13:00:58     22-01-2014
ტარყაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ - რატომ დუმს ნანუაშვილი? (ვიდეო)
![a27578.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a27578.jpg)
ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტს აცნობა რომ ამ ეტაპზე, უჩა ნანუაშვილი თავს იკავებს კომენტარი გააკეთოს ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე.
პრესსამსახურის წარმომადგენლის, ანი თამაზაშვილის განცხადებით: „ბატონმა უჩამ გადაწყვიტა რომ ჯერ არანაირი კომენტარი არ გააკეთოს მოკლულის მშობლების განცხადებაზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ საქმის შესწავლა არ მოხდება“.
შეგახსენებთ რომ რუსთაველზე მოკლული 23 წლის ზურა ტარყაშვილის მშობლები, მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილედ მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძეს, მინდია გოგოჭურს ასახელებენ, რომელიც ადრე მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.
ოჯახის თქმით, იმის გამო რომ გოგოჭურს მარგველაშვილი მფარველობს, პროკურატურა დამნაშავეს ბრალს არ უყენებს.
მათი თქმით, პროკურორები პირად საუბრებში ადასტურებენ რომ გოგოჭური ერთ-ერთი მკვლელია, თუმცა, აცხადებენ რომ მისთვის ბრალის წაყენება არ შეუძლიათ.
გუშინწინ, ტარყაშვილის მშობლებმა მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრებიც გაავრცელეს, სადაც ჩანს, თუ როგორ გარბის მკვლელობის ადგილიდან მარგველაშვილის შვილობილის, მაშო ჩიჩუას ქმარი (ასე უწოდებს პრეზიდენტი მაკა ჩიჩუას შვილს), მას შემდეგ, რაც მკვლელობის იარაღს აგდებს ქუჩაში.
აღსანიშნავია რომ რამდენიმე კვირის წინ, მოკლულის მშობლები პირადად შეხვდნენ სახალხო დამცველ ნანუაშვილს და დეტალურად ჩააყენეს საქმის კურსში, გამოძიების მიმდინარეობისა და დამნაშავეების შესახებ.
შეხვედრის დროს, უჩა ნანუაშვილმა ტარყაშვილის მშობლებს ურჩია რომ გაეხმაურებინათ მკვლელობის დეტალები და საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ რომ მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძე, მინდია გოგოჭურია.
თუმცა, დღეს, სახალხო დამცველი პროკურატურას საჯაროდ არც კი მოუწოდებს რომ საქმე ობიექტურად, მიუკერძოებლად გამოიძიოს.
ნანუაშვილის წარმომადგენელმა, ანი თამაზაშვილმა გვითხრა რომ სახალხო დამცველი იმის განმარტების გაკეთებასაც არ აპირებს, თუ რატომ იკავებს თავს ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებისგან.
შეგახსენებთ რომ ოჯახის თქმით, ზურა ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს 5-მა პირმა: დავით რუსიშვილმა, მინდია გოგოჭურმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა და დავით ჯოხაძემ მოკლეს. ის ბრმა შურისძიების მსხვერპლი გახდა.
ხუთიდან მხოლოდ ორი - გოგბერაშვილი და რუსიშვილია დაპატიმრებული. აგლაძე დაუსწრებლად გაასამართლეს, მარგველაშვილის შვილობილის ქმარ გოგოჭურსა და წულუკიანის მეგობრის ბიძაშვილ დავით ჯოხაძეს კი მკვლელობის ბრალი არ აქვთ წაყენებული.
გოგოჭურის მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ, მოკლულის ოჯახმა მოგვიანებით, მას შემდეგ შეიტყო, რაც მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა მოიპოვა. ისინი ვიდეო-მასალას ამ დღეემში ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს გადაუგზავნიან - ექსპერტიზის ჩასატარებლად და კადრებში დაფიქსირებული პირების იდენტიფიკაციის მიზნით.
0