13:08:50     17-01-2014
ბარნოვი: რა უნდა გიპასუხოთ ამ სისულელეზე?

"ამაზე დიდი სისულელე ბოლო პერიოდში არაფერი მომისმენია", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრო ბარნოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
ანდრო ბარნოვი: დილიდან მირეკავენ ჟურნალისტები და მართლა არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. რა უნდა გიპასუხოთ ამ სისულელეზე? რატომ უნდა გაკეთებინა ეს ადმინისტრაციას, საკუთარი ჯიბიდან იხდიდა ვინმე?".
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, შექმნის დღიდან, ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩის #1-ში რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიაა, აღმოჩენილია ბუნებრივი აირის უკანონოდ დატაცების ფაქტი.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შპს "ყაზტრანსგაზი თბილისის" უსაფრთხოების სამსახურის მიერ გეგმური შემოწმების შედეგად გამოვლინდა მრიცხველის გვერდით ავლით შეყვანილი გაზის მილი.
"დატაცება, სავარაუდოდ, ადმინისტრაციის შექმნის დღიდან ხდებოდა და
ბუნებრივი გაზი, სასადილოსა და დამხმარე ნაგებობებს ხმარდებოდა.
სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვეში დაახლოებით 5-6 000 ლარის
ბუნებრივ აირს მოიხმარდა. შედგენილია ადმინისტრაციული აქტი, დალუქულია
ობიექტი და მიმდინარეობს იქ დადგმული სიმძლავრეების დადგენა, რათა ზუსტად
განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა. დაკისრებული ჯარიმა სახელმწიფო
უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა გადაიხადოს",- ამბობს მინისტრის მოადგილე.
0