთავრობაში, რათა აიძულონ სააგენტო რეაგირება იქონიოს. მთავრობიდან გამოხმაურება არ მიგვიღია. მხოლოდ 2012 წლის ნოემბერში შევძელით გაგვერკვია, რომ ჩვენი ინფორმაციის პასუხად მითითებული პროდუქტი სააგენტოს არ შეუმოწმებია. რაც შეეხება სს „ნიკორას“, სააგენტოს იგი 2011 წლის თებერვალში ჰქონდა გეგმურად შემოწმებული. ამის შემდეგ საწარმოს არაგეგმური ინსპექტირებები სააგენტომ 2011 წლის 31 ოქტომბერს და 2012 წლის 16 ივლისს განახორციელა.
2012 წლის 13 ივნისს, ჩვენ კვლავ მივედით იგივე მაღაზიაში, რათა გადაგვემოწმებინა იგივე პროდუქტი. პროდუქტი გაყიდვაში აღარ დაგვხვდა“.
„2011 წლის 19 ოქტომბერს სურსათის ცხელ ხაზზე მომხმარებელმა დარეკა საჩივრით, რომლითაც გვატყობინებდა, რომ 16 ოქტომბერს თემქაზე მდებარე მაღაზია „ახალ უნივერსამში“ შეიძინა „ნიკორას“ ფირმის ასაწონი სარდელი, რომლითაც ოჯახის სამი წევრი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.
მომხმარებელმა საჩივარში აღნიშნა, რომ აღნიშნულ სუპერმარკეტში ხშირად იყიდება ხორცპორდუქტები, რომლებიც გარეგნულად ცუდად გამოიყურება და რომ მისი აზრით ამ სუპერმარკეტში პროდუქტების შენახვის ჰიგიენური მოთხოვნები ირღვევა.
საჩივრის გადამოწმების მიზნით 2011 წლის 20 ოქტომბერს მითითებულ მაღაზიაში ჩვენ შევიძინეთ „ნიკორას“ წარმოების სარდელი.
შესყიდვას ესწრებოდა კვების პროდუქტების ექსპერტი, რომელმაც პროდუქტები, მაღაზიის შეფუთვიანად, დაუყოვნებლივ მოათავსა სტერილურ თერმოსებში.
პროდუქტები ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის. 2011 წლის 26 ოქტომბერს მივიღეთ ლაბორატორიის პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული პროდუქტი დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით“.
0