15:07:00     28-01-2014
„ჯინსების თაობა“ ჰოლივუდის ობიექტივში
ჯეისონ ფლემინგი, ვინი ჯონსი, გალ გადოტი - ეს იმ ცნობილი ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც „ჯინსების თაობაში“ მიიღებენ მონაწილეობას. ფილმის რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაანდო. ჰოლივუდის მსახიობების მონაწილეობით 1983 წელს მომხდარი ტრაგედია ტელეეკრანებზე 2015 წლის დასაწყისში გაცოცხლდება.
- „ჯინსების თაობის“ ფილმად გადაღება დიდი ხნის წინ დაიგეგმა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასზე მუშაობა შეჩერებული იყო, რამ გამოიწვია ეს?
- ყველაფერს აქვს თავისი დრო - დაწყება, განვითარება და დასრულება. კინოპროექტი, რომელიც მასშტაბურია, დიდ დროს საჭიროებს, რომ დასრულებული სახე მიიღოს. მით უმეტეს, გვაქვს უკეთესი ვარიანტები, ვიდრე აქამდე. ბევრი ადამიანია ჩართული, როგორც ფინანსური, ისე მსახიობების კუთხით. ისეთი დრო უნდა დაამთხვიო, რომ შეფერხებები არ იყოს, როგორც ეს შარშან მოხდა, არჩევნების გამო. ჩამოყვანილი გვყავდა ჯგუფი, სიტუაცია, რომ დაიძაბა, მათ მიიღეს უკან დაბრუნების გადაწყვეტილება და შესაბამისად, პროექტიც შეჩერდა.
- ფილმზე მუშაობის შეჩერება იმით იყო განპირობებული, რომ მაშინდელი მმართველი პარტია ამ იდეას მხარს უჭერდა, შემდეგში არჩეულმა კი დაიწუნა?
- არა, არანაირი შეხება არ გვქონდა პოლიტიკასთან. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. სპონსორების მხრიდან იყო ყოყმანი, რომ სიტუაცია აირეოდა. აქ ხომ ისედაც სულ დაძაბული სიტუაციაა. როდესაც მაღალი დონის პროექტს აკეთებ და მსახიობებიც ასეთივე გყავს, როგორც კი პატარა საფრთხე იქმნება, ისინი მაშინვე მიდიან და კონტრაქტს აღარავინ უყურებს. ქვეყანაში აუცილებელია სტაბილურობა და სწორი განვითარება. ასეთი პროექტები ხელს უწყობს ბრენდინგს, რომელსაც მოჰყავს შემდეგ ინვესტორი და ფართოდ გააქვს შენი ქვეყნის ისტორიაც და სიტუაციაც.
- ცნობილია, რომ ფილმის ბიუჯეტი 7 მილიონი დოლარი იქნება. თავის დროზე, ფილმზე მუშაობის შეწყვეტა, გარდა პოლიტიკურისა, ფინანსური მიზეზების გამო არ მომხდარა?
- ზუსტად ეგ ვიგულისხმე. შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ინვესტორი დავკარგეთ და ძალიან რთული იყო დაწყება. ჩამოყვანილი ადამიანები გავუშვით უკან. ახლა სიტუაციის მოგვარება დაიწყო, ხელახლა დავიწეთ მუშაობა. რთულია, მაგრამ ამავდროულად - საინტერესო. შეიძლება 7 მილიონიც იყოს, ან მეტი, ან ნაკლები, ეს იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ, რა მასშტაბს შეიძენს პროექტი, კონკრეტული თანხა არ არის ჯერ ცნობილი.
- ვინაიდან ფილმი ინგლისურ ენაზე გამოვა, მასში ქართველი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას?
- რა თქმა უნდა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. ძალიან მაგარი იქნება, ქართველი მსახიობების მუშაობა ცნობილ არტისტებთან, თანაც ინგლისურ ენაზე. ეს იქნება სერიოზული პრაქტიკა ნებისმიერი ქართველისთვის, თუმცა ქართველი მსახიობები მეორეხარისხოვან როლებზე იქნებიან, ცნობილი ვარსკვლავები კი მთავარ როლებს მიიღებენ. შეიძლება ეს ცუდად გაიგოს ვინმემ, მაგრამ როდესაც აქცენტებს შორის სხვაობაა, კინო მსოფლიო ბაზარზე უნდა გავიდეს, მაყურებელმა ეს შეიძლება ცუდად მიიღოს, შეცდომის დაშვების უფლება კი არ გვაქვს.
- როდის დაიწყება კასტინგი და სად გაიმართება, რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს ქართველი მაყურებელი?
- ძირითადი მსახიობები უკვე გადაწყვეტილია და დამტიცებულები არიან როლებზე, ახლა მათთან კონტრაქტები უნდა გაფორმდეს. რაც შეეხება დანარჩენ როლებს, მათზე შერჩევა თებერვლის შუა რიცხვებში, ლოს ანჯელესში დაიწყება. გპირდებით, რომ ისეთი მსახიობები იქნებიან შერჩეულები, რომლებიც მალე ძალიან დიდი ვარსკვლავები გახდებიან.
- სცენარზე მუშაობა თუ დასრულდა და რა დეტალები იქნება შეცვლილი მასში წიგნისგან განსხვავებით?
- სცენარმა განიცადა გარკვეული ცვლილებები. ძირეულად არ შეცვლილა, მაგრამ ის დეტალები შევიდა, რომელიც აუცილებელია, მაღალი დონის მსახიობების დასაინტერესებლად. წიგნი წიგნია, რაც ძალიან საინტერესოა და აქედან დაიწყო ყველაფერი. როდესაც „ჯინსების თაობა“ წავიკითხე, ძალიან მომეწონა, უფრო მეტი გავიგე მის შესახებ, თუმცა ფილმისთვის კიდევ უფრო მეტია საჭირო. ჩავატარეთ კვლევები მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გიორგი ქავთარაძემ, რომელიც ფილმის პროდიუსერი იქნება. ჩამოვიყვანეთ სცენარისტი. შევხვდით პილოტს, აეროპორტის თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეეხო ეს ამბავი. მივიღეთ საინტერესო იმფორმაციები, ის რეალობა და ელემენტები, რაც წინგში არ არის აღწერილი, რაც ჩვენთვისაც საინტერესოა და ფილმში უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული.
- „ჯინსების თაობას“ საზოგადოების ნაწილი ტერორისტებად თვლის, ნაწილი კი მათ გმირებად მიიჩნევს, თავად ამ ადამიანების ოჯახის წევრები როგორ ეკიდებიან ფილმის გადაღების ამბავს?
- მათი დამოკიდებულება ადეკვატურია და აინტერესებთ კიდევაც, რადგან შესაძლებლობაა, რომ ხელახლა გაცოცხლდნენ მათი ოჯახის წევრები. ის, რაც მოხდა, ტრაგიკული შემთხვევა იყო და ეკრანული გმირების სახით დაბრუნდებიან ეს ადამიანები. ცნობილი ისტორიაა. როდესაც შენ მას ფილმის სახით გადმოსცემ, უფრო ამაღელვებელია და დიდი ინტერესით ელოდებიან. არ ვთვლი, რომ ისინი ტერორისტები იყვნენ, რადგან ის გადაწყვეტილება, რაც მათ მიიღეს, გარკვეულმა პროტესტმა გამოიწვია. მათი გეგმა სხვანაირი იყო, მაგრამ მეორე მხრიდანაც უნდა შევხედოთ ამ საკითხს, ის რაც გააკეთეს, გამართლებული არ არის. რაც მოხდა, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია.
- ანუ ფილმი მაინც დატოვებს საკამათო თემად ამ ამბავს?
- ბუნებრივია. ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ. ეს არის არის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტი აქცია, რომელმაც ტრაგიკული შედეგი მიიღო. რაც მოხდა, ამას ყველას განიცდის.
- სად და როდიდან დაიწყება გადაღებები?
- გადაღებები თბილისში იქნება. შესაძლოა, ნიუ- იორკშიც მოხდეს, მაგრამ უმეტესად თბილისში. ვგემგავთ ასევე გერგეტის სამებაზეც. კონკრეტულად როდის დაიწყება, ვერ გეტყვით, რადგან დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პერიოდზე შევთანხმდებით მსახიობებთან. წლევანდელი წლის განმავლობაში აუცილებლად დასრულდება, სრული სურათი კი სავარაუდოდ, სექტემებრის ბოლოს გვექნება. გადაღებები ორ თვეს გაგრძელდება.
- გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის მუსიკაზე ოსკაროსანი კომპოზიტორი იმუშავებს, სიმართლეს შეესაბამება?
- რამდენადაც კარგი სცენარი, ისტორია გვაქვს და იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ პოზიციაზე ძალიან მაგარი მსახიობი გვყავდეს, კარგი სამსახიობო დასი, პროექტი უფრო მაგარი გამოვა. აქედან გამომდინარე, პროექტი დიდ მასშტაბებზე გავა. ჩემი ლოს ანჯელესში ჩასვლის შემდეგ, იქნება შეხვედრა მუსიკოსებთან, რათა მოხდეს დახვეწა ამ ყველაფრის. ფილმს ვინც გადაიღებს, მსოფლიოში ცნობილი ადამიანია, რომელიც ახლა ძალიან დიდ პროექტზე მუშაობს. იქნება სპეცეფექტებიც. კარგი ჯგუფი შეიკრა ამ ფილმისთვის. დაინტერესება რომ მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ისინი დაინტერესდნენ. სცენარის წაკითხვის შემდეგ, სადაც საუბარია თვითმფრინავის გატაცებაზე, რთულია მსახიობის დათანხმება. არ გვინდა, ფილმი ტერორიზმის კუთხით განვითარდეს, რადგან ამ ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ ჩვენ სხვა მიმართულებით წავალთ.
- რადგან თვითმფრინავის გატაცების ისტორიაა, სად მოხდება ამ სცენების გადაღება და რომელიმე ავიაკომპანიასთან თუ თანამშრომლობთ?
- გადაღებები იქნება აეროპორტში. რაც შეეხება ავიაკომპანიას, მათ აეროფლოტის თვითმფრინავი გაიტაცეს და ფილმში ზუსტად ეს მოდელი იქნება გამოყენებული, T-134. ძალიან გვეხმარება თავდაცვის სამინისტრო და საერთოდ, სახელმწიფო უწყებები, საქალაქო სასამართლო, საჯარო ბიბლიოთეკა. საერთოდ, ასეთ პროექტზე მუშაობის დროს სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებელია, თუმცა ფინანსები ინვესტორმა თუ არ ჩადო და ის უკან ამოიღო, ფიზიკურად ვერ განვვითარდებით.
- ყველაზე საინტერესოა, რომელ ცნობილ მსახიობებს იხილავს ქართველი მაყურებელი ფილმში?
- 5 თვის წინ რომ გეკითხათ ეს, უფრო კარგად გეტყოდით, მაგრამ მოგვეცა საშუალება, რომ კიდევ უფრო კარგი ვარიანტები ავირჩიოთ. ამ მომენტში, გადაწყვეტილია, რომ ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯეისონ ფლემინგი მამა თევდორეს როლს ითამაშებს. მოლაპარაკებები მიდის ცნობილ ებრაელ მსახიობ გალ გადოტთან, რომელიც დიდ პროექტში მთავარ როლზე დაამტკიცეს და თუ მოვახერხებთ, გადაღების დროის შეთანხმებას, ისიც იქნება ამ ფილმში. ასევე იქნება, ვინი ჯონსი. ბევრი ცნობილი მსახიობი გვეყოლება ფილმში.
- როდის იხილავს ტელეეკრანებზე ფილმს მაყურებელი?
- ფილმი 2015 წელს გამოვა კინოგაქირავებაში. რომ გამოვუშვათ 2014 წელს, უკვე წლის ბოლო იქნება და ჩაკეტილი გვექნება ყველაფერი, 2015 წლი დასაწყისში რომ გამოვა, ყველაფერი წინ გვექნება. მსგავსი პროექტები საინტერესოა ფესტივალებისთვის და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებთ.
მაგდა კლდიაშვილი 0