19:15:29     25-01-2014
ირმა გიგანი ბაბუას სიჯიუტით დაემსგავსა
ირმა გიგანი საკმაოდ პატარა იყო, როცა ბიძამისის მამუკა ჩარკვიანის
სიმღერის 'სულ ზევით, ზევით' მელოდია როიალზე ააწყო. ბახის ნაწარმოებებზე
რომ გადაინაცვლა, ოჯახში შეამჩნიეს, რომ ბავშვს კარგი სმენა ჰქონდა და
დედამისმა თაკო ჩარკვიანმა ის მუსიკალურ სკოლაში შეიყვანა. ირმა გიგანი და ჯანსუღ ჩარკვიანი - ეს ერთი ოჯახის, ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი, ერთმანეთს პოეტის სახლში შევახვედრეთ...
- ბატონო ჯანსუღ, პირველ რიგში, მინდა გაიხსენოთ 17 წლის წინ ირმას დაბადება...
-
მის დაბადებას დიდი სიხარულით ველოდი. არასოდეს ვყოფილვარ იმის მომხრე,
როცა ვიღაც ქაჯები ფიქრობენ, რომ აუცილებელია, ბიჭი დაიბადოს. არა,
გენაცვალე, ჩემთვის ყოველთვის სულერთი იყო, ბიჭი იქნებოდა თუ გოგონა, ოღონდ
ყოფილიყო ის, ვინც შეეფერება ჩვენს ცხოვრებასა და ოჯახს. დაიბადა ირმა და
მე ეგეთი გოგო იშვითად მინახავს ამქვეყნად. პატარა რომ იყო, ვკოცნიდი,
ვეფერებოდი: ბაბუა გენაცვალოს-მეთქი. ეს კი ბაბუას მაგივრად 'ბას'
მეძახდა. 4 წლის ასაკში ირმა როიალთან მივიდა და რაღაცების აწყობა დაიწყო. 6
წლისამ უკვე ისე 'შეუბერა', რომ იტალიაში გრან-პრი აიღო. მერე რუსეთში
მის ვეებერთელა, სამმეტრიან სურათებს ეწერა; 'მოცარტის და'. მიხარია, რომ
ამ პატარა გოგონამ ასე გაამართლა. დღეს 17 წლისაა და არა მარტო ჩემთვის,
არამედ მთელი საქართველოსა და მსოფლიოსთვისაა საყვარელი. მე ჩემს
საქართველოს ვუსურვებდი, ნიჭიერი ადამიანის ფასი იცოდეს. ამას ყველაზე არ
ვამბობ, მაგრამ საქართველოში ხშირად ადამიანებს ერთმანეთის შურთ. შურიანი
არ უნდა იყო. თუ შენი შვილი რამეს არასწორად აკეთებს, მიუთითე, უთხარი და
დატუქსე, თუ კარგია, აღფრთოვანდი, გაიხარე. ასე შეაფასე სხვებიც. მე
აღფრთოვანებული ვარ, რომ ირმა გიგანი ჩემი შვილიშვილია.
- ირმა, ბავშვობაში სად დაჰყავდი ბაბუას, ალბათ, მის გარემოცვასა და მეგობრებში ხშირად გიწევდა ყოფნა?
-
მარიამად ვარ მონათლული და ბავშვობაში, ყოველ მარიამობას ბაბუს ზოოპარკში
მივყავდი. ცირკი წარმოდგენებს აქტიურად რომ მართავდა, ბებია-ბაბუასთან
ერთად ყოველ შაბათ-კვირას ვესწრებოდი. საერთოდ, საოცრად დიდ სიყვარულში
გავიზარდე. ოჯახის წევრებს შორის მეგობრული ურთიერთობაა და ვფიქრობ, ეს
ატმოსფერო არა მხოლოდ ჩემთვის, ხალხისთვისაც თვალში საცემია. ბაბუასთან
დიდი მეგობრობა მაკავშირებს. ყველა ჩემს კონცერტზე მოდიან ბაბუს
მეგობრებიც. მაქვს ბედნიერება, ურთიერთობა მის ახლობლებთან მქონდეს.
ჯანსუღი:
-
ჩემი თაობიდან ირმა თითქმის ბევრს ვერ მოესწრო, მაგრამ ახსოვს ჩემი
მეგობარი ოთარ ჭილაძე. ვინც პირადად ვერ გაიცნო, მათი წიგნები აქვს
წაკითხული. ვფიქრობ, ოჯახს დიდი როლი აკისრია და ბავშვს ბებია-ბაბუამ უნდა
მიუთითოს, რა იკითხოს.
- ირმა, ვის პროზასა და პოეზიას კითხულობ?
-
გალაკტიონს ვკითხულობ... საყვარელი ავტორი და საზოგადო მოღვაწე ილია
ჭავჭავაძეა. ის ერთ-ერთი დიდი პიროვნება იყო საქართველოს ისტორიაში.
მიყვარს
რუსული ლიტერატურა, რომელიც უმდიდრესია. ხშირად ვუბრუნდები პუშკინს,
ლერმონტოვს, ტოლსტოის. ახლახან წავიკითხე 'ანა კარენინა' და
აღფრთოვანებული დავრჩი. და რა თქმა უნდა, საყვარელ პოეტად პირდაპირ
დავასახელებ ჯანსუღ ჩარკვიანს. საოცრად მომწონს მისი პოეზია და სულ
ვკითხულობ, და არა იმიტომ, რომ ის ჩემი ბაბუაა.
ჯანსუღი:
- სულ ზეპირად იცის უამრავი ჩემი ლექსი.
- ბიძაშენი მამუკა ჩარკვიანი თავის ყოველ ახალ სიმღერას მამას, დას, დისშვილს აცნობს, მისი პირველი მსმენელები ხართ...
ირმა:
-
დიახ, ასეა. თან, ძალიან მომწონს, რომ ჩვენ ყველანი ერთ უბანში, ახლო-ახლო
ვცხოვრობთ. სამივე ოჯახი მეზობლები ვართ. როცა მამუკას რამე ახალი იდეა
უჩნდება და მელოდია მოსდის, მაშინვე ჩვენთან გადმოდის, გვასმენინებს და
შემდეგ იმ სიმღერას მისი მსმენელიც ეცნობა.
- ბატონო ჯანსუღ, თქვენი აზრით, რა არის პირველი განმასხვავებელი თქვენსა და ირმას თაობებს შორის?
-
მოდით, ჯერ ირმა გიგანზე გეტყვით. ის წიგნიერი ბავშვია, იცის მისი ფასი.
მწყ #3 31 ინს, რომ ჩვენ მერე თაობებმა წიგნიერება დაკარგეს. შეიძლება,
უპირველესად ბებიამისის დამსახურებაა, რომ ირმას ამ ასაკში ყველაფერი
წაკითხული აქვს, რაც ზრდასრულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წაკითხული. ასეთები
რომ არსებობენ, მახარებს, მაგრამ საერთოდ მის თაობას რომ გადავხედოთ,
სავალალო შედეგია. ჩემთან, რედაქციაში ერთ-ერთი უნივერსიტეტის
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, რომელსაც შევატყვე, რომ
'ვერ იყო კარგად', ვკითხე, თუ იცი, გიორგი ლეონიძე ვინ იყო-მეთქი. პასუხი
ვერ გამცა, რადგან არ იცოდა. იქვე მეორე ბავშვიც იჯდა და იმან მითხრა, მე
ვიცი, პარლამენტის წევრიაო. როცა ამ დონეზეა ქვეყანა, ძალიან ცუდადაა
საქმე. ჩვენი თაობა წიგნიერი იყო. მაშინ, იმდენად ბევრი ნაკითხი ადამიანი
არსებობდა, რომ ვისაც კითხვა არ უყვარდა, იძულებული იყო, მაინც ეკითხა და
საერთო ჯამში წიგნიერების დონე მაღალი გახლდათ.
ირმა:
-
ჩემს თაობასა და თანატოლებზე ვერაფერს ვიტყვი, რამის თქმის უფლებას თავს
არ მივცემ. შენიშვნები ბაბუასა და მისი თაობის წარმომადგენლებისგან
მიიღება. ისინი ჩვენზე მეტად გამოცდილები არიან და მათი მხრიდან მითითება
აუცილებელია. უბრალოდ, შეიძლება, ბაბუს თაობას სურს, რომ ახალმა თაობამ
უფრო მეტი იკითხოს, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ახალი თაობა არ არის ჭკვიანი.
ჯერ მარტო ჩემ გარშემო, სამეგობრო წრეში იმდენი ნიჭიერი და საინტერესო
ადამიანია, რომ თვლა გაჭირდება.
- ბატონო ჯანსუღ, შვილებთან და შვილიშვილებთან როგორი დასჯის მეთოდი გაქვთ, როცა რამე არ მოგწონთ ან მათ არ ეთანხმებით?
-
შვილიშვილებთან არ მქონია არავითარი უთანხმოება. რაც შეეხება შვილებს,
ცოტა მკაცრი ურთიერთობა მქონდა ჩემს მამუკასთან. ეს მაშინ, როცა ვხედავდი,
რომ არ შეიძლებოდა, კაცი ისე მოქცეულიყო, როგორც ის. მე მართალი ვიყავი, რა
თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში არ დავტუქსავდი. ბავშვი ცელქი უნდა იყოს,
ჩხუბიც იცოდეს, 'შატალოზეც' იაროს, მაგრამ არ უნდა იყოს უზრდელი.
გადაჭარბებული არაფერი მიყვარს. ასეთ დროს შეიძლება მიმეცა შენიშვნები.
შემდეგში, როცა თაკომ და მამუკამ თავიანთ საქმეში წარმატებას მიაღწიეს, რა
თქმა უნდა, ეს მშობლების დამსახურებაც იყო. საერთოდ, ზედმეტად არც მამუკა
იქცეოდა და არც თაკო. იმ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, როცა მამუკამ გრიალი და
სმა დაიწყო. მაშინ ვეუბნებოდი, აბა, დაფიქრდი და იანგარიშე, შენი ნიჭიერება
და ბრწყინვალე კარიერა ჯობს თუ ორასი გრამი არაყი-მეთქი. მას შემდეგ, რაც
ჩემმა შვილმა სმას თავი დაანება და ხალხმა ძველი მამუკა ჩარკვიანი
დაიბრუნა, აღორძინდა ყველაფერი - მეც მოვისვენე და იმ ადამიანებმაც, ვისაც
მისი სიმღერები უყვარს... მთავარია, ზომიერების განცდა გქონდეს. ნიჭიერ
კაცს არ გაქვს უფლება, ხალხი არ გაახარო, ერის შვილი უნდა იყო, მამულიშვილი
(იღიმის).
- ირმა, შენს ოჯახში ბევრი წერს. შენ გიცდია ლექსის წერა?
-
არა, ლექსის დაწერის სურვილი არასოდეს მქონია. ლექსს განსაკუთრებული ნიჭი
და ტექნიკის ცოდნა სჭირდება. თავისუფალი თემის სტილში ჩანახატები დამიწერია
და არ გამომსვლია ცუდი. ალბათ, ეს წარმოსახვის უნარის გამო ხდება, რომელიც
მუსიკაშიც თუ გაქვს, შეიძლება, სხვა სფეროშიც გამოვლინდეს. ვთქვათ,
მხატვრობასა და მწერლობაში.
- ვის ჰგავხარ ხასიათით?
- სიჯიუტით ბაბუს ვგავარ (იცინის). გარეგნულად დედ-მამას, ორივეს ცოტ-ცოტა.
ჯანსუღი:
-
ამას წინათ, ირმა ტელევიზიით ვნახე, როიალთან იჯდა და უკრავდა. მეგონა,
თაკო იყო, ისეთი საოცარი მსგავსება დავინახე დედა-შვილს შორის. ნაკვთების
მიხედვით, ორივეს ჰგავს, მაგრამ როგორც უნდა დაამსგავსო ირმა მის მშობლებს,
საოცრად დამოუკიდებელია. ირმა არის ირმა!
- ირმამ თქვა, სიჯიუტით ბაბუას ვგავარო...
- (იცინის) შეიძლება.
ირმა:
- მე ჩემს სიჯიუტეს კარგა ხანია ვაღიარებ, მაგრამ ბაბუ არ აღიარებს.
ჯანსუღი:
- არ ვიცი, რომელი უფრო ჯიუტი ვართ, რადგან მე ამის სიჯიუტე არ შემიმჩნევია. შეიძლება, სამეგობროში გამოხატავს, მე არ ვიცი.
- ირმა, რამდენად გახსნილი ხარ მშობლებთან, ან იქნებ, ბებია-ბაბუას მიმართავ რჩევისთვის, ან გულისტკივილს უზიარებ?
-
დედ-მამა, ბებია და ბაბუა ყოველთვის ხვდებიან, როგორ ხასიათზე ვარ.
არაფერს ვმალავ, უბრალოდ, შეიძლება, დღეს არ ვთქვა რაღაც და ვთქვა
მოგვიანებით. თუ ვინმესგან რამე მეწყინა ან გავბრაზდი, ჩემთვის ვიტოვებ და
ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ინსტრუმენტთან მივდივარ და ვუკრავ. ეს ჩემი
დამაწყნარებელი საშუალებაა (იღიმის).
- დაბოლოს, ორიოდ სიტყვით
ჯერ შენ მითხარი, ირმა, რა მოგწონს ბაბუას თაობიდან ყველაზე მეტად და მერე
თქვენ მიპასუხეთ, ბატონო ჯანსუღ...
- რთულია თქმა... ბაბუას
თაობას შესაძლებლობების თვალსაზრისით ბევრი რამ არ ჰქონდა, მაგრამ მაინც
ასეთი გენიალური თაობა შეიქმნა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს და ვისურვებდი, რომ,
პირველ რიგში, უფროსი თაობისთვის დამახასიათებელი თვისებებიდან ერთი
'აგვეღო' - ეს არის სამაგალითო ნიმუში ვაჟკაცობისა და გამბედაობისა. ამის
მაგალითები ბაბუასგან, მისი მეგობრებისა და მამაჩემისგანაც ვიცი. ბაბუა და
მამა, ორი ისეთი ადამიანი მყავს სახლში, რომლებიც ჩემთვის ვაჟკაცობის
ეტალონია. უფროსი თაობის ეს თვისება როგორც ყოველდღურ ცხოვრებაში, ისე მათ
პროზასა და პოეზიაში ჩანდა. პოეტი იყო თუ მწერალი, თავის შემოქმედებაში
გამოხატავდა თავის გამბედაობას. თან იმ მძიმე წლებში, ზოგჯერ პოეტის სიტყვა
ტყვიაზე ძლიერი იყო...
ჯანსუღი:
- ერთს
დავამატებ: ახალმა თაობამ უნდა იცოდეს თავისუფლების, ეროვნული თავისუფლების
ფასი. თავზეხელაღებულობა არ არის თავისუფლება, ყველაფერს ჩარჩო აქვს.
საქართველოს შენი სიტყვა უნდა უთხრა და გამოადგე. და ის სიყვარული,
სიფაქიზე და ერთგულება, რაც უფლისგან მოდის, მას მოახმარო. შენ უნდა
ემსახურებოდე შენს სამშობლოს და არა საკუთარ თავს!..
ანა კალანდაძე
ჟურნალი 'რეიტინგი'