მარინა ბერიძეს ქართული შოუბიზნესი აუჯანყდა მარინა ბერიძეს ქართული შოუბიზნესი აუჯანყდა />


  12:01:38     17-01-2014

მარინა ბერიძეს ქართული შოუბიზნესი აუჯანყდა

a27490.jpg

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის, მარინა ბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინიციატორები არიან მომღერლები ეკა კვალიაშვილი, კახა კუხიანიძე და მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ–ერთი დამფუძნებელი, ნანა თხელიძე.

ეკა კვალიაშვილის დაპირისპირებას მარინა ბერიძესთან დიდიხნის ისტორია აქვს. მათი უთანხმოება ჯერ კიდევ "არტ იმედის" პერიოდიდან დაიწყო.

ეკა კვალიაშვილი: მარინა ბერიძის დამოკიდებულება მომღერლების და განსაკუთრებით ჩემ მიმართ ყველამ კარგად იცის. "არტ იმედში" ყოფნის პერიოდშიც აკეთებდა ასეთ რაღაცეებს. 10 წელია ერთი და იგივე გრძელდება, ახლა ვფიქრობდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ ჩემთვის პირადად არაფერი შეცვლილა და ეს ჩემს თავმოყვარეობაზეც მოქმედებს, ჩემს შემოსავალზეც. ამის მოთმენა აღარ შეიძლება! მარინა ბერიძეს უფლება არ აქვს, ჩვენს შემოქმედებას შეეხოს. ამდენი წელია პროფესიონალი მომღერალი ვარ, სცენაზე ვდგავარ. ადრე თქვა ჩემზე, კვალიაშვილი, როგორც მომღერალი, ვერ შედგაო. მერე თქვა, როცა არ ვარგიხარ, ხმა არ უნდა ამოიღო, რადგან არავის სჭირდებიო. ვის უბედავს?!
წლების განმავლობაში ნაცმოძრაობის გამო ყველა დაშინებული იყო და ხმას ვერავინ იღებდა. მე მაშინაც ვამბობდი რაღაცას, სხვები კი დუმდნენ. ახლა კი ყველამ ამოიღო ხმა, რადგან ხალხს უფრო მეტი თავისუფლება აქვს, რომ სამართლიანობისთვის იბრძოლოს. ჩემსავით გაბრაზებული ძალიან ბევრია. სისულელეები დაგვიწერეს – მანიფესტაციების მოწყობას აპირებენო. მანიფესტაციების ღირსია მარინა ბერიძე?!
ხელოვან ადამიანებს, კარგ მომღერლებს წაართვა უფლება კონცერტზე გამოსვლის! ამბობს, მე არ ვწყვეტ ასეთ საკითხებსო, მაგრამ შიგნიდან სხვა ხმები გამოდის. ახლა ხომ არ გავიცანი მარინა ბერიძე, "არტ იმედიდან" მოყოლებული, ვიცი, რას აკეთებდა, რა კლანური სიტუაცია შექმნა და როგორ აურდაურია ყველაფერი. მომღერლები ერთმანეთს გადაჰკიდა. ერთი ამოსწია, მეორე ჩასწია და ა.შ.
...
კახა კუხიანიძე 10 წელია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტებიდან "აფსაიდშია" დარჩენილი. არ ეგონა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც იგივე განმეორდებოდა, მაგრამ ისევ სცენის მიღმა აღმოჩნდა. კულტურის სამინისტროში მარინა ბერიძესთან სცადა დალაპარაკება და საქმის გარკვევა, მაგრამ უშედეგოდ.
კახა კუხიანიძე:
– ზუსტად 10 წელია ვითმენ, რომ სახელმწიფო ღონისძიებებზე არ მეპატიჟებიან. მაქვს სურვილი, ვიყო საახალწლო თუ რაიმე ღონისძიებაზე, სადაც შეგიძლია გამოჩნდე და შენი შემოქმედება მიაწოდო მსმენელს, მაყურებელს. 10 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა. ყოველ წელს ვცდილობდი, გამერკვია, თუ რატომ არ ვიყავი ასეთ ღონისძიებებზე, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდი.
მეგონა, წელს რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ... მაქვს ამბიცია, რომ ვმონაწილეობდე კონცერტებში, რადგან გამაჩნია ნიჭი და უნარი, ვიყო განსხვავებული, ასევე – მაქვს განსხვავებული ხმის ტემბრი. მე ვარ პროფესიონალი და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შემიძლია მქონდეს ჩემი ნიშა.
გადავწყვიტე, უფრო კარგად გამერკვია, რა ხდებოდა. ტელეფონი ავიღე და დავრეკე კულტურის სამინისტროში. მარინა ბერიძეს რომ უთხრეს, მე ვრეკავდი, ისეთი წივილ–კივილი დაიწყო, რომ წარმოუდგენელი იყო მასთან საუბარი. გავარკვიე, რომ სწორედ მარინა ბერიძემ შეადგინა მომღერალთა სიები... იმ სატელეფონო ზარიდან ერთი კვირის შემდეგ ერთ–ერთ გაზეთში გამოქვეყნდა მარინა ბერიძის ინტერვიუ, სადაც საშინელი სიტყვებით გამლანძღა, რომ ვარ უვარგისი, უნიჭო და რომ არ შემიძლია ბენდთან ერთად მღერა. ამ დროს დღემდე ბენდთან ერთად ვატარებ კონცერტებს კლუბში. ორკესტრთან ერთადაც ბევრჯერ მიმღერია. შეუძლია გადაამოწმოს! მაგალითად, რომა რცხილაძეს ჰკითხოს, რომლის ბენდთან ერთად ბევრჯერ მქონია კონცერტი.
– ერთ–ერთ ინტერნეტგამოცემას თქვენზე უთხრა, არ ვიცი, ვინ არისო.
– ჩემზე თუ მაგას ამბობს, მისი შეცდომაა, რადგან კულტურის სამინისტროში მუშაობს. აქამდეც, როცა უნდოდა, მეუბნებოდა გამარჯობას და როცა უნდოდა – არა. ძალიან გავღიზიანდი. ასეთ შეურაცხყოფას მარინა ბერიძეს კი არა, არავის ვაპატიებ! ეკა კვალიაშვილზეც იგივე თქვა და კიდევ ბევრ სხვაზეც. მან შესაფერისი პასუხი მიიღო, რომ უნდა დატოვოს პოსტი. არ შეიძლება ასეთი ცინიზმით ემსახუროს კულტურის სფეროს და მუშაობდეს კულტურის სამინისტროში. უნდა დატოვოს პოსტი და უნდა შეწყვიტოს იმის კეთება, რასაც აკეთებს – შავი სიების შედგენა და ა.შ. ჩემი აზრით, ყველამ, კარგი მომღერალია თუ ცუდი, თავისი საქმე საქვეყნოდ უნდა აკეთოს და მერე თავისთავად გამოირჩევა, ვინ არის კარგი მომღერალი და ვინ – დაბალი დონის, რომელსაც ასევე ეყოლება თავისი მსმენელი.
– წლების წინ ირაკლი ჩარკვიანსაც ასეთივე პრეტენზია ჰქონდა მარინა ბერიძესთან. მაშინ ბერიძემ გვითხრა, ჩარკვიანი თავისთავად კარგი მუსიკოსია, მაგრამ – სპეციფიკური, ამიტომ კონკრეტული კონცერტის დროს მისი გამოყვანა შეუძლებელიაო. მართლაც ხომ არ შეიძლება ყველა კონცერტზე ყველამ იმღეროს?
– გასაგებია, რასაც მეკითხებით, მაგრამ ამჟამად საახალწლო კონცერტზე კეთდება უცხოური სიმღერების, ანუ ქავერების "გადმოკატავება". ქართველი მომღერლები მღერიან და კეთდება ტრიოები, დუეტები, კვარტეტები... რომელი და რა ფორმატის სიმღერა არსებობს, რომელსაც შეიძლება მე ვერ მოვერგო და, მით უმეტეს, უცხოურს?!
– საქართველოში უამრავი მომღერალია. ვიღაც აუცილებლად დარჩება უკმაყოფილო იმით, რომ კონცერტზე არ გამოიყვანეს.
– გასაგებია, მაგრამ 10 წელია არც ერთი გალა თუ საახალწლო კონცერტი არ მღირსებია. თუ მსგავს ღონისძიებებში 10 წელიწადში ერთხელ მაინც არ მიიღე მონაწილეობა, ვერ მიიღებ რეიტინგს.
ზუსტად ვიცით, რომ მარინა ბერიძე აკეთებს საახალწლო კონცერტებს, ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს, თუმცა თვითონ ამბობს, მე არაფერში ვერევი და ეს ყველაფერი აბსურდიაო.
...
"სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენელი ნანა თხელიძე საკმაოდ შემტევად არის მომართული. ის აპირებს, ოფიციალურად მოითხოვოს გამოძიება, როგორ ანაწილებდა კონცერტებისა თუ ღონისძიებებისათვის გამოყოფილ სახელმწიფო ხარჯებს მარინა ბერიძე და სად მიდიოდა ფული.
ნანა თხელიძე: ყველა მომღერალი ელოდება ახალი წლის ღამეს, რომ კონცერტში მონაწილეობა მიიღოს. აღმოჩნდა, რომ ირმა სოხაძე, "სეიშენი", აჩიკო ნიჟარაძე, ეკა კვალიაშვილი, "რონდო", თამთა ჭელიძე, თიკა ჯამბურია და ბევრი სხვა ნიჭიერი მომღერალი ამ კონცერტში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
– საქართველოში უამრავი მომღერალია. ხომ არ შეიძლება ყველამ მიიღოს მონაწილეობა?
– ეკა კვალიაშვილი ყველაა?! მარიკა თხელიძე ყველაა?! მას საქართველოს სახელი ათასჯერ აქვს საზღვარგარეთ გატანილი, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. დიახ, ყველა მომღერალი უნდა მონაწილეობდეს და ბევრ ადგილას უნდა ტარდებოდეს საახალწლო კონცერტი, თუნდაც სხვადასხვა ქალაქებში და, თუ სწორად დაგეგმავ, გამოვა. დავინტერესდი, რატომ არ მღეროდნენ ეს მომღერლები და აღმოჩნდა, რომ ამ სიას ადგენს მარინა ბერიძე. მართალია, ის უარყოფს, რომ ამ სიებთან კავშირშია, მაგრამ როგორ შეიძლება არაფერ შუაში იყოს კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი?! ეს უშუალოდ მისი კომპეტენციაა. თან ამ კონცერტს კულტურის სამინისტრო აფინანსებს. მაშინ ფულს ვის უხდიან, არ იციან?! ეს ხომ სახელმწიფო თანხაა და არა – ინვესტორის?
მერიამ განაცხადა, სია კულტურის სამინისტროში შედგაო და ასეც უნდა ყოფილიყო. მერიის წარმომადგენელმა ნეკა სებისკვერაძემ თქვა, რომ მერია იხდის თანხებს მხოლოდ განათებაში, სცენასა და საორგანიზაციო საკითხებში. ჩავეძიე და გავარკვიე, რომ სიმღერების შერჩევას და ჩაწერას აწარმოებენ აჩიკო გულედანი და ვახო ბაბუნაშვილი. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ერთ დღეში აფუძნებენ ფირმას და მეორე დღეს მილიონობით თანხას იღებენ.
მინდა, გამოიძიონ, მარინა ბერიძე როგორ ანაწილებდა კონცერტებისა თუ ღონისძიებებისათვის გამოყოფილ სახელმწიფო ხარჯებს და წლების განმავლობაში სად მიდიოდა ფული. მაშინაც კულტურის სამინისტროში მუშაობდა და დღესაც ასეა. მომღერლებს შეურაცხყოფა მიაყენა! სატელევიზიო თუ ბეჭდურ მედიაში პირდაპირ ამბობს, ნიჭიერ მომღერალს კონცერტში ჩასმა არ სჭირდებაო. ვკითხულობ, მარიკა თხელიძე უნიჭოა? ეკა კვალიაშვილი უნიჭოა? "სეიშენი" უნიჭოა? ირმა სოხაძე უნიჭოა? აჩიკო ნიჟარაძე უნიჭოა, რომელმაც უცხოეთიდან სამჯერ ჩამოიტანა გრან პრი?
– მართლა დაემუქრეთ მარინა ბერიძეს, გავლახავ და თმით ვითრევო?
– კი, ვთქვი, ისე გავლახავ, რომ ხელები დაემტვრეს და ახალგაზრდა მომღერლებს თავი დაანებოს და თავისი ხელები აღარ შეახოს–მეთქი. ჯერ კულტურის მინისტრს მივმართავ, რადგან გურამ ოდიშარიას დიდ პატივს ვცემ. უამრავი ადამიანი გვირეკავს და გვეუბნება, მარინა ბერიძე მათზე როგორ ზემოქმედებას ახდენდა და როგორ უშლიდა ნერვებს. შევაგროვებთ ხელმოწერებს, რომ გაათავისუფლონ. მარინა ბერიძე აცხადებს, ჩემი ჩარეცხვა უნდათო. სიტყვა "ჩარეცხილები" მიშა სააკაშვილმა საზოგადოების ყველაზე კარგი წარმომადგენლების მისამართით იხმარა. მარინა ბერიძეს ვეუბნები, ჩვენ მისი ჩარეცხვა არ გვინდა, მან უნდა იტივტივოს. ჩარეცხილობა მაგისთვის ძალიან დიდი პატივია. დატოვოს კულტურის სამინისტრო და იტივტივოს! მარინა ბერიძის სქემამ არსებობა უნდა შეწყვიტოს!
...
"სარკე" მარინა ბერიძეს დაუკავშირდა. მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, პრესასთან ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებო და კულტურის სამინისტროში გადაგვამისამართა. კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ირმა ცქიტიშვილი შეგვპირდა, რომ ამ თემაზე კომენტარს მინისტრის მოადგილე, ბადრი ბაგრატიონ–გრუზინსკი გააკეთებდა, მაგრამ ამაოდ გვალოდინა.
რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე

0

ავტორი: