რა გახდა მიცკევიჩზე პაციენტისა და ექიმის დაღუპვის რეალური მიზეზი? რა გახდა მიცკევიჩზე პაციენტისა და ექიმის დაღუპვის რეალური მიზეზი? />


  13:03:23     29-01-2014

რა გახდა მიცკევიჩზე პაციენტისა და ექიმის დაღუპვის რეალური მიზეზი?

a27715.jpg

სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა ორი დღის წინ, 27 იანვარს მიცკევიჩის ქუჩაზე, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში, რა დროსაც დერმატოლოგ - ვენეროლოგი, პროფესორი, ზურაბ ბენდელიანი და მისი პაციენტი, ანზორ ბეკურაშვილი დაიღუპნენ.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციის თანახმად, ექიმმა ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი მოკლა. მკვლელობას კი წინ უძღოდა 30 წლის პაციენტის მიერ ექიმის კაბინეტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეგდება. ექიმმა პაციენტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოასწრო, თუმცა ალმოდებული ოთახის დატოვება ვერ შეძლო და დაიწვა. მედპერსონალისთვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის (ბენდელიანი, უნივერსიტეტის პროფესორი იყო) მომხდარის მოტივი, გაურკვეველია. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები კი მედიასთან კონტაქტს ერიდებიან და მომხდარის შესაძლო მოტივზე არ საუბრობენ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბეკურაშვილი ბენდელიანთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა ხშირად საყვედურობდა ექიმს, რომ მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა და მას არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებდა. სავარაუდოდ, იყო მუქარაც, რადგან ცენტრის თანამშრომლები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ექიმის კაბინეტიდან ხშირად ხმაურიანი საუბარი გამოდიოდა. 

სავარაუდოდ, პაციენტიც და ექიმიც შესაძლო სცენარისთვის მზად იყვნენ, ბენდელიანს თან ცეცხლასროლი იარაღი ჰქონდა, ანზორ ბეკურაშვილმა კი მკვლელობის დღეს საკუთარ დედას წერილი მისწერა და მისი სიკვდილიც არ გამორიცხა: "დედა, მაპატიე. ტკივილს ვეღარ ვუძლებ და სანამ მე მოვკვდები, მოვკლავ იმას, ვინც ამ დღეში ჩამაგდო"- წერდა პაციენტი.

მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე შს სამინისტროში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც „პრესა.ჯი“-ს უწყების პრესსამსახურსი უთხრეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა. გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე კი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა . 

„პრესა.ჯი“ შეეცადა გაერკვია, რა დაავადების მატარებელი იყო 30 წლის ახალგაზრდა, თუმცა როგორც დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში გვითხრეს, აფეთქების შედეგად სხვა პაციენტების ისტორიებთან ერთად, ანზორ ბეკურაშვილის სამედიცინო ისტორიაც განადგურდა. 

„ჩვენც ის ვიცით რაც დაიწერა და ტელევიზიით გადაიცა, მოხდა ფაქტი, გავიგეთ აფეთქების ხმა, თანამშრომლებმა სამაშველო სამსახურს მიმართეს, რომლებმაც დამწვარი ორი ცხედარი იპოვეს, ექიმი ბენდელიანი დამწვარი, ხოლო მისი პაიენტი მოკლული. ჩვენც თქვენთან ერთად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რაც შეეხება კითხვას, რა დაავადების მატარებელი იყო პაციენტი, ეს მხოლოდ ექიმმა და პაციენტმა იციან, განადგურდა ასევე სამედიცინო ისტორია, სადაც ბეკურაშვილის დასმული დიაგნოზი იყო“,- განაცხადა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრის ერთერთმა თანამშრომელმა, რომელიც ზურაბ ბენდელიანს დადებით და პროფესიონალ სპეციალისტს უწოდებს.

ზურა ბენდელიანის პროფესიონალიზმზე საუბრობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც. სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ტალახაძემ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, რომ შემთხვევისას ცენტრში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ. 

მისი თქმით, სტუდენტები პოლიციამ იმავე დღეს დაკითხეს. ზაზა ტალახაძე: "არავის არ აქვს წარმოდგენა რა მოხდა კაბინეტში. ორივე დაღუპულია. ამიტომ ძალიან ჭირს მოტივზე საუბარი. ვადასტურებ რომ შემთხვევისას ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები სამედიცინო ცენტრის შენობაში იმყოფებოდნენ, ისინი ბენდელიანს ელოდებოდნენ, თუმცა როგორც სტუდენტები აცხადებენ, გაიგეს აფეთქებისა და სროლის ხმა. ვერავინ ვერ მიხვდა რა მოხდა, ყველანი შოკირებულები არიან".
0

ავტორი: