15:52:41     21-01-2014
უგრეხელიძე: ხელისუფლებამ დაინახა რომ თბილისელებს ჩამქრალი ანძა არ მოეწონათ (ინტერვიუ)

თბილისისი ანძის გათიშვა პოლიტიკური განხილვის თემაა. ნაციონალები და მეოცნებეები ერთხმად თანხმდებიან, რომ თბილისის ანძის ჩაბნელება 90-იან წლებში დაბრუნების ტოლფასია. დღეს გაირკვა, რომ ანძის გამორთვის გადაწყვეტილება თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს ეკუთვნის, რომელიც ამ ფაქტს მომავალი წლის ბიუჯეტის არდამტკიცებით ხსნის.
„პრესა.ჯი“ სევდია უგრეხელიძეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისთვის დაუკავშირდა.
„პრესა.ჯი“: თბილისის ანძის ჩაბნელების გამო, პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, არ არის გამორიცხული, რომ დაკითხვაზე თქვენც დაგიბარონ...
სევდია უგრეხელიძე: მე გამოვთქვი იდეა, რომ თუ ეს ანძა არ არის საჭირო, მართლაც ჩავაქროთ და გავიგოთ, ხალხს სურს ამ ანძის განათება, თუ არა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ აქცია. მოვუწოდებ პროკურატურას, ამ საკითხზე დამკითხოს.
თბილისის ტელე-ანძის გარე-განათების ციმციმების დროებითი გათიშვა იყო ერთ-ერთი შენიშვნა, ქალაქ თბილისის საკრებულოსთვის იმის გამო რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ამ დრომდე არ იქნა დამტკიცებული.
ეს ნიშნავდა იმას რომ თუ ამ ანძის გარე-განათებების ციმციმებს რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება თანდათანობით ჩაქრება. განათებული თითქმის მხლოდ ანძის წვერია. ვიმეორებ: ეს იყო ერთგვარი აქცია. დაავანონსეთ კიდეც, ეს არის მსოფლიოში მიღებული ხერხი, როცა უნდათ რაიმეზე მიაპყრონ საზგადოების ყურადღება.
- ანძის გამორთვის საკითხზე საქართველოს მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მერიის გადაწყვეტილება შანტაჟის და საბოტაჟის მცდელობად შეაფასა...
- ეს იყო პროვოკაციული განცხადება. ეს იყო სტალინური მუხლით და ტერმინოლოგიით გაკეთებული განცხადება. მათ სურთ ხელების გადაგრეხვა თბილისის მერიისთვის. ეს იყო შიხიაშვილის დაკვეთა საქართველოს მთავრობისადმი, რათა მას ძალის დემონსტრირება მოეხდინა.
- საქაერონავიგაციის ინფორმაციით, თბილისი ანძის გათიშვამ სანავიგაიო შუქურის გამორთვა გამოიწვია, რის შედეგადაც ფრენების უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნა...
- განსაკუთრებით მაოცებს საქაერონავიგაციის განცხადება, თვითონვე აცხადებს, რომ ეს შუქურა 2007 წლიდან მათ არ ჰქონიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ შუქურას ვერც ჩავრთავდით და ვერც გამოვრთავდით.
ისინი ან ცრუობენ ან არიან ზეწოლის ქვეშ, რათა შეთითხნონ მორიგი სისხლის სამართლის საქმე, ჩვენი ერთ-ერთი სამსახურის უფროსის წინააღმდეგ.
სისხლის სამართლის დანაშაული დგება იქ, როდესაც კანონი ირღვევა. აქ კი, კანონი არ დარღვეულა. ჩვენ კომპეტენციაშია გარე გაფორმებითი ღონისძიებები.
ხელისუფლებამ ახლა მაინც დაინახა რომ თბილისელებს ჩამქრალი ანძა არ მოეწონათ... ჩვენც სწორედ იგივეს ვარწმუნებდით საკრებულოს.
0